რა ვიცით არმია კრაიოვას და ტყის ძმების შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ფსე
675
VIEWS

6 მაისს “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “იაკობ კედმი: პოლონელებმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უფრო მეტი ებრაელი დახოცეს, ვიდრე გერმანელებმა ანუ დენაციფიკაციის კონტურები”. სტატია კრემლთან დაკავშირებულ პოლიტიკის მიმომხილველ იაკობ კედმის ეყრდნობა, რომელიც ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პარტიზანული მოძრაობები ძირითადად სსრკ-ს წინააღმდეგ იბრძოდნენ,  ებრაულ მოსახლეობას ხოცავდნენ და ამ ფორმით ნაცისტურ გერმანიას უჭერდნენ მხარს.

იაკობ კედმი, საქართველო და მსოფლიო, 6 მაისი: “მეორე მსოფლიო ომის დროს “გმირმა” პოლონურმა “არმია კრაიოვამ” უფრო მეტი საბჭოთა მეომარი დახოცა, ვიდრე გერმანელები. უკრაინელები და ბალტიისპირელები კლავდნენ ებრაელებს გერმანელების ხელმძღვანელობით. პოლონელები სიცოცხლეს უსწრაფებდნენ თავიან მეზობელ ებრაელებს…ამ [წითელი არმიაში მებრძოლი] ლატვიელების რაოდენობა ასჯერ აჭარბებდა “ტყის ძმების” რაოდენობას, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ.”

“საქართველო მსოფლიოს” ეს სტატია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდას და მეორე მსოფლიო ომის ისტორიის გადაწერის მცდელობას ეხმიანება. “მითების დეტექტორი” გათავაზობთ ინფორმაციას ორი მნიშვნელოვანი პარტიზანული მოძრაობის შესახებ. 

  • არმია კრაიოვა

პოლონეთში არსებული ყველაზე დიდი პარტიზანული ჯგუფი არმია კრაიოვა 1942 წლის თებერვალში შეიქმნა და სწორედ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ პოლონურ პარტიზანულ ძალებს აერთიანებდა. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში კრაიოვას წევრები სხვადასხვა გზით, მათ შორის მკვლელობებით, რკინიგზისა და ხიდების აფეთქებებით, ჯარისთვის საჭირო სურსათისა და ტექნიკის დაზიანებითა და საბოტაჟით, ნაცისტურ ოკუპაციას ებრძოდნენ.  საერთო ჯამში ითვლება, რომ არმია კრაიოვამ ნაცისტების წინააღმდეგ ასი ათასზე მეტი დივერსიული აქტი განახორციელა, მათ შორის გამოყოფენ ოპერაცია “თავებს,” რომელიც მოიცავდა პოლონეთის პარტიზანული სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი გესტაპოს, SS-ის მაღალჩინოსნების მკვლელობებს.

არმია კრაიოვა  მონაწილეობდა ნაცისტური გერმანიის წინააღდეგ დაწყებულ ვარშავის 1944 წლის აჯანყებაშიც, რომელიც დროსაც წითელმა არმიამ პოლონურ მხარეს თავდაპირველი პირობის მიუხედავად, არანაირი დახმარება არ გაუწია, რისი შედეგიც ქალაქის განადგურება იყო.

არმია კრაიოვას შემთხვევაში 1943 წლის ივნისიდან პოლონელ პარტიზანებს საბჭოელებიც შეუერთდნენ, თუმცა ისინი ნაცისტებზე უფრო ხშირად პოლონელებს უტევდნენ. მოგვიანებით საბჭოთა პარტიზანებმა არმია კრაიოვას განადგურების ბრძანებაც მიიღეს, რის გამოც თანამშრომლობა საბოლოოდ ჩაიშალა. შედეგად პოლონელებს ნაცისტებმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება შესთავაზეს, თუმცა ნაცისტებმა კრაიოვას მიმხრობა ვერ შეძლეს.

პოლონელი პარტიზანებისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობა, წითელი არმიის მიერ პოლონეთის ტერიტორიის დაკავების შემდეგ, არმია კრაიოვას აკრძალვითა და მისი წევრების გადასახლებებითა თუ სიკვდილით დასჯით გრძლდება. აღსანიშნავია, რომ არმია კრაიოვა მხარს უჭერდა ემიგრაციაში მყოფ პოლონურ მთავრობასა და პოლონეთის დამოუკიდებლობას. მიიჩნევა, რომ სწორედ ამის გამო ჯერ კიდევ ვარშავის აჯანყების დროს სსრკ-მ თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო არმია კრაიოვას ნაწილების განადგურებას და მოგვიანებით სრულიად აკრძალა მისი მოქმედება.

  • ტყის ძმები

კრემლის პროპაგანდის სამიზნეა “ტყის ძმებიც” – ბალტიის ქვეყნებში არარეგულარული შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945-1953 წლებში საბჭოთა კავშირის ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

ბალტიის ქვეყნებში საბჭოთა კავშირი 1940 წელს შევიდა, თუმცა 1941 წელს სსრკ-ს ადგილი ნაცისტურმა გერმანიამ დაიკავა, ხოლო 1944-45 წლებში ლიტვა, ლატვია და ესტონეთი კვლავ საბჭოთა ძალებმა დაიკავეს. საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბალტიის ქვეყნების მოსახლეობამ პარტიზანული ბრძოლები დაიწყო. “ტყის ძმები” ბალტიის სამივე ქვეყანაში ეროვნულ გმირებად არიან მიჩნეულები, თუმცა საბჭოთა და რუსულ პროპაგანდაში ისინი ნაცისტების მოკავშირეებად, ბანდიტებად და კრიმინალებად არიან წარმოდგენილები.

1940 წელს საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ბალტიის მოსახლეობას გერმანიის სახით განმათავისუფლებელს ხედავდა – მოსახლეობას იმედი ჰქონდა, რომ ბალტიის ქვეყნები დამოუკიდებლობას აღიდგენდა და მოქალაქეები საბჭოთა დროს ჩამორთმეულ ქონებას დაიბრუნებდნენ. თუმცა გერმანიამ ბალტიის ქვეყნები და ბელარუსი ახალ ტერიტორიულ ერთეულად, ოსტლენდად ჩამოაყალიბა, რის შემდეგაც გერმანიის მიმართ მხარდაჭერა შესუსტდა. ესტონეთსა და ლატვიაში დაფუძნდა გერმანიის სამხედრო ორგანიზაცია Waffen SS. 1944 წელს SS ლიტვაშიც ჩამოყალიბდა, თუმცა გერმანელებმა ის მალევე გააუქმეს, რადგან ლიტველები SS-ს ნაციონალისტური მიზნებისთვის იყენებდნენ, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა ლიტვაში გერმანიის ოკუპაციურ ძალას.

აშშ-ის დევნილთა კომისიამ, რომელმაც ბალტიის ქვეყნებში Waffen SS-ის საქმიანობა შეისწავლა, 1950 წლის 1 სექტემბერს გამოსცა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ბალტიის ქვეყნების SS გერმანიის SS-სგან განცალკევებით უნდა იყოს განხილული.

აშშ-ის დევნილთა კომისია: “ბალტიის Waffen SS-ი თავისი მიზნებით, იდეოლოგიით, აქტივობებითა და წევრობის კვალიფიკაციის მიხედვით გერმანიის SS-ისგან განცალკევებით და განსხვავებულად უნდა განვიხილოთ, შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ ისინი ამერიკის ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველ მოძრაობას არ წარმოადგენენ.”

1946 წელს ნიურნბერგის ტრიბუნალმა Waffen SS დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოაცხადა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეეხოთ მათ, ვინც ამ სამხედრო ორგანიზაციაში იძულებით გაწევრიანდნენ. გამონაკლისის ეს წესი სწორედ ლატვიისა და ესტონეთის ლეგიონის წევრებს შეეხოთ, რომლებიც ნიურნბერგის პროცესში ნაცისტ პატიმრებს დაჯარობდნენ, ასევე ბერლინის ბლოკადის დროს მოკავშირეების ობიექტებს იცავდნენ.

“ტყის ძმების” წინააღმდეგ ორგანიზებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა.

ისტორიის ფალსიფიკაცია

აღმოსავლეთ ევროპაში დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პარტიზანული მოძრაობების ნაცისტებად მოხსენიება კრემლის ისტორიის რევიზიის გავრცელებული მეთოდია. ევროპული ქვეყნების ნაციზმთან/ფაშიზმთან გაიგივებით კრემლი ომის ლეგიტიმაციას ცდილობს. EUvsDisinfo-ს მიხედვით, კრემლისთვის ისტორია არა მეცნიერება, არამედ პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებელი ინსტრუმენტია.

ისტორიის ფალსიფიცირებისას კრემლი დეზინფორმაციის 4D მოდელს, რაც გულისხმობს გამოტოვებას (dismiss) – მნიშვნელოვანი, მაგრამ კრემლისთვის საზიანო ფაქტის უგულებელყოფა,  ფაქტის დამახინჯებას (distort), ყურადღების გადატანასა (distract) და შიშის დათესვას (dismay).

ამ მოდელის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბალტიის ქვეყნები და პოლონეთია. რუსეთი ცდილობს საბჭოთა კავშირის მიერ ამ ქვეყნების ოკუპაცია მათი ნაციზმისგან განთავისუფლებად წარმოაჩინოს კრემლი ეჭვის ქვეშ აყენებს და ამახინჯებს ფაქტებს ამ ქვეყნებში მოქმედი პარტიზანული დაჯგუფებების შესახებაც, რადგან ეს გაერთიანებები რეალურად დამოუკიდებლობისთვის და ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ, შესაბამისად საბჭოთა კავშირის მიერ მათი ტერიტორიების დაკავება იყო არა განთავისუფლება, არამედ ერთი დამპყრობლის მეორეთი ჩანაცვლება.

წყაროს შესახებ

იაკობ კედმი 1992-1999 წლებში ხელმღვანელობდა ორგანიზაცია “Nativ-ს,” რომელიც საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ებრაელებს სამშობლოში აბრუნებდა. ხელმძღვანელობის ბოლო წლებში ორგანიზაცია რამდენიმე კორუფციულ სკანდალში გაეხვია, რის გამოც პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

მოგვიანებით კედმი რუსული სატელევიზიო პოლიტიკური შოუების ხშირი სტუმარი გახდა, თავის გამოსვლებში იგი ამართლებს რუსეთის ქმედებებს სირიაში, რეგულაურად აკრიტიკებს უკრაინას და ანტისემიტიზმში ადანაშაულებს მას. ასევე მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს შემწყნარებლობა და დროულად დაუპირისპირდეს რუსოფობიას. 2018 წელს კედმი პუტინს აშშ-ის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ მოუწოდებდა.

რუსულ მედიაში მეორე მსოფლიო ომის შესახებ კედმის მოსაზრებები ხშირად ხვდება. ძირითადად ის მეორე მსფოლიო ომის დროს მოკავშირეების ქმედებებს რუსეთის სიძლიერისადმი შიშს მიაწერს და ფიქრობს, რომ ომის გაკვეთილები ევროპამ ვერასდროს ვერ აითვისა.

 

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist