რა ვიცით LDL, HDL ქოლესტერინისა და სტატინების შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ქოლესტერინი
169
VIEWS

28 ოქტომბერს სოციალურ ქსელში ქოლესტერინის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. პოსტში ავტორი ამტკიცებს, რომ მაღალი ქოლესტერინი (განსაკუთრებით LDL) დაავადების ნიშანი არ არის და პირიქით, მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმი აქტიურად ებრძვის სხვადასხვა ინფექციას. პოსტის მიხედვით, LDL ქოლესტერინი (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) იმუნური სისტემის „ჯარისკაცია“, რომელიც მას ბაქტერიებისა და პარაზიტებისგან იცავს, ხოლო ქოლესტერინის დაწევა სტატინებით აღწერილია, როგორც „სხეულის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი“. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ადამიანები, ვისაც მაღალი LDL აქვთ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ და რომ ექიმები შეცდომით ებრძვიან ქოლესტერინს. 

ქოლესტერინი

ინფორმაცია, თითქოს LDL („ცუდი ქოლესტერინი“) ჩვენი „იმუნური ჯარისკაცია“ და რომ სტატინების მიღება „იმუნურ სისტემას ანადგურებს“, შეცდომაში შემყვანია.   სინამდვილეში, სამეცნიერო მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ LDL ქოლესტერინი ზრდის ათეროსკლეროზის, გულის შეტევის და ინსულტის რისკს. მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიულ კვლევებში LDL ნაწილაკები შესაძლოა ბაქტერიულ ტოქსინებს დაუკავშირდნენ, რეალურ პირობებში არ დადასტურებულა, რომ მაღალმა LDL-მა ადამიანები ინფექციებისგან დაიცვა ან სიკვდილიანობა შეამცირა. 

LDL (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) ხშირად „ცუდ“ ქოლესტერინად მოიხსენიება, რადგან მისი მაღალი დონე სისხლძარღვებში ფოლაქების დაგროვებას უწყობს ხელს, რაც სისხლძარღვებს ავიწროებს და სისხლის მიმოქცევას აფერხებს. HDL (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) პირიქით, „კარგი“ ქოლესტერინია, რადგან ის ხელს უწყობს LDL ქოლესტერინის ღვიძლში დაბრუნებას. HDL ქოლესტერინის ჯანსაღი დონე ხელს უშლის სისხლის შედედების, ამცირებს  გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს.

ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში დაფიქსირდა, რომ LDL ნაწილაკებს შეუძლიათ ბაქტერიული ტოქსინების (ლიპოპოლისაქარიდების LPS) „დაჭერა“ და ანთებითი რეაქციის შესუსტება. ცხოველურ ექსპერიმენტებში LDL-ის არარსებობა მართლაც იწვევდა ტოქსინების დაგროვებასა და ანთების გაძლიერებას. თუმცა ადამიანებზე ჩატარებულმა დიდმა კვლევებმა სხვა შედეგი აჩვენა. 2025 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ (European Heart Journal Open) დააფიქსირა, რომ დაბალი LDL-ის მქონე ადამიანებში როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული ინფექციით ჰოსპიტალიზაციის რისკი მეტი იყო. ამავე კვლევაში გამოყენებული იყო ე.წ. მენდელის რანდომიზაციის მეთოდი, რომელიც გენეტიკურ საფუძველზე აანალიზებს LDL-ის დონეს. როცა LDL-ის დონე დაბალი იყო არა ცხოვრების წესის გამო, არამედ გენეტიკურად, შედეგები შეიცვალა. ზოგიერთ შემთხვევაში დაბალი LDL ასოცირდებოდა ბაქტერიული ინფექციების დაბალ რისკთან, ხოლო ვირუსულ ინფექციებში, პირიქით, მაღალთან. ეს ნიშნავს, რომ LDL-ის გავლენა შესაძლოა განსხვავებული იყოს ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების შემთხვევაში და ერთმნიშვნელოვნად „დამცავი როლი“ არ დადასტურებულა.

შესაბამისად, მეცნიერები დღეს თანხმდებიან, რომ ლაბორატორიულ დონეზე LDL ნამდვილად აკავებს ბაქტერიულ ტოქსინებს და ამცირებს მათ ტოქსიკურ ეფექტს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაღალი LDL ადამიანს ინფექციებისგან იცავს.

