29 ივნისი-3 ივლისის პერიოდში ფეისბუქ-მომხმარებლებმა სხვადასხვა ჯგუფში (1, 2, 3, 4.) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უინსტონ ჩერჩილი იოსებ სტალინის 80 წლის იუბილის აღსანიშნავად, ეკლესიაში ფეხშიშველი მივიდა და წირვა აღავლინა. პოსტების მიხედვით, ეკლესიიდან იგი ბრიტანეთის თემთა პალატაში მივიდა, სადაც სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც სტალინზე მხოლოდ დადებით და აღმატებულად ისაუბრა. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ბრიტანელი პოლიტიკოსი საბჭოთა კავშირის აწ უკვე გარდაცვლილ ლიდერს უაღრესად ენერგიულ და ერუდირებულ პიროვნებად ახასიათებს, რომელსაც საუბრისას თავადაც კი ვერ უწევდა წინააღმდეგობას.
იდენტური პოსტი ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა მის პირად ანგარიშზე 7 აპრილს გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაცია, უინსტონ ჩერჩილის მიერ სტალინის მიმართ წარმოთქმული სიტყვის შესახებ ნაწილობრივ მცდარია. სტალინის საქებარი სიტყვა ჩერჩილმა მართლაც თქვა, თუმცა გავრცელებულ ფეისბუქ პოსტებში ბევრი რამ არის შეცვლილი. ამასთანავე, არ დასტურდება ინფორმაცია, თითქოს ბრიტანელი პოლიტიკოსი ეკლესიაში ფეხშიშველი მივიდა და სტალინის დაბადების 80 წლისთავის აღსანიშნავად წირვა აღავლინა.
უინსტონ ჩერჩილისა და იოსებ სტალინის ურთიერთობა და ურთიერთდამოკიდებულება საკმაოდ კომპლექსური საკითხია. მეორე მსოფლიო ომის დროს მათ მოუწიათ ერთმანეთის მოკავშირეები გამხდარიყვნენ და გარკვეულ საკითხებზე კომპრომისებზე წასულიყვნენ, თუმცა იქამდეც და ომის დასრულების შემდეგაც მათი ქვეყნები ერთმანეთის მტრებად იქცნენ. პირადად ჩერჩილს არასდროს დაუმალავს, რომ მას კომუნიზმი არ მოსწონდა და აქტიურად ებრძოდა კიდეც, თუმცა ამის მიუხედავად, მას არაერთხელ უსაუბრია დადებით კონტექსტში სტალინის მიმართ. ფეისბუქ პოსტებში გავრცელებული ინფორმაცია წარსულში ორგანიზაცია “ჩერჩილის საერთაშორისო საზოგადოებამ” იკვლია. ეს ორგანიზაცია, რომელიც 1968 წელს დაარსდა იკვლევს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური და პირადი ცხოვრების დეტალებს და მიზნად ისახავს მისი ისტორიული მემკვიდრეობის შენახვას მომავალი თაობებისთვის. 2015 წელს ორგანიზაციას ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორი შეეხმიანა და კითხა, მართალია თუ არა სტალინის დროის სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოლოტოვის წიგნში დაწერილი მტკიცება, თითქოს ჩერჩილმა 1959 წელს სტალინზე აღმატებულად ისაუბრა და მას არაჩვეულებრივად ენერგიული პიროვნება უწოდა. ორგანიზაციამ მათ ხელთ არსებული დოკუმენტებისა და ფაქტების გადამოწმების შედეგად ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა პასუხი, სადაც წერია, რომ ჩერჩილს 1959 წელს სტალინის შესახებ განცხადება საერთოდ არ გაუკეთებია. მეტიც, 1955 წლის შემდეგ იგი თემთა პალატაში საერთოდ არ გამოსულა სიტყვით. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ 1942 წელს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის რანგში მან მართლაც შეაქო სტალინი. ხაზგასასმელია, რომ 1942 წლის სიტყვა შინაარსობრივად საკმაოდ ჰგავს ფეისბუქზე გავრცელებულ ტექსტს და სავარაუდოდ სოციალური ქსელის მომხმარებლები სწორედ მის რედაქტირებულ ვერსიას ავრცელებენ.
| ფეისბუქზე გავრცელებული ტექსტი | ჩერჩილის მიერ 1942 წელს თემთა პალატაში გაკეთებული განცხადება |
| ‘’ბატონებო თუ გვინდა, დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს სათავეში, ჩვენი ვალია, ვიცოდეთ და ჯეროვნად შევაფასოთ ჩვენი მტრები, განსაკუთრებით გამოჩენილი პიროვნებები. დღეს ასეთად მინდა დავასახელო გენერალისიმუსი სტალინი. რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ქვეყანას მძიმე განსაცდელის ჟამს სათავეში ჩაუდგა გენიოსი და ურყევი მხედართმთავარი სტალინი. იგი იყო ყველაზე გამოჩენილი პიროვნება, რომელიც შეეფერებოდა ჩვენი ცვალებადი და მკაცრი დროის იმ პერიოდს, რომელშიც მას უხდებოდა ცხოვრება.სტალინი იყო არაჩვეულებრივად ენერგიული და ერუდირებული, უდრეკი ნებისყოფის, სასტიკი, ულმობელი ადამიანი, როგორც საქმეში, ისე საუბრისას, ვისაც მეც კი აქ, ბრიტანეთის პარლამენტში აღზრდილი, ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას. სტალინს, უწინარეს ყოვლისა, იუმორისა და სარკაზმის დიდი გრძნობა და თქმულის ზუსტად აღქმის განსაცვიფრებელი ნიჭი ჰქონდა, თავის სტატიებსა და გამოსვლებს მხოლოდ თავად წერდა და მათში ყოველთვის იგრძნობოდა შემსრულებლის ძალა, რომელიც სტალინში იმდენად დიდი იყო, რომ ყველა ხალხისა და დროის ქვეყნის ხელმძღვანელთა შორის განუმეორებლად წარმოჩნდებოდა.სტალინი ჩვენზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა, მის გავლენას ადამიანზე ანალოგი არ ჰქონდა… როცა, ის იალტის საკონფერენციო დარბაზში შემოდიოდა, ჩვენ, თითქოს გვიბრძანესო, ვდგებოდით და, რა საოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, ხელები რატომღაც შარვლის ნაკერების გასწვრივ გვქონდა გაჭიმული.ის ღრმა სიბრძნეს ფლობდა. იყო ყველაზე რთული და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის უბადლო ოსტატი, კრიტიკულ და საზეიმო მომენტებში თანაბრად თავდაჭერილი, არასოდეს აჰყვებოდა ემოციებს და არ ეძლეოდა ილუზიებს. იგი უჩვეულო და რთული პიროვნება იყო. მან შექმნა და დაიქვემდებარა ვეებერთელა იმპერია. ის იყო კაცი, რომელიც თავის მტრებს თავისივე მტრის ხელით ანადგურებდა, გვაიძულებდა ჩვენ, ვისაც დაუფარავად იმპერიალისტებს გვიწოდებდა, იმპერიალისტების წინააღმდეგ გვებრძოლა.სტალინი იყო უდიდესი დიქტატორი, რომელსაც მსოფლიოში ტოლი არ ჰყოლია, მან მიიღო ხის კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური იარაღით აღჭურვილი! რაც უნდა თქვან მასზე, ასეთ ადამიანებს ისტორია და ხალხი არ ივიწყებს! | პრემიერ სტალინთან შეხვედრა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო იმავე მარტივი ნდობისა და სრული გახსნილობის ურთიერთობების დამყარება, რაც პრეზიდენტ რუზველტთან დავამყარე. ვფიქრობ, რომ ბაბილონის კოშკის ავარიის მიუხედავად, რომელიც მრავალ სფეროში ძალიან სერიოზულ ბარიერად რჩება, მე მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიე. დიდი ბედნიერებაა რუსეთისთვის, რომ თავის ტანჯვაში ეს დიდი, მკაცრი სამხედრო მეთაური ხელმძღვანელობს. ის არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი, გამორჩეული პიროვნულობა, რომელიც შეეფერება იმ პირქუშ და ქარიშხლიან პერიოდს, რომელშიც მისი ცხოვრება განხორციელდა; ადამიანი, რომელსაც აქვს ამოუწურავი გამბედაობა და ნებისყოფა, პირდაპირი და თუნდაც უხეში საუბარი, რაც, თემთა პალატაში აღზრდის შემდეგ, საერთოდ არ მაწუხებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარი სათქმელი მეც მაქვს. უპირველეს ყოვლისა, ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს “გადამრჩენელი იუმორის გრძნობა”, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის და ყველა ერისთვის, განსაკუთრებით კი დიდი ადამიანებისა და დიდი ერებისთვის. სტალინმა ასევე დამიტოვა ღრმა, ცივი სიბრძნისა და ნებისმიერი სახის ილუზიების სრული არარსებობის შთაბეჭდილება. მე მჯერა, რომ მას ვაგრძნობინე, რომ ამ ომში ჩვენ კარგი და ერთგული თანამებრძოლები ვართ – მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის საკითხი, რომელსაც საქმეები დაამტკიცებს და არა სიტყვები. მოსკოვში ამ ვიზიტიდან ერთი რამ ყველაზე მეტად მახსოვს – საბჭოთა რუსეთის ურყევი გადაწყვეტილება, ბოლომდე ებრძოლოს ჰიტლერიზმს, სანამ საბოლოოდ არ დაამარცხებს. პრემიერ-მინისტრმა სტალინმა მითხრა, რომ რუსი ხალხი ბუნებით მშვიდობიანი ხალხია, მაგრამ გერმანელების მიერ მათზე ჩადენილმა სასტიკმა სისასტიკემ ისინი ისეთ მძვინვარებამდე მიიყვანა, რომ მათი მთელი ბუნება გარდაიქმნა. |
ორი ტექსტის შედარებისას შესამჩნევი ხდება, რომ შინაარსობრივად ისინი საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მართლაც დადებითად ისაუბრა სტალინზე, უწოდა მას ბრძენი, დიდი სამხედრო მეთაური, გამბედავი, საჭირო იუმორის მქონე და რუსეთის გადამრჩენელი. თუმცა, შესამჩნევია მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. მას არ უთქვამს, თითქოს იალტის კონფერენციების დროს სტალინის ოთახში შემოსვლისას ის და რუზველტი ფეხზე დგებოდნენ. იგი ამას ვერც იტყოდა, რადგან აღნიშნული კონფერენცია 1945 წელს გაიმართა, ეს სიტყვა კი მან 1942 წელს წარმოთქვა. ასევე სავარაუდოდ არასწორი თარგმანის შედეგია შეცდომა იმ ნაწილში, სადაც პოსტების მიხედვით ჩერჩილი აღნიშნავს, რომ საბჭოთა ბელადს საუბარში წინააღმდეგობას ვერ უწევდა. რეალურად, მან პარლამენტში აღნიშნა, რომ სტალინი საუბრისას იყო პირდაპირი და შესაძლოა უხეშიც კი, მაგრამ მას ეს არ აწუხებდა, რადგან ბრიტანეთის პარლამენტში აღზრდის შემდეგ ასეთ საუბარს მიჩვეული იყო და თავადაც იყენებდა ხოლმე.
ავთენტიკურ ტექსტში ასევე არ გვხვდება ის ნაწილი, სადაც ფეისბუქ პოსტების მიხედვით ბრიტანელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ “სტალინმა მიიღო ხის კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური იარაღით აღჭურვილი!”. აღნიშნული ფრაზის სინამდვილე რუსულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Проверено-მ წარსულში უკვე გადაამოწმა და როგორც აღმოჩნდა ის არა ჩერჩილს, არამედ ცნობილ ინგლისელ ტროცკისტს, აიზეკ დოიჩერს ეკუთვნის. 1949 წელს Guardian-მა გამოაქვეყნა ამ პიროვნების სტატია, რომელშიც იგი წერდა, რომ შესაძლოა სტალინი სიკვდილის მერე მოიხსენიონ პიროვნებად, რომელმაც “მიიღო ხის კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური იარაღით აღჭურვილი!”.
ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ძიების შედეგად, ინტერნეტში ვერ მივაკვლიეთ რაიმე წყაროს, რაც დაადასტურებდა, რომ 1959 წლის 21 დეკემბერს უინტონ ჩერჩილი ეკლესიაში მივიდა და სტალინის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი წირვა აღასრულა. ამ პერიოდში მის შესახებ დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გართულებული იყო, რადგან აღნიშნულ წელს მან ორჯერ მარცხენა ნახევარსფეროს მსუბუქი ინსულტები, თითების განგრენა და სხვა დაავადებები გადაიტანა, ფიზიკურად დაუძლურებული იყო.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















