2 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და ფეისბუქ ანგარიშმა “ფიცხე ლა” გაავრცელეს ინფორმაცია ამერიკაში არჩევნებზე პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემასთან დაკავშირებით. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ვინაობის გადასამოწმებლად ქალს პირადობის მოწმობას აძლევს, რა დროსაც მას ეუბნებიან, რომ ID-ის წარდგენა საჭირო არ არის. გავრცელებულ ფოტოზე კი წარწერაა, რომ კლიფორნიაში ამომრჩეველმა პირადობის მოწმობის გარეშე ტრამპს 78 განსხვავებულ ადგილას მისცა ხმა. ინფორმაციის გამავრცელებლები მიუთითებენ, რომ აშშ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ კრიტიკულია, თუმცა თავად ამომრჩეველთა ვინაობის გადამოწმების პრობლემები აქვს.
ინფორმაცია, თითქოს ამერიკაში ამომრჩევლები ვინაობის გადამოწმების გარეშე აძლევენ ხმას, უკონტექსტოდ ვრცელდება. ზოგიერთ შტატში მართლაც არ არის საჭირო საარჩევნო უბანზე პირადობის მოწმობის წარდგენა, თუმცა ეს აუცილებელია ამომრჩევლად რეგისტრაციისას. არჩევნების დღეს მოქალაქის ვინაობის გადამოწმება სხვადასხვა ლეგალური დოკუმენტებითაა შესაძლებელი, რაც ხელმოწერის შემოწმებას, სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტების, ჩეკების, მართვის მოწმობისა და ა.შ. შემოწმებას გულისხმობს.
აშშ-ის შტატებში განსხვავებული კანონმდებლობა მოქმედებს, რაც ხმის მიცემის პროცედურების განსხვავებასაც მოიცავს. შტატების უმრავლესობაში, კერძოდ 36 შტატში, არჩევნებზე პირადობის მოწმობის წარდგენა და ხმის მიცემამდე მისი ნამდვილობის დადასტურება სავალდებულოა. დანარჩენ 14 შტატში კი ამომრჩევლის ვინაობის გადასამოწმებლად ID სავალდებულო დოკუმენტი არ არის და ვერიფიკაციის სხვადასხვა გზა არსებობს.
აშშ-ში არჩევნებში მონაწილეობისთვის ამომრჩეველთა რეესტრში რეგისტრაციაა საჭირო. რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეებს ამომრჩევლად რეგისტრირებულის ბარათი ეძლევათ. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, ფოსტისა და ადგილზე, საარჩევნო ოფისში მისვლით. არჩევნებში ხმის მიცემა (ჩრდილოეთ დაკოტა გამონაკლისია) მხოლოდ რეგისტრირებულ ამომრჩეველს შეუძლია.
აშშ-ის ზოგადი სერვისების ადმინისტრაციის განმარტებით, ამომრჩევლის ვინაობის გადასამოწმებლად პირადობის მოწმობა სავალდებულო დოკუმენტი არ არის, ზოგჯერ დოკუმენტის ფოტო ან სხვა ლეგალური საბუთიც საკმარისია ამომრჩევლის ვინაობის დასადგენად. ამერიკის სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოების ეროვნული კონფერენციის თანახმად, თუ რომელიმე შტატში არჩევნებში მონაწილეობისათვის პირადობის მოწმობის წარდგენა სავალდებულო არაა, მოქალაქეს ხმის მიცემამდე შესაძლოა მოსთხოვონ: ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომლითაც ადასტურებენ ხმის მიცემის უფლებას და აცნობიერებენ, რომ ცრუ მტკიცება სისხლის სამართლის დანაშაულია; ხმის მიცემამდე ამომრჩეველმა ხელი უნდა მოაწეროს, უმეტეს შემთხვევაში ამომრჩეველთა კენჭისყრის წიგნში ან ამომრჩეველთა სიაში; შესაძლოა, ამომრჩეველს კენჭისყრაზე ბიოგრაფიული ინფორმაციის წერილობით ან ვერბალურად წარდგენა მოსთხოვონ, რაც უმეტესად სახელისა და მისამართის დასახელებას გულისხმობს.
14 შტატში, მათ შორის, კალიფორნია, ალასკა, ილინოისი, კენტუკი, ნევადა, პენსილვანიასა და ნიუ-იორკში, საარჩევნო უბანზე პირადობის მოწმობის წარდგენა სავალდებულო არ არის. კალიფორნიის შტატში, რომელზეც გავრცელებული პოსტებიდან ერთ-ერთი მიუთითებს, საარჩევნო უბანზე პირადობის მოწმობის წარდგენა სავალდებულო არაა. თუმცა, ამერიკის ის მოქალაქეები, რომელბიც არჩევნებზე პირველად მიდიან, შეუძლიათ წარადგინონ პასპორტი, მართვის მოწმობა, დასაქმებულის, სამხედროს, სტუდენტის ან ჯანდაცვის კლუბის ID, ასევე საკრედიტო ბარათი. გარდა ჩამოთვლილისა, ამომრჩეველს შეუძლია საარჩევნო უბანზე იქონიოს ისეთი დოკუმენტები, რომელზეც დატანილი იქნება სახელი, მისამართი და ფოტო, რომელიც ბოლო არჩევნების შემდგომ არ შეცვლილა. თუ მოქალაქე არჩევნებში პირველად მონაწილეობს, ამომრჩევლად ფოსტის საშუალებით დარეგისტრირდა და არ დაურთავს მართვის მოწმობა, კალიფორნიის პირადობის მოწმობის ნომერი ან სოციალური უსაფრთხოების ბარათის ნომერი, მათ, შესაძლოა, საარჩევნო უბანზე პირადობის მოწმობის შემოწმებაც მოსთხოვონ.
პირადობის მოწმობის წარდგენა არც ნიუ-იორკში ხმის მიცემის დროსაა სავალდებულო. არჩევნებში პირველად მონაწილეობის შემთხვევაში კი ამომრჩეველმა უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, გადასახადის ჩეკები, საბანკი ამონაწერი ან სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუემენტი, რომელზე ამომრჩევლის სახელი და მისამართი იქნება დატანილი.
ერთ-ერთი შტატი, სადაც ამომრჩეველთა გადამოწმებისათვის ID ბარათია საჭირო, ვაშინგტონია, თუმცა აქაც არ არის მკაცრი შეზღუდვა და შესაძლოა, ამომრჩეველმა თან იქონიოს ვაშინგტონში მოქმედი მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა, სტუდენტის ID ბარათი, პირადობის მოწმობის ფოტო და ა.შ.
5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ამ დროისათვის ცნობილია, რომ ამერიკელების უმეტესობამ ხმა დონალდ ტრამპს მისცა. სენატის არჩევნებში კი უმრავლესობა რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა.
ამერიკაში წინასაარჩევნო პერიოდში “მითების დეტექტორმა” კადიდატების, კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის შესახებ არაერთი მცდარი ცნობა თუ ვიზუალური მანიპულაცია გადაამოწმა.
წყაროების შესახებ:
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ფეისბუქზე რეგულარულად ავრცელებს ანტისემიტური, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას. მის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია. აღსანიშნავია, რომ მან რამდენიმე თვის წინ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის შესახებ ფოტომანიპულაცია გაავრცელა.
ფეისბუქ-ანგარიში “ფიცხე ლა”, რომელსაც წარსულში “ფიცხელა ფიცხელაური” ერქვა, სოციალურ ქსელში ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტების გავრცელებით გამოირჩევა. მისი პოსტები “მითების დეტექტორს” ადრეც გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















