რა ვიცით პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით უკრაინაში, მოლდოვაში, საფრანგეთსა და გერმანიაში?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

პარტიების აკრძალვა
133
VIEWS

14 მაისს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია იმედმა გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი, რომელიც ევროპულ ქვეყნებში პარტიების აკრძალვას ეხება და რომლითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის “ორმაგ სტანდარტზე” მიუთითებს. პოსტი შეხება ელჩის განცხადებას, რომ “პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა”. მედია განცხადებას ურთავს ინფორმაციას 4 ევროპული ქვეყნის – უკრაინის, მოლდოვის, გერმანიისა და საფრანგეთის შესახებ. უკრაინის შემთხვევაში წერს, რომ ქვეყანაში უკლებლივ ყველა, 12 ოპოზიციური პარტიაა აკრძალული, მოლდოვამ აკრძალა ოპოზიციური პარტია “შორი”, გერმანიამ უმსხვილესი ოპოზიციური პარტია ექსტრემისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა, ხოლო საფრანგეთში ოპოზიციონერ მარინ ლე პენს ბრალი წარუდგინეს და პოლიტიკური მოღვაწეობა აუკრძალეს. 

 პარტიების აკრძალვა

“იმედი” ევროპულ ქვეყნებში პარტიების აკრძალვაზე არსებულ ფაქტებს პაველ ჰერჩინსკის განცხადებას უკონტექსტოდ ურთავს, უკრაინაზე კი ინფორმაციას არასწორად ავრცელებს: 

  • უკრაინაში ყველა ოპოზიციური პარტია აკრძალული არ არის. ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ აკრძალვის გადაწყვეტილება შეეხო არა მთავრობისთვის არასასურველ, არამედ პრორუსულ პარტიებს; 
  • მოლდოვის სასამართლომ ქვეყნიდან გაქცეული პრორუსი ოლიგარქის პარტია “შორი” ასევე რუსული კავშირების გამო ცნო არაკონსტიტუციურად, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა პარტიის წევრებს, რომლებსაც დამოუკიდებელ კანდიდატად ან სხვა პარტიის წევრის სტატუსით სურდათ კენჭისყრა;
  • საფრანგეთში მარინ ლე პენი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ევროკავშირის ფონდების მითვისებასა და არამიზნობრივად გამოყენებაში, რის გამოც, დროებით, არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს, თუმცა ახალ არჩევნებამდე პოლიტიკური საქმიანობა შეუძლია განაგრძოს; 
  • გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტია ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა, რადგან, კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზე პასუხმგებელი სააგენტოს განცხადებით, წევრებს “ადამიანების შესახებ ეთნიკურ და წარმომავლობაზე დაფუძნებული წარმოდგენები” აქვთ, რაც დემოკრატიულ წესრიგს არ შეესაბამება. გერმანიის ნაცისტური წარსულის გამო აღნიშნული წარმოდგენები პოლიტიკური პარტიის მხრიდან პრობლემურია.
  • აკძალულია თუ არა უკრაინაში “უკლებლივ ყველა” ოპოზიციური პარტია? 

ტელეკომპანია იმედი ამტკიცებს, რომ უკრაინაში ყველა ოპოზიციური პარტია არის აკრძალული. გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც პროსახელისუფლებო მედია წერს, უკრაინაში 2022 წლის მაისში მიიღეს. მას შემდეგ, რაც რადამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, 13 მაისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს პრორუსულ პარტიებს, რომლებიც ანტიუკრაინულ საქმიანობას ეწევიან.  

რეალურად, უკრაინაში საქმიანობა შეუჩერდათ არა იმ პარტიებს, რომლებიც არასასურველი იყო მთავრობისთვის, არამედ მათ, ვინც უკრაინასთან ომში მყოფ რუსეთთან იყო დაკავშირებული. 2022 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საქმიანობა შეუჩერეს შემდეგ პარტიებს: 

  • ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის (ОПЗЖ)
  • შარიას პარტია (Партія Шарія)
  • ჩვენები (Наші)
  • ოპოზიციური ბლოკი (Опозиційний блок)
  • მემარცხენე ოპოზიცია (Ліва опозиція)
  • მემარცხენე ძალების კავშირი (Союз лівих сил)
  • სახელმწიფო (Держава)
  • უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტია (Прогресивна соціалістична партія України)
  • უკრაინის სოციალისტური პარტია (Соціалістична партія України)
  • სოციალისტები (Соціалісти)
  • ვოლოდიმირ სალდოს ბლოკი (Блок Володимира Сальдо)  

აღსანიშნავია, რომ ამ პარტიების საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო ხელმოწერილი კანონის საფუძველზე, რომელიც რუსეთთან კავშირებს კრძალავს. ჩამოთვლილი პარტიებიდან უმსხვილესი პლატფორმა “სიცოცხლისთვის” არის. ის კრემლთან დაახლოებული ვიქტორ მედვედჩუკის დაფუძნებულია. მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პირი და ვლადიმირ პუტინის შვილის ნათლიაა, უკრაინაში სანქცირებული, სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმში ბრალდებული იყო. უკრაინამ ის მაშინ დააკავა, როდესაც ქვეყნიდან გაქცევასა და რუსეთში წასვლას გეგმავდა. მოგვიანებით მედვედჩუკი აზოვის მცველებში გაცვალეს.  

 პარტიების აკრძალვა
მედვედჩუკი და პუტინი. ფოტო: TASS

2024 წელს უკრაინაში კიდევ ერთი პრორუსული ოპოზიციური პარტია, “ჩვენი რეგიონი” (Наш край) აიკრძალა. უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, მათი წევრები ეჭვმიტანილები არიან რუსეთთან თანამშრომლობაში. პარტიის ლიდერები მონაწილეობდნენ უკრაინის წინააღმდეგ დივესრიულ საქმიანობაში – ავრცელებდნენ ანტიუკრაინულ პროპაგანდას და მოუწოდებდნენ კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობისკენ. 

ტელეკომპანია იმედის მტკიცება, რომ უკრაინამ “უკლებლივ ყველა” ოპოზიციური პარტია აკრძალა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამჟამად უკრაინის რადაში შემდეგი პარტიები საქმიანობენ

  • “ხალხის მსახური” (Слуга народу); (მმართველი პარტია)  
  • “მომავლისთვის” (За майбутн); (მმართველი პარტიის მხარდამჭერი) 
  • “ნდობა” (Довіра);  (მმართველი პარტიის მხარდამჭერი) 
  • “ევროპული სოლიდარობა” (Європейська солідарність); (პეტრო პოროშენკოს პარტია) 
  • “სამშობლო” (Батьківщина); (იულია ტიმოშენკოს პარტია) 
  • “ხმა”  (Голос)

უკრაინის რადაში ფრაქციებს შორის მანდატები ამგვარად არის განაწილებული

  • პოლიტიკური პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქცია – 232 მანდატი 
  • პარტია “მამულის” ფრაქცია – 24 მანდატი 
  • პარტია “ევროპული სოლიდარობის” ფრაქცია – 27 მანდატი 
  • მეცხრე მოწვევის რადაში არსებული საპარლამენტო პარტია “ხმა” – 20 მანდატი 
  • ჯგუფი “პარტია მომავლისთვის” – 17 მანდატი 
  • ჯგუფი “ნდობა” – 19 მანდატი 
  • ჯგუფი “სიცოხლისა და მშვიდობის პლატფორმა” – 21 მანდატი 
  • ჯგუფი “უკრაინის აღდგენა” – 17 მანდატი 
  • ფრაქციებთან არააფილირებული დეპუტატები – 23 მანდატი 

“მითების დეტექტორი” უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული პარტიებისა და მედიის აკრძალვის შესახებ წარსულშიც წერდა

  • რატომ აკრძალა მოლდოვამ ილან შორის პარტია? 

იმის დასამტკიცებლად, რომ ევროკავშირის ელჩი “ორმაგი სტანდარტით” მოქმედებს, ტელეკომპანია იმედი წერს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა მოლდოვამ ოპოზიციური პარტია “შორი” აკრძალა. რეალურად, 2023 წელს მოლდოვის სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო პარტია, რომელიც ქვეყნიდან გაქცეულ პრორუს ოლიგარქს, ილან შორს ეკუთვნის. შორის მხარდაჭერილ აქციებს რუსეთის დაზვერვა მოლდოვაში დესტაბილიზაციისთვის იყენებდა.  

ილან შორს, რომელსაც დასავლური მედია მოლდოვაში “კრემლის კაცს” უწოდებს, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეებზე 15 წლით პატიმრობა აქვს შეფარდებული. მაშინ, როდესაც შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი, შორი ისრაელში გაფრინდა და ქვეყანაში პროევროპელი პრეზიდენტის, მაია სანდუს წინაღმდეგ აქციების ორგანიზება დაიწყო. მოლდოვური სამსახურების ცნობით, აქციები იყო პრორუსული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა, ქვეყანაში პროევროპული მთავრობა კრემლის მხარდამჭერი მთავრობით შეეცვალა. რუსეთთან კავშირების გამო, შორი სანქცირებულია ბრიტანეთის, ამერიკისა და ევროკავშირის მიერ.  

პარტიის აკრძალვის მიუხედავად, 2023 წელს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა “შორის” იმ წევრებს, რომლებსაც დამოუკიდებელ კანდიდატად ან სხვა პარტიის წევრის სტატუსით სურთ კენჭისყრა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოლდოვაში პოლიტიკურ საქმიანობას ამ დრომდე ეწევიან სხვა პრორუსი პოლიტიკოსები – მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელსაც მხარს პრორუსული მოლდოვის სოციალისტური პარტია (PSRM) უჭერდა. 

მოლდოვაში პარტიების აკრძალვისა და აღნიშნულზე ევროკავშირის “დადებითი შეფასებების” შესახებ მტკიცება წარსულში პრემიერმა, ირაკლი კობახიძემაც გაიმეორა. 

  • მარინ ლე პენის საქმე 

2025 წლის მარტში პარიზის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებისა და არამიზნობრივი გამოყენების საქმეზე დამნაშავედ ცნო. მას პოლიტიკურ თანამდებობის დასაკავებლად კენჭისყრა 5 წლით აეკრძალა. ასევე, სასამართლომ მას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 100 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. 4 წლიდან 2 ალტერნატიული სახის პატიმრობა იქნება.   

როგორც სასამართლომ დაადგინა, 2004 წლიდან 2016 წლამდე ულტრამემარჯვენე პარტია “ეროვნული გაერთიანება” (რომელსაც ადრე “ეროვნული ფრონტი” ერქვა) სტრასბურგსა და ბრიუსელში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის გამოყოფილ თანხებს ითვისებდა და საფრანგეთში საკუთარი პარტიის წევრების ანაზღაურებისთვის იყენებდა. საფრანგეთში მყოფ წევრებს ევროპარლამენტში შესრულებულ სამუშაოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. სასამართლომ დაადგინა, რომ ამან ევროპული ფონდებისთვის, დაახლოებით, 4.8 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი გამოიწვია. ლე პენი, რომელიც 2004 წლიდან ევროპარლამენტის წევრი იყო, ხოლო 2011 წლიდან პარტიის ხელმძღვანელი, დამნაშავედ ცნეს, დაახლოებით, 474 000 ევროს ღირებულების 8 ფიქტიური კონტრაქტის დადებაში, თუმცა, მათივე ცნობით, ლე პენი “ყალბი სამსახურების” მეტად ფართო სქემის ცენტრში იმყოფებოდა.   

მარინ ლე პენმა განაჩენი გაასაჩივრა და მისი აღსრულება ყველა სააპელაციო პროცედურის ამოწურვამდე არის გადადებული. მას ასევე შეუძლია მუშაობის გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება. ახალ არჩევნებში ის მონაწილეობას ვერ შეძლებს. 

  • გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია AfD 

2025 წლის მაისში გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა ულტრამემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელმა სააგენტომ (BfV) განაცხადა, რომ გადაწყვეტილება “ინტენსიური და ყოვლისმომცველი” შემოწმების შედეგად მიიღეს. 

“ადამიანების შესახებ ეთნიკურ და წარმომავლობაზე დაფუძნებული წარმოდგენა, რომელიც პარტიაში არის დომინანტური, თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგს არ შეესაბამება. მისი მიზანია, გამორიცხოს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები საზოგადოებაში თანაბარი მონაწილეობისგან, დააწესოს მათზე კონსტიტუციის დამრღვევი მოპყრობა და ამით მიანიჭოს მათ იურიდიულად დაქვემდებარებული სტატუსი”. – აღნიშნავს BfV.  

ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადება ავტომატურად არ იწვევს პარტიის აკრძალვას, თუმცა, გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ AFD გერმანიის ხელისუფლების ახლო მეთვალყურეობის  ქვეშ იქნება. აკრძალვის განხილვისას ყოფილმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ საკითხი “ნაჩქარევი არ უნდა იყოს”. ახალი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი AfD-ს აკრძალვის მიზანშეწონილობაზე სკეპტიკურად არის განწყობილი. მისი სიტყვებით, ეს მისთვის “ძალიან ჰგავს პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას”.  

  • საქართველოს კონტექსტი და ჰერჩინსკის განცხადება 

13 მაისს ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა და დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიზნად ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ისახავს. ცვლილებები “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონებში შევიდა. ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობა ექნება, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.  

“ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა პოლიტიკური ოპონენტის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გასასამართლებლად სჭირდებოდა. ენმ-ის აკრძალვა მთავრობის წინასაარჩევნო დაპირება იყო. არჩევნების შემდეგ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მმართველი პარტია აპირებს, არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს ყველა პარტია, რომელსაც თავად მიიჩნევს ენმ-ის “მემკვიდრედ” და “სატელიტად”. ამ ტერმინებით “ქართული ოცნება” არაერთ ოპოზიციურ პარტიას აფასებს, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებენ და ცესკოს შედეგების საფუძველზე მე-11 მოწვევის პარლამენტში არ შესულან. ამჟამად “ქართული ოცნება” საკანონმდებლო ორგანოში “ხალხის ძალასთან” ერთად საქმიანობს, რომელსაც “ქართული ოცნებიდან” 2022 წელს წამოსული პოლიტიკოსები წარმოადგენენ. “ხალხის ძალა” 2024 წლის არჩევნებში ქართული ოცნების სიით იღებდა მონაწილეობას

სწორედ პარტიების ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი და თქვა

ჩვენ ძალიან აქტიურად ვაკვირდებით, რა ხდება საქართველოში. როგორც უკვე ვთქვი, ევროკავშირი ეფუძნება ძალიან მკაფიო პრინციპებს, ერთ-ერთი ასეთი პრინციპია დემოკრატია, რომელიც გულისხმობს მრავალპარტიულ სისტემას. ეს ნიშნავს მოქალაქეების შესაძლებლობას, შექმნან პოლიტიკური პარტიები, რათა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში. პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა. ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები, რაც მოსალოდნელია – არის დიალოგი. ადამიანები აკეთებენ დათმობებს და ქმნიან საერთო პოზიციას, რომელიც ეფუძნება გაგებას, ტოლერანტობას, ევროკავშირისკენ სვლას და სამწუხაროდ, ეს არ არის ის, რაც საქართველოში ხდება”.  

ამის საფუძველზე იმედი ამტკიცებს, რომ ელჩს “ორმაგი სტანდარტები” აქვს და საინფორმაციო ბარათზე მანიპულაციურად ურთავს მონაცემებს ევროპული ქვეყნების შესახებ: უკრაინაში ყველა ოპოზიციური პარტია აკრძალული არ არის, არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზეზი რუსული კავშირები იყო და ზელენსკის “ხალხის მსახური” მანდატებს ოპოზიციონერებთან ერთად ინაწილებს, მოლდოვაში აკრძალული პარტია კი, რომელსაც იმედი ახსენებს, კრემლთან დაკავშირებულ პრორუს ილან შორს ეკუთვნის. რაც შეეხება ფრანგ პოლიტიკოს ლე პენს, ის სასამართლომ თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და სწორედ ამიტომ, დროებით ეზღუდება არჩევნებში მონაწილეობა. გერმანული ულტრამემარჯვენე პარტიის AFD-ს აკრძალვის თემას სკეპტიკურად უყურებს თავად გერმანიის კანცლერი, ის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა გამოაცხადა, რომელიც სადაზვერვო ორგანოა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთი და გერმანია ლიბერალური დემოკრატიებია – V-Dem-ის მონაცემებით, ამ ინდექსით გერმანია 1-დან 0.79-ით ფასდება, ხოლო საფრანგეთი 0.8-ით. საქართველოს შეფასება ლიბერალური დემოკრატიის ინდექსით 0.33-ია. გარდა ამისა, დასავლეთ ევროპის ამ ორ ქვეყანაში ფუნქციონირებს ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტები. ზემოთ მოყვანილი შემთხვევების უმრავლესობაში საქმეებზე გადაწყვეტილება გამოიტანეს სასამართლოებმა, რომლებიც სხვადახვა ინდექსით მაღალ შეფასებას იმსახურებს – მაგალითად, გერმანიის შეფასება სასამართლოს ანგარიშვალდებულების მიმართულებით მაქსიმალური 4-დან 3.78-ია, საფრანგეთის – 2.93, ხოლო საქართველოსი – 0.64. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მუქარას საქართველოს დასავლელი პარტნიორები ქვეყანაში მზარდი ანტი-დემოკრატიული რიტორიკის ნაწილად მიიჩნევენ. გარდა ევროკავშირის ელჩისა, “ქართული ოცნების” დაპირებაზე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით “ღრმა შეშფოთება” გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. ვენეციის კომისიის მიხედვით, პარტიის აკრძალვის ან დაშლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ ღია და სამართლიანი სასამართლოს პრინციპებზე დაყრდნობით. მათივე ცნობით, პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა უნდა იყოს გამონაკლისი შემთხვევა, პროპორციულობის პრინციპის დაცვითა და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით, რომ პარტია მთლიანობაში და არა მისი ცალკეული წევრები, არაკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევიან. 


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist