15 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ამერიკელი ეკონომისტის, ჯეფრი საქსის, ინტერვიუ გავიდა, სადაც საქსმა რამდენიმე პრორუსული და ანტიამერიკული გზავნილი გააჟღერა:
- აშშ იწვევს სხვადასხვა რეგიონში კონფლიქტებს
- ბუქარესტის სამიტზე უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში მიღების პირობა იყო დასავლეთის პროვოკაცია რუსეთის მისამართით
- აშშ-მა ჩაშალა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები
- აშშ-ს არ ადარდებს საქართველოს ბედი, რეალურად აშშ და რუსეთი ეთამაშებიან ერთმანეთს დიდ საჭადრაკო დაფაზე
კავკასიის რეგიონზე საუბრისას საქსმა ასევე დადებითად შეაფასა 3+3 ფორმატი და ჩინეთის სხვადასხვა ეკონომიკური ინიციატივები და ინვესტიციები. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომზე საუბრისას საქსი რუსეთის პროპაგანდისტულ ტერმინს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” იყენებს. საქსი ასევე თვლის, რომ ყირიმის ანექსია გამართლებულია.
იმედთან ინტერვიუს შემდეგ ჯეფრი საქსის კომენტარები აქტიურად გაშუქდა და გავრცელდა სხვა მედიაშიც. მხოლოდ იმედმა სხვადასხვა ფეისბუქ-გვერდზე,ТV Imedi (1,2,3,4,5,6), რადიო იმედი (1,2,3), IMEDINEWS (1,2), TV Imedi – ახალი ამბები, ჯეფრი საქსის კომენტარების დამატებით 12 პოსტი გამოაქეყნა. ხოლო საქსის სხვა ინტერვიუ, ტაკერ კარლსონთან, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და რუსთავი 2-მა გააშუქეს.
სხვადასხვა ჯგუფში აქტიურად გავრცელდა ინტერვიუსთან დაკავშირებით სახელისუფლებო ექსპერტის გია აბაშიძის შეფასებაც.
17 დეკემბერს პარტია “ხალხის ძალის” წევრმა სოზარ სუბარმა ჯეფრი საქსის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა საქსს ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობა შესთავაზა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ღია წყაროებში მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. ამ დროისთვის ცნობილია რიგი პირების ვინაობა, რომლებსაც ტრამპი თავის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე განიხილავს, თუმცა მათ შორის ჯეფრი საქსი არ არის. აღსანიშნავია, რომ ტრამპის წინა პრეზიდენტობის დროს ჯეფრი საქსი მას აქტიურად აკრიტიკებდა და ერთ-ერთი ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყველაზე ცუდი პოლიტიკური ლიდერი იყო. ტრამპის ხელმეორედ არჩევის შემდეგ საქსს ის ასე მწვავედ არ გაუკრიტიკებია, თუმცა აღნიშნა, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადი ბუნების გამო რთულია პრეზიდენტობის დროს მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროგნოზირება და მის პრეზიდენტობას დადებითი და უარყოფითი ასპექტები ექნება. საქსმა აღნიშნა, რომ ერთი დადებითი ასპექტი შესაძლოა უკრაინაში ომის დასრულება იყოს, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში ტრამპის პოლიტიკა შეიძლება უარესი აღმოჩნდეს.
-
ჯეფრი საქსს ანტიამერიკული გზავნილები კრემლის მედიაშიც გაუჟღერებია
ჯეფრი საქსის მიერ იმედთან ინტერვიუში გაჟღერებული კრემლისტური ნარატივები ამერიკელ ეკონომისტს წარსულშიც არაერთხელ გაუჟღერებია. ნიშანდობლივია, რომ საქსი ხშირად ყოფილა კრემლის პროპაგანდისტის, უკრაინაში შეჭრის და ომის აქტიური მხარდამჭერის ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში სტუმრად. საქსმა ასევე რამდენჯერმე მისცა ინტერვიუ რუსეთის “პირველ არხს”. ბოლო პერიოდში ამერიკულ მედია სივრცეში საქსი აქტიურად ჩნდება ტაკერ კარლსონთან ინტერვიუებში (1,2,3). მისი კომენტარები ასევე ხშირად ხვდება კრემლის პროპაგანდისტულ მედიაში (1,2,3).
საქსის მიერ კრემლის ნარატივის გატარება უყურადღებო არც დასავლურ პრესაში და უკრაინაში დარჩენილა. 2023 წლის იანვარში Wall Street Journal-ში საქსისა და კიდევ ორი ამერიკელი აკადემიკოსის შესახებ ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევრის, ადრიან კარატნიკის სტატია გამოქვეყნდა სათაურით “პუტინის ამერიკელი გულშემატკივრები”. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქსი ხშირად ჩნდება სოლოვიოვის ეთერში, დასავლეთს რუსეთის პროვოკაციაში ადანაშაულებს და მხარს უჭერს ომის დასრულებას უკრაინის მხრიდან ტერიტორიის დათმობის ხარჯზე.
“აშშ-ის თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება მიმდინარე მოვლენებზე აზრი გამოხატოს და ექსპერტები თავისუფალნი არიან, კითხვა დაუსვან პროუკრაინულ პოზიციებს, რომელსაც ამერიკელების უმრავლესობა იზიარებს, მაგრამ თანამშრომლობა ოფიციალურ პროპაგანდისტებთან, რომლებიც ტაშს უკრავენ მასობრივი სამხედრო დანაშაულების ჩამდენ სახელმწიფოს სხვა საკითხია” – აღნიშნულია სტატიაში.
-
ვინ და რატომ აკრიტიკებს ჯეფრი საქსს?
2023 წლის მარტში ბერკლის უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნდა საქსის ესეებზე ვრცელი, კრიტიკული წერილი, რომელსაც ხელს 300-ზე მეტი ეკონომისტი აწერს. (ამჟამად წერილი ბერკლის უნივერსიტეტის საიტზე ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ხელმისაწვდომია მისი საარქივო ვერსია და ასევე იმავე დღეს Vox Ukraine-ზე გამოქვეყნებული ვერსია)
“ჩვენ ვართ ეკონომისტების ჯგუფი, ბევრი უკრაინელის ჩათვლით, რომლებიც აღშფოთებული იყვნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე თქვენი განცხადებებით და გადაწყვიტეთ, დაგვეწერა ეს ღია წერილი, რათა პასუხი გაგვეცა თქვენს მსჯელობაში ისტორიული ფაქტების დამახინჯებასა და ლოგიკური ხარვეზებზე”. – ვკითხულობთ წერილში.
ჯეფრი საქსი გამოცემა Тhe Hill-ზე გამოქვეყნებულ წერილში გააკრიტიკა უკრაინის პარლამენტის წევრმა, ოლეგ დუნდამაც.
ამ ორ წერილში გამოყოფილია რიგი ნარატივები და ამ ნარატივების ხარვეზები, რომლებიც საქსის ესეებსა თუ სატელევიზიო კომენტარებში ხშირად ჩნდება. იგივე კრემლისტური ნარატივები გამოიკვეთა “იმედთან” საქსის ინტერვიუშიც.
საქსი ფაქტობრივად უგულებელყოფს უკრაინის და საქართველოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნებას დასავლური კურსის არჩევისას. მისი შეფასებით, ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება, რეალურად, აშშ-ის სურვილი იყო და საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომებს აშშ-ს აბრალებს.
“საბოლოოდ ნატო-ს საქართველოსა და უკრაინაში გაფართოების სურვილი იყო ის, რამაც საქართველოში (2010) და უკრაინაში (2014-იდან დღემდე) ომები გამოიწვია” – წერს საქსი. (საქსის ესეში საქართველოში ომის თარიღად 2008-ის ნაცვლად 2010-ია მითითებული).
ჯეფრი საქსი რუსეთის აგრესიაში მთლიანად ნატო-ს ადანაშაულებს, რითაც პირდაპირ იმეორებს კრემლის ნარატივს. ის ასევე არასწორად უკავშირებს უკრაინაში 2014 წელს დაწყებულ პროტესტს ალიანსში ინტეგრაციის მისწრაფებას. ეკონომისტების წერილში აღნიშნულია, რომ 2013-2014 წლის ევრომაიდნის პროცესები ასოცირების შეთანხმებაზე უარის შემდეგ დაიწყო და ნატო-ში ინტეგრაცია ამ პროცესების დღის წესრიგის ნაწილი არ ყოფილა.
კონფლიქტის გადაჭრის გზა, რომელსაც საქსი გვთავაზობს ფაქტობრივად თანხვედრაშია რუსეთის სურვილებთან. ის ასევე ამართლებს რუსეთის ტერიტორიულ პრეტენზიას ყირიმის ნახევარკუნძულზე. მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო.
“მშვიდობის საფუძველი ნათელია. უკრაინა უნდა იყოს ნეიტრალური, არა-ნატოს წევრი ქვეყანა. ყირიმი დარჩეს რუსეთის ნაწილად და შავი ზღვის ფლოტის ბაზად, რომელიც ის 1783 წლიდან იყო. პრაქტიკული გადაწყვეტა მოიძებნება დონბასისთვის, როგორიცაა ტერიტორიული დაყოფა, ავტონომია ან ზავის ხაზი” – წერს საქსი.
ეკონომისტების ღია წერილში, ეს გეგმა მკაცრად არის გაკრიტიკებული და აღნიშნულია, რომ რეალურად არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ამ დათმობების შემდეგ რუსეთი გაჩერდება.
ერთ-ერთ ინტერვიუში საქსი იმასაც ამბობდა, რომ პუტინისთვის კგბ-ს ყოფილი პოლკოვნიკის და მკვლელის, ბანდიტის დაძახება ისეთი ვულგარობა და უპასუხისმგებლობაა, რომლებიც ყველას სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს.
საქსი ხშირად ამბობს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დასავლეთმა ჩაშალა. ეს ნარატივი არამხოლოდ იმეორებს კრემლის პროპაგანდას, არამედ დეზინფორმაციულიცაა. ამაზე New York Time-ს გამოძიება მეტყველებს. გამოცემამ შეისწავლა, როგორც მოლაპარაკებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ასევე ესაუბრა 10-ზე მეტ ოფიციალურ პირს უკრაინიდან, რუსეთიდან და დასავლეთიდან. NYT-ის გამოძიებიდან იკვეთება, რომ ეს მოლაპრაკაბები რუსეთის პირობების მიუღებლობის და მათ მის მიმართ ნდობის არ არსებობის გამო ჩაიშალა. რუსეთის წამოყენებული პირობები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს არ იძლეოდა.
საქსის მიერ ხშირად გაჟღერებული ნარატივები, თითქოს დასავლეთს ყოველთვის სურდა რუსეთის განადგურება და ნატო და უკრაინა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, მსხვერპლად წარმოაჩენს სახელმწიფოს, რომელიც მეზობელ ქვეყნებში ომებს იწყებს და მათი ტერიტორია ოკუპირებული აქვს.
ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისა საქსი იყენებს კრემლის პროპაგანდისტულ ტერმინს “სპეციალური სამხედრო ოპერაცია”.
-
საქსის დამოკიდებულება ჩინეთთან
ჯეფრი საქსმა “იმედთან” ინტერვიუში დადებითად შეაფასა ჩინეთის ეკონომიკური ინიციატივები და როგორც კრემლისტური ნარატივების შემთხვევაში, ამერიკელი ეკონომისტი ჩინეთსაც ხშირად განიხილავს პოზიტიურ ჭრილში.
2022 წელს ჯეფრი საქსმა მდგრადი განვითარებისთვის ტაივანის დაწესებული თანგის პრემია მიიღო. 2023 წელს ჯილდოს ლაურეატების ლექციისა და პრესკონფერენციის შემდეგ ტაივანურმა გამოცემამ Тaiwannews-ზე საქსზე კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქსი პეკინისა და კრემლის პროპაგანდას ავრცელებდა.
Taiwannews-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ თანგის პრემიის მიღებით მიღებული პლატფორმა საქსმა ჩინეთის ქებისა და კრემლის პროპაგანდის გავრცელებისთვის გამოიყენა. საქსმა ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმის კომისია საქმიანობა შეაქო და აღნიშნა, რომ “ეს ისაა, რაც მთავრობებს სჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმის კომისია ჩინეთში სოციალური კრედიტის სისტემას განაგებს. ეს სისტემა კი ინდივიდების, კომპანიების და სახელმწიფო სტრუქტურების აკვირდება და ჩინეთის კომუნისტური პარტიის თვალში მათ სანდოობას აკვირდება.
ის ასევე ხშირად ყოფილა ჩინეთის სამთავრობო მედიის CGTN-ის სტუმარი. გამოცემა Аirmail-თან მიმოწერაში საეჭვო მედია პლატფორმებთან თანამშრომლობაზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას საქსმა აღნიშნა, რომ თანამოსაუბრეთა ფართო სპექტრში კომუნიკაციის არხების ღიაობის სჯეროდა.