20 მაისს ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან”, პოლიტიკური გაერთიანება “სოლიდარობა მშვიდობისთვის” თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტმა განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნების მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანების გამო განახევრდა. მან ასევე დაამატა, რომ ეს სახელმწიფოები დღესაც რუსეთის ენერგეტიკაზე არიან მიბმულნი.
გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ბალტიის ქვეყნების მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ განახევრდა, მანიპულაციურია, ხოლო მტკიცება, რომ ეს ქვეყნები კვლავ რუსეთის ენერგეტიკაზე არიან მიბმულნი, დეზინფორმაციაა. რეალურად მათი მოსახლეობა 2004 წლიდან მართლაც შემცირდა, თუმცა ეს პროცესი 1990 წლიდან დაიწყო. 2025 წლის თებერვლიდან ბალტიის ქვეყნებმა მთლიანად შეწყვიტეს რუსული ენერგეტიკის მოხმარება.
-
როგორია ბალტიის ქვეყნების მოსახლეობის სტატისტიკა?
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნულ გადაცემაში მანიპულირებენ იმის შესახებ, თუ რამდენად არის შემცირებული ბალტიის ზღვის ქვეყნების მოსახლეობა და ამაში ევროკავშირს ადანაშაულებენ. 2023 წლის 9 სექტემბერს ნიკოლოზ მჟავანაძემ თქვა, რომ ეს სახელმწიფოები პრაქტიკულად დაიცალა მოსახლეობის გადინების გამო, რაზეც მემარცხენე ალიანსის ლიდერი, სოსო შატბერაშვილი დაეთანხმა და დაამატა, რომ ამ სამ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 2004 წლის რაოდენობის მესამედიღაა დარჩენილი. “მითების დეტექტორმა” ეს მტკიცება გადაამოწმა და დაადგინა, რომ ხსენებული რიცხვები მანიპულაციურია. 2004 წლის შემდეგ ამ სახელმწიფოების მოსახლეობა მართლაც შემცირდა, თუმცა არა ასე რადიკალურად. 2005 წელს ესტონეთის მოსახლეობა 1 356 000, ლიეტუვის- 3 344 000, ხოლო ლატვიის 2 252 000-ს შეადგენდა, 2020 ეს მაჩვენებლები შესაბამისად 1 327 000, 2 722 000, 1 886 000 ადამიანს გაუტოლდა. ეს ლიეტუვის შემთხვევაში 18%, ლატვიის 16%, ხოლო ესტონეთის შემთხვევაში 2%-იან კლებას უდრის. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვაში 2019 წლის შემდგომ მოსახლეობის ზრდის ტენდენცია აღინიშნება და 2024 წელს ამ რაოდენობამ 2 885 000 ადამიანს მიაღწია. იმავე წელს ლატვიის მოსახლეობამ 1 871 882 შეადგინა, ესტონეთში კი 2025 წელს 1 369 995 მოსახლე დაფიქსირდა და შესაბამისად 2005 წლის მონაცემებს მცირედით გადააჭარბა.

ბალტიის ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ამ მონაცემის კლება ევროკავშირში გაწევრიანებამდე დიდი ხნით ადრე, 1990 წლის შემდგომ დაიწყო, რასაც საბჭოთა კავშირის დაშლამ შეუწყო ხელი.

-
ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის ენერგეტიკას სრულად ჩაეხსნენ
როგორც უკევ აღინიშნა, მიხეილ ჟღენტმა განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ დრომდე რუსეთის ენერგეტიკაზე არიან მიბმულნი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა 2025 წლის 8 თებერვალს რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულებისგან სრულიად გათავისუფლდნენ, მას შემდეგ რაც საბოლოოდ გამოეთიშნენ BRELL კავშირს, რომელიც ამ სამ ქვეყანას, რუსეთთან და ბელარუსთან აკავშირებდა და მათგან იღებდა ელექტროენერგიას. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთისგან ელექტროენერგიის შესყიდვა მათ 2022 წელს შეწყვიტეს, თუმცა 8 თებერვალს ამ ქსელს უკვე ფიზიკურად ჩაეხსნენ და შეურთდნენ ევროკავშირის ქსელს.
2022 წელს, უკრაინაში შეჭრის გამო, ეს სახელმწიფოები პირველები იყვნენ, ვინც რუსეთისგან ბუნებრივი აირის იმპორტი შეწყვიტეს, მათ შორის თხევადი სახით. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, მათ ასევე უარი თქვეს რუსულ ნავთობზე. რუსული გაზი ამ ქვეყნებში ძირითადად თხევადი ბუნებრივი აირით (LNG) ჩაანაცვლეს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც მათ ლიეტუვაში მდებარე, კლაიპედას თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალიდან მიეწოდებათ. საპირისპიროდ მათ 2022 წლიდან გაზარდეს რუსული თხევადი ნავთობის გაზის (LPG)-ის შესყიდვები, რომელიც ძირითადად გამოიყენება მანქანებში, გამოსაცხობ და გასათბობ მოწყობილობებში საწვავად. თუმცა, ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით ამ პროდუქტის რუსეთისგან იმპორტი აკრძალა და უკვე არსებული ხელშეკრულებების არსებობის შემთხვევაში, კომპანიებს მისცა 12 თვიან ტრანზიციის ვადა. შედეგად, 2024 წლის 18 დეკემბერს აკრძალვა სრულად შევიდა ძალაში და ბალტიის ქვეყნებში მოქმედ კომპანიებსაც უწევთ ალტერნატიული წყაროების მოძიება.
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის შემთხვევაში, რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმას ისიც ამარტივებს, რომ მათ აქვთ განსაზღვრული გეგმა, რის მიხედვითაც მათი ენერგეტიკა 2030 წელს მთლიანად ან მეტწილად განახლებად, სუფთა ენერგიაზე უნდა გადავიდეს, შედეგად მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს გაზისა და ნავთობის მოხმარება.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.