  • იწვევს თუ არა LDL გულის დაავადებებს და საჭიროა თუ არა სტატინების მიღება?

პოსტში გავრცელებული მტკიცება, თითქოს „LDL არ იწვევს გულის დაავადებებს“, არ შეესაბამება სიმართლეს. LDL-ის როლი ათეროსკლეროზის განვითარებაში დადასტურებულია როგორც გენეტიკური, ისე კლინიკური და რანდომიზებული კვლევებით. LDL-ის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) ზედმეტი რაოდენობა იწვევს ქოლესტერინის დაგროვებას სისხლძარღვების კედლებში, რაც დროთა განმავლობაში წარმოქმნის ფოლაქებს და ავიწროებს სისხლძარღვებს. ეს პროცესი ათეროსკლეროზის საფუძველს წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ინფარქტისა და ინსულტის რისკს ზრდის.  მრავალი კვლევა, მათ შორის The Lancet-ის მეტაანალიზები, აჩვენებს, რომ LDL-ის შემცირება  ყოველი 1 mmol/L-ით გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 20-25%-ით ამცირებს. 

მართალია, ბევრ ადამიანს შეუძლია ქოლესტერინის ნორმალური მაჩვენებლის შენარჩუნება ჯანსაღი კვებითა და რეგულარული მოძრაობით, მაგრამ ყველასთვის ეს საკმარისი არ არის. ზოგიერთ ადამიანს, გენეტიკური ან სხვა ჯანმრთელობის მიზეზების გამო, დამატებით სჭირდება ქოლესტერინის დამაქვეითებელი მედიკამენტები, მათ შორის სტატინები. სწორედ ამიტომ American Heart Association (AHA) და European Society of Cardiology (ESC) რეკომენდაციას უწევენ სტატინებს იმ ადამიანებისთვის, ვისაც მაღალი ქოლესტერინი ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი აქვთ. თანამედროვე სამედიცინო სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ სტატინები არ არის საკმარისი და საჭიროა სხვა პრეპარატებიც, რომლებიც ორგანიზმს ქოლესტერინის კონტროლში ეხმარება.

სტატინები ან სხვა მედიკამენტები განსაკუთრებით აუცილებელია იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვთ ძალიან მაღალი LDL ქოლესტერინი ან ჰიპერქოლესტერინემია (FH). თუ მკურნალობა არ ჩატარდა, ქოლესტერინი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო იმატებს და მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკს. გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებში სისხლძარღვები უკვე შეიძლება შევიწროვებული იყოს ქოლესტერინის ფოლაქების გამო. ქოლესტერინის დამაქვეითებელი მედიკამენტები კი ახალი ინფარქტის ან ინსულტის რისკს ამცირებს.

ასევე, შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებში შემცირებულია „კარგი“ ქოლესტერინის (HDL) დონე და გაზრდილია „ცუდის“ (LDL) რაოდენობა, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს კიდევ უფრო ზრდის. გარდა ამ ჯგუფებისა, მედიკამენტები შეიძლება სჭირდებოდეთ იმ ადამიანებსაც, ვინც მაღალი რისკის ქვეშ არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მხრივ.

შეფასება, რომ „სტატინები ბლოკავენ ჰორმონებს და კლავენ ენერგიას“, გადაჭარბებულია. უახლესი კვლევები, მათ შორის 2025 წლს მაისში გამოქვეყნებული, აჩვენებს, რომ სტატინებს არ აქვთ იმუნიტეტის დამთრგუნველი ეფექტი, პირიქით, მათ შესაძლოა ჰქონდეთ მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო და იმუნური სისტემის მარეგულირებელი მოქმედებაც. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ სტატინებით მკურნალობა ამცირებს ანთების ბიომარკერებს, რაც ხელს უწყობს სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

ასევე, 2025 წელს ჟურნალში Frontiers in Immunology გამოქვეყნებულმა კოჰორტურმა კვლევამ აჩვენა, რომ სეფსისის მქონე პაციენტებში სტატინებით მკურნალობა ასოცირდება სიკვდილიანობის 39%-ით შემცირებასთან, რაც ასევე ეწინააღმდეგება მტკიცებას, თითქოს ეს მედიკამენტები არღვევენ იმუნურ ფუნქციას.

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist