2024 წლის სექტემბერში “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არაერთი განცხადება გააკეთეს 14 მილიარდი ევროს შესაძლო მიღების შესახებ, რასაც მათი მტკიცებით, ქართული ოცნება ბლოკავს. როგორც პოლიტიკოსები განმარტავდნენ, მათი გამარჯვების შემთხვევაში უზრუნველყოფენ, რომ საქართველომ დაიწყოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები, რაც ქვეყანას 14 მილიარდ ევროზე წვდომას მოუტანს.
განცხადებებმა გააჩინა კითხვები, თუ რომელ ფონდს ან ფონდებს გულისხმობენ პოლიტიკოსები, რადგან ფონდი, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდია, არა ერთ ქვეყანაზე, არამედ 7 ბენეფიციარზე 2021-2027 წლებში ნაწილდება. “მითების დეტექტორთან” კომენტარში კოალიციის წევრებმა განმარტეს, რომ 14 მილიარდი ევრო მათ მიერ გამოთვლილი მიახლოებითი თანხაა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდე რეფორმების გასატარებლად სჭირდება და რომლის მოზიდვასაც ისინი შეძლებენ. მათ კონკრეტული ფონდები, რომლებზე წვდომაც საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებისთანავე ექნება და ქვეყანას 14 მილიარდ ევროს მიაღებინებს, არ დაუსახელებიათ. შესაბამისად, პოლიტიკოსების მიერ თავდაპირველად გაკეთებული განცხადებები შეცდომაში შემყვანია და არ ემთხვევა შემდგომ გაკეთებულ განმარტებებს. “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” დაპირებისა და შემდგომი განმარტებების შესახებ დეტალებს ქვემოთ მიმოვიხილავთ.
-
€14 მილიარდი – რა თქვეს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა?
10 სექტემბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო აღწერით: “14 მილიარდი ევრო საქართველოსთვის”. ვიდეოში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე საუბრობენ €14 მილიარდზე, რომელზეც, მათი განმარტებით, საქართველოს წვდომა ექნება, თუ 26 ოქტომბერს არჩევნებში ისინი გაიმარჯვებენ. როგორც ბოკუჩავამ განმარტა, ისინი გახსნიან ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას და “ამ მომენტიდან” საქართველოს წვდომა ექნება გაწევრიანების €14 მილიარდიან ფონდზე, რომელსაც საქართველო დღეს ხელიდან უშვებს, რადგან “ივანიშვილი ბლოკავს ევროინტეგრაციის პროცესს”.
“ჩვენ გპირდებით, რომ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, არჩევნების გამარჯვებისთანავე გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. ამ მომენტიდან საქართველოს ექნება წვდომა ევროკავშირის გაწევრიანების 14 მილიარდიან ფონდზე. ეს არის ის ფონდი, რომელზე წვდომასაც ახლა ბლოკავს ივანიშვილი. ეს არის 14 მილიარდი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებმა გაწევრიანების სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენეს, მაგალითად, იმისთვის, რომ დაეფინანსებინათ სკოლების თუ საავადმყოფოების მშენებლობა, დაეფინანსებინათ საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც არიან, მაგალითად, დევნილები, სუბსიდირება მომხდარიყო სხვადასხვა კომუნალური გადასახადების მოწყვლადი ოჯახებისთვის, დაეფინანსებინათ ათასობით სტუდენტისთვის საპროგრამო გაცვლები საზღვარგარეთ.” – განაცხადა ბოკუჩავამ.
გიორგი ვაშაძე ვიდეოში ასევე აღნიშნავს, რომ “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია, ეს თანხა ქვეყანას ძალიან სწრაფად მოუტანოს.
“14 მილიარდ ევროს ბლოკავს დღეს ქართული ოცნება. ხალხო, ეს ხომ კოლოსალური თანხაა, €14 მილიარდი. წარმოიდგინეთ უბრალოდ, ამ თანხამ რა შეიძლება გააკეთოს საქართველოში. ეს 14 მილიარდი ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ, ისინი კი ბლოკავენ ამას. 26 ოქტომბერს, მათ შორის თქვენ მიდიხართ არჩევნებზე და ირჩევთ – გვინდა €14 მილიარდი საქართველოსთვის თუ არ გვინდა €14 მილიარდი და მხოლოდ ისინი იყვნენ მდიდრები და ხალხი იყოს უკიდურეს გაჭირვებაში…”- ამბობს ვაშაძე.
მომდევნო დღეებში ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ დაასახელებს ფონდებს, “როგორც კი ირაკლი კობახიძე მობრძანდება პირდაპირ ეთერში”, ხოლო თუ ის უარს იტყვის დებატებზე, ჟურნალისტებს მიაწვდის ინფორმაციას ამ ფონდების შესახებ – “ცოტა უფრო დიდი ფონდებია, ვიდრე წარმოგიდგენიათ”.
შემდგომში 14 მილიარდის შესახებ მედიასთან პარტიის არაერთმა წარმომადგენელმა ისაუბრა (1;2), მათ შორის იყო პაატა მანჯგალაძემაც, რომელმაც ბრიფინგზე გაიმეორა, რომ პარტია გამარჯვების შემთხვევაში დაჩქარებული წესით დაიწყებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას, რასაც მოჰყვება საქართველოს დაუყოვნებლივი წვდომა 14 მილიარდზე.
“ჩვენი დაპირება არის რეალური, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მოვიტანთ 14 მილიარდს, ანუ წვდომა ექნება საქართველოს 14 მილიარდ ევროზე. ეს არის რეალური, ეს არის კონკრეტული ევროპული ფონდი, რომელიც გაწევრიანებამდე, იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს ადმინისტრაციული, ეკონომიკის მიმართულებით, სოციალური მიმართულებით რეფორმები, ამისთვის განსაზღვრული არის €14 მილიარდი. მე მესმის ქართული ოცნების, მათ არ აქვთ კომპეტენცია, თან არც უნდათ, რომ ეს €14 მილიარდი შემოვიდეს საქართველოში და ჩვენ ამ 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ რეალურად. ასევე, მზად ვართ, თუ რომელიმე ქართული ოცნების წარმომადგენელი, მათ შორის, კალაძე, პაპუაშვილი ან ვინმე ამბობს, რომ ეს არ შეიძლება, დავუჯდეთ დებატებში და ხალხის თვალწინ ავხსნათ, თუ როგორ მოვიტანთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 14 მილიარდს საქართველოსთვის, ზუსტად იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეს აქვს – დასაქმებისთვის, განათლების სისტემისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ეს რომ რეალურია, ყველამ იცის, მაგალითად, სამტრედია-გრიგოლეთის გზა დღეს შენდება სწორედ ევროპული ფონდებით. ეს გზა გაიარა ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ისინი რომ დღეს განვითარებული და კეთილდღეობის მაღალი სტანდარტის ქვეყნები არიან, განაპირობა სწორედ მსგავსმა ევროპულმა დახმარებებმა და ფონდებმა. ეს არის რეალური. ქართული ოცნება კეტავს, ბლოკავს ამ შესაძლებლობას და ჩვენ 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად გავხსნით ამ შესაძლებლობას, რადგან დაჩქარებული წესით დავიწყებთ მოლაპარაკებას და მოლაპარაკების პროცესს მოჰყვება 14 მილიარდიან ფონდზე საქართველოს დაუყოვნებლივი წვდომა. ეს არის რეალობა“. – თქვა პოლიტიკოსმა.
როგორც ვიდეოჩანაწერში ისმის, ჟურნალისტმა მანჯგალაძეს დაუსვა კითხვა, თუ რომელ ფონდზე საუბრობს ის – ასევე ახსენა ფონდი, რომლითაც თანხა რამდენიმე წელზეა განაწილებული და ბენეფიციარები სხვა ქვეყნებიც არიან. თუმცა, კითხვის საპასუხოდ პოლიტიკოსს არ დაუსახელებია კონკრეტული ფონდი ან ფონდები, რომლებიდანაც €14 მილიარდის მოზიდვას აპირებენ.
დამატებით კითხვაზე, შეძლებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ საქართველოსკენ მომართოს ის 14 მილიარდი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაზეა განაწილებული, პოლიტიკოსმა თქვა:
“ქართული ოცნების განცხადებებმა დაადასტურა, რომ მათ არ ესმით, თუ რაზეა საუბარი. გაწევრიანების პროცესი ნიშნავს, რომ საქართველო უკვე კონკრეტულ ვადაში უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს დამატებით წვდომას ევროპის არა მარტო სახელმწიფო ფონდებზე, არამედ ბიზნეს წრეებზე, რომელიც გაცილებით მეტი თანხა არის, ვიდრე კონკრეტული 14 მილიარდი და უფრო შორსაც წავიდეთ – ზუსტად ამ გზის მანძილზე პოლონეთმა მიიღო 245 მილიონი ევრო, რითაც დღეს პოლონეთი არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა”.
14 სექტემბერს პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ვასო ურუშაძემ ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ დათვალა პარტიამ 14 მილიარდი, განაცხადა, რომ ისინი საუბრობენ ფონდების ერთობლიობაზე და “ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფონდზე”.
შესაბამისად, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები საუბრობდნენ 14 მილიარდზე, რომელზეც, მათი ნაწილის მტკიცებით, საქართველოს ექნება წვდომა მას შემდეგ, რაც პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს. მათი თქმით, ქართული ოცნება ბლოკავს წვდომას 14 მილიარდზე, რადგან აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს.
-
IPA III – €14 მილიარდი ევროკავშირში გაწევრიანებამდე ქვეყნები დასახმარებლად
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადებების მოსმენით იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებობს კონკრეტული 14 მილიარდიანი ფონდი ან ფონდების ერთობლიობა, რომლებიდანაც ამ თანხის მოზიდვაა შესაძლებელი. მათი კომენტარების მიხედვით, თანხაზე წვდომა ქვეყანას გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების შემდეგ ექნება.
14 მილიარდიანი ფონდი ნამდვილად არსებობს, ევროკომისიის ვებ-საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ევროკავშირმა 2021-2027 წლებისთვის გაწევრიანების წინასწარი დახმარების ბიუჯეტი (IPA), რომელიც თითქმის 14.2 მილიარდ ევროს შეადგენს, 2021 წელს მიიღო. განმარტების მიხედვით, ბიუჯეტი გათვლილია კანდიდატი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატების მხარდასაჭერად ძირითად პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებში.
“ევროკავშირის გაწევრიანების წინა ფონდები არის ინვესტიცია როგორც გაფართოების რეგიონის, ასევე ევროკავშირის მომავლისთვის. ფონდები მხარს უჭერს ბენეფიციარებს საჭირო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, ამზადებენ მათ იმ უფლებებისა და ვალდებულებებისთვის, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას მოსდევს თან. აღნიშნულმა რეფორმებმა უნდა მისცენ მოქალაქეებს უკეთესი შესაძლებლობები და უზრუნველყონ ისეთი სტანდარტების შემუშავება, რომლებითაც ჩვენ, ევროკავშირის მოქალაქეები ვსარგებლობთ. წინასწარი გაწევრიანების ფონდები ასევე ეხმარება ევროკავშირს, მიაღწიოს საკუთარ მიზნებს, მათ შორის, მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობის, ენერგომომარაგების, ტრანსპორტის, გარემოს და კლიმატის ცვლილებებისა და სტაბილურობის მიმართულებით”. – ვკითხულობთ IPA-ს შესახებ განმარტებაში.
პროგრამა, რომლითაც ევროკავშირი გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებს ეხმარება, 2007 წლიდან მოქმედებს. 2007-2013 წლებისთვის IPA-ს ბიუჯეტი 11.5 მილიარდი ევრო იყო, IPA II-ის ბიუჯეტი 2014-2020 წლებისთვის – 12.8 მილიარდი ევრო. სწორედ მომდევნოა IPA III, რომლის ბიუჯეტიც 14.162 მილიარდი ევროთი განისაზღვრა.
თუმცა, ბიუჯეტი ერთი კონკრეტული ქვეყნისთის არ არის გათვლილი. ამჟამინდელი ბენეფიციარები არიან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.
წყარო: European Commission
ევროკომისიის ვებ-საიტზე ასევე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, თუ როგორ განაწილდა ქვეყნების მიხედვით IPA II-სა და IPA I-ის ბიუჯეტები. ცხრილებში ვხედავთ, რომ მთლიანი ბიუჯეტი ერთ რომელიმე კანდიდატ ქვეყანაზე არასდროს დახარჯულა.
ბიუჯეტი – IPA II და IPA III
შესაბამისად, IPA ნამდვილად ითვალისწინებს 2021-2027 წლებში თითქმის 14.2 მილიარდი ევროს ბიუჯეტს, თუმცა, ბენეფიციარი 7 ქვეყანაა, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები აქვთ დაწყებული. შესაბამისად, აღნიშული ბიუჯეტი ბენეფიციარ ქვეყნებზე ნაწილდება და ამ ფონდით რომელიმე მათგანს 14.2 მილიარდზე წვდომა არ აქვს.
-
რომელ ფონდებს გულისხმობენ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები?
მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერებმა 14 მილიარდსა და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ თანხაზე წვდომაზე გააკეთეს განცხადებები, გაჩნდა კითხვები, თუ რომელი ფონდიდან ან ფონდებიდან აპირებენ ისინი თანხის მოზიდვას. იმის გათვალისწინებით, რომ IPA III ფონდი ნამდვილად ითვალისწინებს 14 მილიარდიან ბიუჯეტს, თუმცა არა ერთი, არამედ რამდენიმე ქვეყნისთვის, კითხვით, თუ კონკრეტულად რომელ ფონდზე ან ფონდებზე საუბრობდნენ, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მივმართეთ.
თავდაპირველად “მითების დეტექტორი” ზურაბ ჭიაბერაშვილს დაუკავშირდა. მან განმარტა, რომ ევროკავშირი ეხმარება სახელმწიფოებს, რომლებსაც გაწევრიანება სურთ, შესაბამისად, საქართველოს მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ ექნება შესაძლებლობა, ევროკავშირის დახმარებით სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები განახორციელოს. მაგალითად, ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ Financial Times-ზე დაყრდნობით Guardian-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ახალი წევრებისთვის 250 მილიარდზეა საუბარი. აღნიშნული სტატია Guardian-მა 2023 წლის 4 ოქტომბერს ნამდვილად გამოაქვეყნა, თუმცა, მასში საუბარია, რომ ევროკავშირს 9 ახალი წევრის დამატება არსებულ წევრებს 250 მილიარდი ევრო დაუჯდებათ და ქვეყნები ფინანსური მიმღებებიდან კონტრიბუტორებად გადაიქცევიან. აღნიშნული ცხრა ქვეყნიდან ყველაზე დიდი უკრაინაა, რომელზეც 7 წლის განმავლობაში 186 მილიარდი ევრო იქნება გათვლილი.
“მითების დეტექტორი” ასევე ესაუბრა გიორგი ვაშაძეს. მისი თქმით, როდესაც პოლიტიკოსები 14 მილიარდზე საუბრობენ, არ გულისხმობენ IPA-ს 14 მილიარდიან ბიუჯეტს, რადგან პარტიამ დაითვალა დაახლოებითი თანხა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ევროპულ დონემდე მისაყვანად სჭირდება. მისივე განმარტებით, პარტიის პოლიტიკური განაცხადია, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ფონდებიდან 14 მილიარდ ევროს მოიზიდავენ.
“როცა ეს ფონდი შეიქმნა, მაშინ საქართველო თეორიულადაც კი არ მოიაზრებოდა, რომ შეიძლება კანდიდატი ქვეყანა ყოფილიყო. 2021 წელს საერთოდ საუბარი არ იყო, ჩვენ ვიყავით ასოცირებული წევრი და ვიყავით აბსოლუტურად სხვაგან. 2022 წელს შეიცვალა პოლიტიკური გარემოებები და საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი დიდი ბრძოლის და ჭიდაობის შედეგად. ამის შემდგომ შემდეგი ნაბიჯი არის გაწევრიანების მოლაპარაკება. გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სწორედ იმ ფინანსური რესურსების მობილიზება მოხდეს საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის. 14 მილიარდს ჩვენ ვითვლით დაახლოებით თანხას, რომელიც სჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ ამოვქაჩოთ და ევროპულ დონეზე მივიდეთ ეკონომიკური განვითარებისთვის. ანუ, ჩვენ გვჭირდება 14 მილიარდი, რომ ევროპული სტანდარტი იყოს განვითარების”. – ამბობს გიორგი ვაშაძე.
[…] ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გაწევრიანების მოლაპარაკებაზე გადასვლასთან ერთად ევროკავშირიდან, ზუსტად იმ ფონდებიდან, რომლებიც გამოიყოფა გაწევრიანების მიმართულებისთვის და სხვა სტრუქტურული ფონდებიდან, რომლებიც მიზნობრივად იხარჯება, ჩვენი პოლიტიკური განაცხადია, რომ, დაახლოებით, 14 მილიარდ ევროს მოვიზიდავთ საქართველოსთვის შემდგომი წლების მანძილზე რომ საქართველო მზად იყოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. 14 მილიარდი დათვლილი გვაქვს იქედან, რომ ჩვენ დაახლოებით ეს თანხა გვჭირდება, რომ დავეწიოთ გარკვეულ სტანდარტს ევროკავშირში”. – გვითხრა გიორგი ვაშაძემ.
პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა საკითხზე, თუ რამდენად შეუძლია საქართველოს 14 მილიარდის მოზიდვა და რამდენად რეალურია ეს გეგმა. მისი თქმით, გვაქვს კონკრეტული მაგალითი, როდესაც ბალკანეთის შემთხვევაში არსებობს 30 მილიარდიანი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს შემდეგი საკითხების მოგვარებას: მდგრადი ტრანსპორტირება, მწვანე ენერგია, გარემო და კლიმატი, ტექნოლოგიები და ტექნოლოგიური მიმართულების განვითარება, ადამიანური კაპიტალი, კერძო სექტორის განვითარება და ა.შ.
ინიციატივა, რომელზეც პოლიტიკოსი საუბრობს, 30 მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტია და ინვესტიციების მობილიზებას ისახავს მიზნად. დამატებით 1.2 მილიარდი ევროს საინვესტიციო პაკეტი დასავლეთ ბალკანეთის 6 ქვეყანაში ინფრასტრუქტურისა და მეწარმეობის მხარდასაჭერად ევროკომისიამ 2024 წლის ივლისში გამოაცხადა. 1.2 მილიარდი ევროს საინვესტიციო პაკეტი მოიცავდა IPA III-დან 300 მილიონი ევროს გრანტს. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში (სერბეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, ალბანეთი) ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა 2020 წლის ოქტომბერში მიიღეს და მისი მიზანი 7 წლის განმავლობაში 30 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მობილიზება, მათ შორის, IPA III-ის ბიუჯეტიდან 9 მილიარდის გრანტის გამოყოფაა. ამ დრომდე, ევროკავშირმა დაამტკიცა პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს 17.7 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მობილიზებასა და 5.4 მილიარდი ევროს ოდენობით ევროკავშირის გრანტს.
-
კონკრეტული ფონდი/ფონდები თუ პარტიის მიერ გამოთვლილი დაახლოებითი თანხა?
გიორგი ვაშაძეს ან პარტიის სხვა პოლიტიკოსს კონკრეტული ფონდები, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მქონე სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოსთვისაც იქნება გათვლილი, არ დაუსახელებიათ. ვაშაძის თქმით, €14 მილიარდი ის დაახლოებითი თანხაა, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება და ეს თანხა პარტიის წარმომადგენლებმა თავად დათვალეს. შესაბამისად, მათი პოლიტიკური დაპირება სხვადასხვა ფონდებიდან ამ სახსრების მოზიდვაა.
აღსანიშნავია, რომ ვაშაძის განმარტება წინააღმდეგობაში მოდის თავდაპირველად გაკეთებულ განცხადებებთან, მაგალითად, პაატა მანჯგალაძის შემდეგ სიტყვებთან: “ეს არის რეალური, ეს არის კონკრეტული ევროპული ფონდი, რომელიც გაწევრიანებამდე, იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს ადმინისტრაციული, ეკონომიკის მიმართულებით, სოციალური მიმართულებით რეფორმები, ამისთვის განსაზღვრული არის €14 მილიარდი”.
იმას, რომ მოლაპარაკებების დაწყების მომენტიდანვე საქართველოს 14 მილიარდიან ფონდზე ექნებოდა წვდომა, აღნიშნავდა თინა ბოკუჩავაც:
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, არჩევნების გამარჯვებისთანავე გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. ამ მომენტიდან საქართველოს ექნება წვდომა ევროკავშირის გაწევრიანების 14 მილიარდიან ფონდზე. ეს არის ის ფონდი, რომელზე წვდომასაც ახლა ბლოკავს ივანიშვილი. ეს არის 14 მილიარდი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებმა გაწევრიანების სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენეს”.
ვაშაძის განმარტება ასევე წინააღმდეგობაში მოდის მის მიერვე გაკეთებულ განცხადებასთან, რომელიც მედიაში 23 სექტემბერს გავრცელდა:
“15 დეკემბერს, როდესაც ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან საქართველოს სრულფასოვან წევრობაზე, ამოქმედდება 14 მილიარდ ევროიანი დახმარების პაკეტი, ფონდი, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას”.
ამრიგად, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა ნაწილი ფონდსა და ფონდებზე საუბრობდა, ამტკიცებდა, რომ ქართული ოცნება ბლოკავს წვდომას 14 მილიარდზე, რომელიც მოლაპარაკებების გახსნის შემთხვევაში საქართველოს ექნება. 14 მილიარდიანი ფონდი IPA III ნამდვილად არსებობს, თუმცა ის არა კონკრეტული ქვეყნისთვის, არამედ 7 ბენეფიციარისთვის 2021-2027 წლებშია გაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველ განცხადებებში საუბარი იყო კონკრეტულ ფონდსა და თანხაზე “დაუყოვნებლივ წვდომაზე”, “მითების დეტექტორთან” ინტერვიუში პოლიტიკოსებმა უარყვეს, რომ მათ განცხადებებში IPA-ს ბიუჯეტს ან კონკრეტულ ფონდს გულისხმობდნენ და განმარტეს, რომ 14 მილიარდი არის მათ მიერ გამოთვლილი თანხა, რომელიც საქართველოს განვითარებისა და წევრობისთვის მზადების პროცესში სჭირდება.