30 მაისს ფეისბუქის მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ “ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომით დაღუპული ბავშვების 97% გარდაიცვალა ვაქცინაციიდან 10 დღეში”. მან პოსტს დაურთო ვიდეოც, რომელშიც ექიმი პოლ ტომასი საუბრობს ამ თემაზე და ამბობს, რომ ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ზემოაღნიშნული სინდრომით გარდაცვლილი ბავშვების 97% ვაქცინაციიდან 10 დღეში მოკვდა, სხვა კვლევების მიხედვით კი სიკვდილიანობის 50-90% ხდება პირველ კვირაში. ის ასევე აცხადებს, რომ ვაქცინებით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იმ დაავადებებით, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ამ ვაქცინებს ვიკეთებთ.
პოსტსა და ვიდეოში მოყვანილი ინფორმაცია მანიპულაციურ და მცდარ განცხადებებს შეიცავს. ერთ-ერთი კვლევა მართლაც აღნიშნავს, რომ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით დაღუპული ბავშვების 97% გარდაიცვალა ვაქცინაციიდან 10 დღეში, თუმცა, ამ შემთხვევაში განხილული იყო მხოლოდ ის 67 შემთხვევა, რომელიც ვაქცინაციიდან პირველ 20 დღეში დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა ჩატარებულია ერთი კომპანიის მიერ მათსავე წარმოებულ კონკრეტულ ვაქცინაზე. ამასთანავე, დამტკიცებულია, რომ ვაქცინები ეფექტურია და მათი მეშვეობით ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ნარჩუნდება.
ვიდეოში ნახსენები 97% აღებულია კომპანია GlaxoSmithKline (GSK)-ის კვლევიდან. ეს ორგანიზაცია თავად არის ვაქცინის მწარმოებელი და აღნიშნული მონაცემები ეხება მათ მიერ შემუშავებულ ჰექსავალენტურ (hexavalent) ვაქცინას, რომელიც ე.წ. 6 1-ში ტიპისაა, ანუ 1 დოზა შეიცავს 6 სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინას (დიფტერია, ტეტანუსი, უჯრედული ყივანახველა, ჰემოფილუს გრიპი B ტიპის, პოლიოვირუსი და B ჰეპატიტი). ეს კონკრეტული ანგარიში კომპანიამ 2011 წელს ჩაატარა და დაადგინა, რომ ამ ვაქცინის მიღებიდან პირველ 20 დღეში 67 ჩვილი გარდაიცვალა, ხოლო მათი 97% ანუ 65 ბავშვი- 10 დღეში. კომპანიამ ჩათვალა, რომ ეს საკმარისი არ იყო იმის სათქმელად, რომ მათი ვაქცინა საზიანოა, რადგან გარდაცვლილთა რიცხვი არ აღემატებოდა ჩვილებში სტატისტიკურად მოსალოდნელი გარდაცვალებების რიცხვს. GKS მსგავს ანგარიშს პერიოდულად აწვდის ევროპის მედიცინის სააგენტოს, საიდანაც ირკვევა, რომ 1 წლამდე ბავშვების აღნიშნული ვაქცინით აცრისას სიკვდილიანობა პირველ ოც დღეში იმაზე დაბალია, ვიდრე ეს სტატისტიკურადაა მოსალოდნელი. აღსანიშნია, რომ მთლიანობაში საუბარია ათეულობით მილიონ დოზაზე და სწორედ ამიტომ მოსალოდნელი არის დამთხვევები გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
GlaxoSmithKline-ის შეფასების მიუხედავად, ზოგიერთი კვლევა ხაზს უსვამს ვაქცინის გაკეთების და გარდაცვალების თარიღის სიახლოვეს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა სწორედ ვაქცინა იწვევდეს ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომს (SIDS), თუმცა, ამის დამტკიცებას ვერ ახერხებენ, რადგან ეს საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. თუმცა, საპირისპიროდ წლების მანძილზე გამოქვეყნდა არაერთი კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ვაქცინებს არაფერი აქვს საერთო ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომთან. მაგალითად, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფომ გამოაქვეყნა მათი მიგნებები კონკრეტულად B ჰეპატიტის ვაქცინასთან დაკავშირებით. მის მიხედვით, ვაქცინის შემოღებისას ამ სინდრომით კვდებოდა წელიწადში დაახლოებით 5000 ბავშვი, 10წლის შემდეგ კი ვაქცინით იცრება ბავშვთა 90% და მათში SIDS-ით გარდაცვილების რაოდენობა 1600-მდე დაეცა. ეს სტატისტიკურად ნიშნავს იმას, რომ წლიურად გარდაცვალების 50 შემთხვევა დაემთხვევა ვაქცინაციის პირველ 24 საათს, თუმცა იმის გამო, რომ არავაქცინირებულთა შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაციაა, საავადმყოფო გადაჭრით აცხადებს, რომ SIDS ვაქცინით არ არის გამოწვეული.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020-2021 წლებში გავრცელდა მტკიცება, თითქოს აშშ-ში SIDS-ით გარდაცვლილა 79.4% იმავე დღეს გარდაიცვალა, როდესაც გაუკეთდა ვაქცინა. თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ხელმძღვანელმა (CDC) განუცხადა Reuters-ს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ყველაფერი მათი კვლევის არასწორ ინტერპრეტაციაზეა დაფუძნებული. კერძოდ, ქვეყანაში მოქმედებს ვაქცინის გვერდითი მოვლენების სისტემა (VAERS), რომელშიც იტვირთება ვაქცინის მიღების შემდეგ წარმოჩენილი გვერდითი მოვლენების და გარდაცვლილთა მონაცემები. CDC-ის თანამშრომლებმა გაანალიზეს ბაზა, კონკრეტულად 1997-2013 წლებში გარდაცვლილთა დეტალები და გამოაქვეყნეს მიღებული შედეგები, რომელშიც ეწერა, რომ გარდაცვლილ ბავშვთა 79.4% შემთხვევაში, მათ რომელიმე ერთ კონკრეტულ დღეს მიღებული ქონდათ ერთზე მეტი ვაქცინა, თუმცა მკითხველთა ნაწილმა ეს აღიქვა, თითქოს მათ ვაქცინა გარდაცვალების დღეს გაიკეთეს. ცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, ვაქცინაციის დღეს გარდაცვლილ ჩვილთა რაოდენობა 11%-ს უდრიდა. აღნიშნული კვლევის დასკვნაში ავტორები წერენ, რომ მათ VAERS-ის კვლევისას ვერ აღმოაჩინეს ისეთი რამ, რაც მიანიშნებდა, თითქოს ვაქცინა იწვევს ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომს.
SIDS-ით გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა 1990-იანი წლებიდან, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი “უსაფრთხო ძილის” პროგრამა იყო, რომლის ფარგლებშიც მშობლებს მიეცათ რეკომენდაცია იმ პოზებზე, რომლებზეც უნდა დაეძინებინათ ბავშვი, რათა თავიდან აერიდებინათ სუთქვის პრობლემები. ამასთან, აღმოაჩინეს ახალი დაავადებები, რომლითაც მცირეწლოვანი ბავშვები კვდებოდნენ და იმის გამო, რომ იმ დრომდე ამ დაავადების შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა, რეალურ პრობლემას ვერ ადგენდნენ, შესაბამისად ამ სიკვდილიანობას SIDS-ის სტატისტიკას აწერდნენ. ნორვეგიელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიმუშავეს თეორიები- “ფატალური სამკუთხედი” და “სამმაგი რისკის მოდელი”- რომლებიც თითქმის იდენტურია და მთავარ იდეად წარმოაჩენს აზრს, რომ სინდრომს რამდენიმე ფაქტორის თანხვედრა იწვევს და არა რაიმე 1 კონკრეტული მიზეზი. მათი აზრით, მთავარი ფაქტორებია: 1. ასაკი/პერიოდი (ძირითადად 2-დან 5 თვემდე), როდესაც იმუნური სისტემა ძალიან სწრაფად ვითარდება და არასტაბილურია; 2. გარკვეული გენეტიკური მიდრეკილება; 3. გამომწვევი მოვლენა. შედეგად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვილს შესაძლოა ქონდეს თანდაყოლილი პრობლემა, რომელსაც რაიმე გარე ფაქტორი დაუცველობის დროს გამოამჟღავნებს. ასეთი გამომწვევი მოვლენა შესაძლოა აღმოჩნდეს სასუნთქი გზების სეზონური ინფექცია, მუცელზე წონა და მრავალი რამ, მათ შორის ვაქცინაც კი. თუმცა, ეს მხოლოდ თეორიაა და როგორც უკვე აღინიშნა, ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ამ დრომდე დაუდგენელია.
-
საყოველთაო ვაქცინები მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იცავს
გავრცელებულ ვიდეოში პოლ ტომასი ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ ვაქცინები უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ის დაავადებები, რომლისთვისაც ეს ვაქცინები არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 50 წლის განმავლობაში საყოველთაო იმუნიზაციის დახმარებით მინიმუმ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდა. ასევე არსებობს მონაცემები, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 2000-2019 წლებში ვაქცინის წყალობით 37 მილიონი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს.
ვაქცინაციის მნიშვნელობის ყველაზე ცხადი მაგალითი არის “ყვავილის” დაავადება (smallpox), რომელიც ძალიან დიდი ხნის მანძილზე არსებობდა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა იმუნიზაციის პროცესის მეშვეობით მოხერხდა მისი მთლიანად გაქრობა და ბოლო ბუნებრივი შემთხვევა 1977 წელს დაფიქსირდა. შედეგად, გრძელდება ადამიანების აცრა მისი საწინააღმდეგო ვაქცინით, ახალი შემთვევები კი აღარ ვლინდება. CDC-ის ინფორმაციით, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ივარაუდება, რომ ყვავილის ვაქცინით აცრილი მილიონი ადამიანიდან 1 ან 2 შესაძლოა გარდაიცვალოს გართულებების გამო.
ვაქცინაციის მეშვეობით თითქმის მთლიანად განადგურდა პოლიომიელიტის (Polio) ვირუსიც, რომელიც პარალიზებას და ზოგჯერ სიკვდილსაც იწვევს. შედეგად, მინიმუმ ათობით ათასი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. ჯანმოს ინფორმაცით 2021 წლის პირველ ნახევარში მწვავე პოლიომიელიტის მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა მსოფლიოში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იშვიათ შემთხვევაში, ვაქცინაში არსებული ვირუსის ნაწილი განიცდის მუტაციას და შესაძლებელია აცრილი ადამიანი ამ გზით დაავადდეს აღნიშნული ვირუსით და პარალიზდეს ან აღმოუჩნდეს სხვა სიმპტომები.
წითელა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გავრცელებადი დაავადებაა, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მისი საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამაში შეტანიდან, დაავადებულთა რაოდენობა 90%-ზე მეტად დაეცა, 2022 წელს ამ დაავადებით მაინც 136000 ადამიანი დაიღუპა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს რიცხვი ვაქცინის შექმნამდე წლიურად 2.6 მილიონს აღწევდა. მისი ვაქცინა, რომელიც ხშირად წითურა და ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინასთან არის გაერთიანებული, უსაფრთხოდ მიიჩნევა და მხოლოდ მცირე და უმნიშვნელო გვერდითი ეფექტებით გამოირჩევა.
1980 წლიდან მსოფლიოში 90%-ზე მეტით შემცირდა დიფტერიის შემთხვევები და სრულად ან თითქმის სრულად აღმოიფხვრა აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, საყოველთაო ვაქცინაციის მეშვეობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მცირეწლოვან ბავშვებში ამ ვირუსით დაავადებული ყოველი 5-დან 1 კვდება. დაავადება კვლავ რჩება პრობლემად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში. დიფტერიის ვაქცინა, როგორც აშშ-ში, ისე საქართველოში, ყივანახველისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან არის გაერთიანებული. პირველი მათგანი, ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებად დაავადებად რჩება, რადგან ამ ვაქცინით აცრის რაოდენობა ზოგიერთ სახელმწიფოში შედარებით დაბალია. ანალოგიური ვითარებაა ტეტანუსთან დაკავშირებითაც, რომლით გარდაცვალების მაჩვენებელი გლობალურად 1990-დან 2019 წლამდე 87%-ით შემცირდა, მაგრამ ეს რიცხვი მაინც მაღალია და წლიურად დაახლოებით 30-40 ათასი ადამიანი იღუპება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ტეტანუსით როგორც დაინფიცირების, ისე გარდაცვალების სტატისტიკა მინიმალურია, რაც წარმატებული იმუნიზაციის პროგრამის შედეგია. მაგალითად, 2017 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა ტეტანუსით დაინფიცირების 33, ხოლო გარდაცვალების 2 შემთხვევა. საპირისპიროდ, ყველაზე მაღალი ციფრები ფიქსირდება სუბსაჰარული აფრიკისა და სამხრეთ აზიის რეგიონში.
ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით მილიონი ადამიანი იღუპება B ჰეპატიტისგან, ყველაზე მეტი დაავადებული კი აფრიკის, სამხრეთ აზიისა და წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში ცხოვრობს. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ მისი საწინააღმდეგო ვაქცინა სრულიად უსაფრთხო და 98-100%-ით ეფექტურია.
2017 წელს გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევა აჩვენებს, რომ ზემოაღნიშნული დაავადებების გავრცელება აშშ-ში 2016 წელს, მეოცე საუკუნესთან შედარებით შემცირდა 90%-ზე მეტით, ზოგიერთი დაავადება კი საერთოდ აღარ ფიქსირდება.
ვაქცინით აცილებადი დაავადებების ყოველწლიური რაოდენობა მეოცე საუკუნეში, 2016 წელს და პროცენტული ცვლილება.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.