2 დეკემბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიებმა (იმედი; რუსთავი 2; POSTV), ექსპერტებმა, დავით ჩიხელიძემ, გია აბაშიძემ და ამირან სალუქვაძემ, ასევე “ქართული ოცნების” დეპუტატებმა ნინო წილოსანმა და გიორგი გაბუნიამ დაწერეს, რომ 2024 წელს საქართველოში საპროტესტო აქციების დაშლისას სავარაუდოდ გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესახებ BBC-ის გამოძიება პედიატრის, კონსტანატინე ჩახუნაშვილის კვლევას ეყრდნობა, თავად ექიმი კი ამბობს, რომ მას კვლევა არ ჩაუტარებია და არც ნივთიერებას (კამიტი) იცნობს საფუძვლიანად. მათი ნაწილი ჩახუნაშვილის ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც ის ამბობს:
კონსტანტინე ჩახუნაშვილი: “ხო, ჩვენი კითხვარი, დაახლოებით, 9 იანვარს ჩაეშვა. კითხვარის მიხედვით სუბიექტური მონაცემები დგინდება, რაც უფრო დაბალი ხარისხის მტკიცებულება არის, ზოგადად, ვიდრე ობიექტური სამედიცინო მტკიცებულება, როგორიც არის ლაბორატორიული კვლევები… ხაზგასმა ხდება დღეს იმაზე, რომ, ასე ვთქვათ, კონკრეტული აგენტი იქნა გამოყენებული, მაგრამ ჩვენი კვლევის ფარგლებში, პირველი, რომ ეს ინფორმაცია არ გვქონდა, ჩვენ კვლევაში, ჩვენ კვლევას მიეწერა, რომ, ასე ვთქვათ, გასკდა ეს ამბავი. ამ “კამიტის” შემადგენლობას, ანტიდოტს, რა ეფექტები აქვს და ასე შემდგომ, ლიტერატურას მე თავიდან ბოლომდე ვერ გავეცანი და შესაბამისად, უფრო კომპეტენტური ხალხი იქნება, ვისაც შეუძლია ამ ეტაპზე, რომ პასუხი გაგცეთ…”
ჩახუნაშვილსა და მის კვლევას BBC-ის საპასუხოდ განცხადებაში ახსენებს პარტია “ქართული ოცნებაც.” განცხადებაში ვკითხულობთ: “ყველა ვარაუდი აგებული აქვს კონკრეტული პირების მოსაზრებებზე, მათ შორისაა ექიმი ჩახუნაშვილი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ხოლო მისი ოჯახის წევრი, მამა, გიორგი ჩახუნაშვილი პირადად მონაწილეობდა 4 ოქტომბრის „ხელისუფლების დამხობის“ პროცესში და ფიზიკურად შეიჭრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში.”
“მითების დეტექტორი” გაეცნო BBC-ის სტატიასა და სიუჟეტს. გთავაზობთ ჟურნალისტური მასალების მიმოხილვას, რა წერია გასულ წელს აქციების დაშლის შესახებ და რა მტკიცებულებებს ეყრდნობა ბრიტანული მედია.
1 დეკემბერს BBC-მა გამოაქვეყნა სტატია (არქივი – 01.12.2025) სათაურით “ქართველ დემონსტრანტებს პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მომწამვლელ ნაერთს ასხამდნენ, ვარაუდობს BBC-ის მტკიცებულებები” (WW1 toxic compound sprayed on Georgian protesters, BBC evidence suggests). ჟურნალისტურ მასალაზე მუშაობისას BBC World Service-ის წარმომადგნელები ესაუბრნენ ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ინფორმატორებს საქართველოს სპეცრაზმიდან და ექიმებს. მათი ცნობით, აღმოჩენილი სამხილები მიანიშნებს, რომ აქციების დაშლისას გამოიყენებოდა აგენტი, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა “კამიტი” უწოდეს. სტატიის ავტორები წერენ, რომ “კამიტი” პირველი მსოფლიო ომის დროს ფრანგები გერმანელების წინააღმდეგ იყენებდნენ. მისი შემდგომი მოხმარების შესახებ ბევრი ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი, თუმცა ცნობილია, რომ მისი ხანგრძლივი ეფექტის გამო 1930 წელს მოხმარებიდან ამოიღეს, “კამიტის” ნაცვლად კი ცრემლმდენ აირს იყენებენ.

BBC სტატიაში წერს, რომ შეძლეს ორი ნივთიერების იდენტიფიცირება, ესენია “ქიმიური სითხე UN1710” და “ქიმიური ფხვნილი UN3439”. ჟურნალისტები შეეცადნენ ნივთიერებების იდენტიფიცირება მოეხდინათ. მათი ცნობით, UN1710 ტრიქლორეთილენის (TCE) კოდია და სხვა ქიმიკატებს წყალში ხსნის. მათივე ინფორმაციით, UN3439 სამრეწველო ქიმიკატების გაერთიანების ქოლგა ტერმინია და მასში შემავალი ყველა ნივთიერება სახიფათოა. გამოძიებაზე მუშაობისას დადგინდა, რომ UN3439-დან ერთადერთი ნივთიერებაა გამოყენებული არეულობების ჩასახშობად. ნივთიერების სახელია “ბრომბენზილ ციანიდი” (bromobenzyl cyanide), რომელიც მოკავშირეებმა პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს.
BBC-სთან საუბრისას პროფესორი კრისტოფერ ჰოლსტეგი ამბობს, რომ “კამიტის” ძლიერი, ხანგრძლივი მოქმედება და შეკავების ფუნქცია აქვს. ნივთიერების გამოყენების შემდეგ ადამიანებს გარკვეული დროით ადგილის დატოვება მოუწევთ და კლინიკაში გადაყვანა დასჭირდებათ. “კამიტის” პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ამერიკაც იყენებდა, თუმცა ის ხმარებიდან ცრემლმდენი აირის გამოყენების შემდგომ გაქრა.
რა მტკიცებულებებს ეყრდნობა BBC აქციების დაშლისას “კამიტის” გამოყენების შესახებ?
BBC-ის სრული სიუჟეტის გაანალიზებით აშკარა ხდება, რომ გამოძიება კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევას იყენებს აქციებში მონაწილე პირების მიერ დასახელებული სიმპტომების გასაანალიზებლად. სიუჟეტში BBC-ის ასევე აქვს წარმოდგენილი ინტერვიუ შეიარაღების სამსახურის ყოფილ უფროს ლაშა შერგელაშვილთან, რომელიც ქიმიურ ფხვნილსა და სითხეზე საუბრობს. გარდა ამისა, BBC-ის ცნობით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აღჭურვილობის აღწერის დოკუმენტი, სადაც იგივე ნივთიერებებია დასახელებული, თავადაც მოიპოვეს. სიუჟეტის მიხედვით, სხვა ყოფილ მაღალჩინოსან ოფიცრებსაც ესაუბრნენ და “მათ დაადასტურეს ამ ქიმიკატებისა და მათი გამოყენების პროტოკოლის არსებობა”. ასევე, ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე საუბრობს პროფესორი კრისტოფერ ჰოლსტეგი, რომელსაც, სიუჟეტის ავტორების ცნობით, მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია გააცნეს და “ქიმიკატების გამოვლენის მიზნით” მიმართეს.

კონსტანტინე ჩახუნაშვილის, გელა ხასაიას და თამარ ონიანის ინტერვიუები
BBC-ის სიუჟეტის ის ნაწილი, რომელშიც წყლის ჭავლის გამოყენებასა და მის შედეგებზე საუბრობენ, აქტივისტისა და “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრის, გელა ხასაიას ინტერვიუთი იწყება. ხასაია აქციის წყლის ჭავლით დაშლას იხსენებს და საკუთარ გამოცდილებასა და სიმპტომებზე საუბრობს.
გელა ხასაია (8:18): “მანქანა რომ დავინახეთ, რომ მოიყვანეს წყლის ჭავლის, მიჩვეული ვიყავი და რა უნდა იყოს ახალი-მეთქი. მაგრამ იდგა რაღაც მძაფრი სუნი, რომელიც სუნთქვას აძნელებდა. წყალში იყო გარეული რაღაც ნივთიერება, რომელიც დასველებასთან ერთად გწვავდა. თან, მაშინ დაზიანებები მქონდა სახეზე, პოლიციელების მხრიდან მოყენებული და ამ დაზიანებებზე ეს რაღაც გარეული წყალი რომ მხვდებოდა, შემდეგ იწვევდა უფრო დიდ ტკივილს. კანის აქერცვლა, არანორმალური ქავილები მქონდა. მან [ექიმმა] დამიდასტურა, რომ ეს არის რაღაც უცხო ნივთიერებებისგან გამოწვეული კანის პრობლემა. სადღაც ერთ თვე ეს პრობლემა მქონდა.
სიუჟეტის შემდეგ ნაწილში ვისმენთ კონსტანტინე ჩახუნაშვილის ინტერვიუს, რომელიც წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ წვასა და ტკივილზე საუბრობს:
კონსტანტინე ჩახუნაშვილი (11:50): “კანზე პატარა წვეთიც კი საკმარისი იყო ძლიერი ტკივილის გამოსაწვევად. მას შესხურების ძალიან ფართო რადიუსი აქვს, მაგრამ, ასევე, პირდაპირიც – ზუსტი დამიზნების შესაძლებლობა. თუნდაც მცირე წვეთები მოხვედრილიყო კანზე, წვას გრძნობდი და თუ ნიღაბი არ გეკეთა, ტკივილი ისეთივე იყო, თითქოს წიწაკის სპრეი შეგესხათ. [რამდენ ხანს გრძელდებოდა] არ ვიცი, დღეების განმავლობაში, ვერ ჩამოვრეცხე.”
წყლის ჭავლის გამოყენების შედეგების გაცნობის შემდეგ BBC-ის სიუჟეტში საუბარია (11:30-დან) კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევაზე. ჟურნალისტი ამბობს, რომ ჩახუნაშვილმა სამედიცინო გამოძიების ჩატარება გადაწყვიტა, რათა დაედგინა, გრძელდებოდა თუ არა რომელიმე სიმპტომი სამ თვეზე მეტხანს. სიუჟეტის მიხედვით, კვლევაში აქციის 350-მდე მონაწილემ მიიღო მონაწილეობა და მათ ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლში შერეული უცნობი ნივთიერების ზემოქმედება განიცადეს. სიუჟეტის ამ ნაწილში კვლევის მიერ აღმოჩენილ რაიმე ქიმიურ ნივთიერებაზე საუბარი არ არის, BBC ნივთიერებების საკითხზე კონსტანტინე ჩახუნაშვილს არ ეყრდნობა და სიუჟეტის ამ მონაკვეთში ვისმენთ, რომ “რთულია იმის დადგენა, რამ გამოიწვია კონკრეტული სიმპტომები”.
კონსტანტინე ჩახუნაშვილი (13:30): “სამიდან ორს ხველება ჰქონდა. ორიდან ერთს – სუნთქვის გართულება. სისხლის მაღალი წნევა 283 ადამიანს გამოუვლინდა, გულის აჩქარება – 150-ს. როდესაც ვინმე რაიმე სიმპტომებზე ჰყვება, ეს ეპიზოდური მტკიცებულებაა, ხომ? ჩვენ შევეცადეთ, ნამდვილი მონაცემები შეგვეგროვებინა, რათა მომხდარიყო მათი დათვლა და სიმპტომების დახარისხება.”
გამოძიებაში საუბარია კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ დასრულებულ კვლევაზე, რომლის მიერ მიღებული შედეგებითაც, როგორც სიუჟეტში ვისმენთ, “კვლევის მონაწილეთა ნახევარს გრძელვადიანი უკუჩვენებები დაუდგინდა, რომლებიც 30 დღეზე მეტხანს გაგრძელდა. რიგ შემთხვევაში, კონსტანტინემ შემაშფოთებელი ცვლილებები გულსა და ფილტვებში შენიშნა”.
კონსტანტინე ჩახუნაშვილი (35:25): “ჩვენ დავადგინეთ ტ-ტალღების გადიდება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიპოქსიით, რაც ნიშნავს, რომ გული ჟანგბადის საჭირო რაოდენობას არ ღებულობს და მარჯვენა წინაგული შეცვლილია. ასევე გამოვავლინეთ, რომ გრძელვადიან პერიოდში ზოგ ადამიანს ღებინება, გულისრევა და სუნთქვის უკმარისობაც უფიქსირდებოდა. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ სიმპტომები წარმოიშვა ზემოქმედების შემდეგ და ზოგიერთი მათგანი 30 დღეზე მეტხანს გაგრძელდა, რაც ბუნებრივია, საგანგაშო ნიშანია”.
შესაბამისად, ჩახუნაშვილის კვლევა იმ ადამიანების სიმპტომების შესწავლასა და აღრიცხვას ეხებოდა, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ და წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდნენ. კონსტანტინე ჩახუნაშვილთან ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტი განმარტავს (36:10), რომ ”ამ კვლევამ წყლის ჭავლში შერეული ქიმიური ნივთიერების ზუსტი შემადგენლობა ვერ დაადგინა”.
სიუჟეტის შემდეგ ნაწილში BBC ასევე გვთავაზობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, თამარ ონიანის ინტერვიუს. სიუჟეტის ავტორი ამბობს (14:35), რომ საია-ს გუნდმა პროტესტის 100-ზე მეტი მონაწილის ჩვენება შეაგროვა და “ამ მტკიცებულებამ გამოავლინა, რომ ამოუცნობი ნივთიერება პროტესტის პირველ კვირას იქნა გამოყენებული”.
თამარ ონიანი (14:23): “ინფორმაცია იმაზე, რომ წყალში, შესაძლოა, რაღაც ამოუცნობი ქიმიური გამღიზიანებლები ყოფილიყო, პროტესტის პირველივე დღეებში გაჩნდა.
(15:16) ქიმიური გამღიზიანებლები ათასობით ადამიანის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. ამ ქიმიკატების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის უცნობია. ეს შენარევი ასევე მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაზე, დაშალოს აქცია და ასევე ჰქონდეს დაშინების ეფექტი მონაწილეებზე”.
ინტერვიუ ირაკლი შაიშმელაშვილთან და ლაშა შერგელაშვილთან, BBC-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტი
BBC ესაუბრა გდდ-ს სამმართველოს ყოფილ უფროს ირაკლი შაიშმელაშვილს, რომელმაც უწყებაში არსებულ სიტუაციასა და მის მიერ სამსახურის დატოვებაზე ისაუბრა. ინტერვიუს ბოლო ნაწილში ის ასევე ამბობს:
ირაკლი შაიშმელაშვილი (28:38): “წყლის ჭავლის მანქანებში შესაბამისი ქიმიური ნივთიერებების შერევა და შემდგომ წყლის ჭავლის მანქანის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, მინისტრის მოადგილე. ასეთი ბინძური ჯაჭვი არის შეკრული.”
კონკრეტული ქიმიკატების სახელსა და შემადგენლობაზე საუბარია სიუჟეტის იმ ნაწილში, რომელშიც მაყურებელი გდდ-ის შეიარაღების სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა შერგელაშვილის ინტერვიუს ისმენს.
ლაშა შერგელაშვილი (37:33): “მოდის პირველი „ტომა“ [წყლის ჭავლის მანქანა], რომელიც ასხამს წყლის ჭავლს. მე, პირადად, არ შემიძლია დავადგინო, როდესაც ვხედავ წყლის ჭავლს, მასში შერეულია თუ არა ქიმიკატები. […] ჩემი იქ მსახურობის დროს, მე ვიცოდი ყველაფერი, რაც მქონდა, ვიცოდი ყველა ის საშუალება, ყველა ის საბრძოლო მასალა, ყველა ის იარაღი. […] კადრები მახსოვს, მამაკაცი, რომელიც გამორბის და ყვირის თან, რომ რაღაც არის შერეული წყალში. მე მაშინვე მივხდი რომ ეს იყო ის სითხე, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით. […] რაც შეეხება ქიმიურ სითხეს, რომელიც შედგება ორი კომპონენტისაგან: 3439 ქიმიური ფხვნილი და 1710 ქიმიური სითხე. მომზადების პროცესში მე რაც მაქვს ნანახი, ესენი იყო 20 ლიტრიანი ჭურჭელი, ხოლო ქიმიური ფხვნილი იყო პლასტმასის ლიტრიანი ბანკები. რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში – თავის ქალა, ჩონჩხი და ძვლები [ეხატა]. ქიმიური სითხის ტესტირება ჩვენ ჩავატარეთ მალევე, როდესაც ეს მივიღეთ. ორმა, მაგალითად, გული აერიათ და არწყიეს. მათ შორის, ახლოში ვიდექი მეც, მეც მაინტერესებდა, რომ საკუთარ თავზე გამომეცადა, შევეცდები, უბრალოდ, აღვწერო – გაქვს წვა, თვალების წვა, სუნთქვა გიჭირს. შენ თუ გაზს, წიწაკის გაზს, თუ სუნთქავ – პირს გააღებ და სუნთქავ, შენ შეგიძლია ეს გადაიტანო მაგრამ ამ ქიმიური სითხის შემთხვევაში, არ შემიძლია ანალოგიური საშუალება მოვიყვანო, მის ეფექტთან დაკავშირებით”.
სიუჟეტის ავტორის ცნობით, რესპონდენტმა უთხრა, რომ წარსულში წყლის ჭავლისთვის განკუთვნილი ქიმიური ნარევის გამოცდა დაევალა, რომელიც ჩვეულებრივ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი აღმოჩნდა. ჟურნალისტი ციტირებს რესპონდენტის სიტყვებს, რომ მან ქიმიკატების არგამოყენების რეკომენდაცია გასცა, რომელიც არ გაითვალისწინეს – “წყლის ჭავლის მანქანების ავზებში ქიმიკატები მაინც შეურიეს და ასე ხდებოდა მთელი მისი სამსახურებრივი ვადის განმავლობაში, 2022 წლამდე.”
გარდა ამისა, BBC-ის ცნობით, მათ მოიპოვეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აღჭურვილობის აღწერის საბუთი, რომელიც აღნიშნულ პერიოდს ეხება და მკაცრად კონფიდენციალურია. მათივე ინფორმაციით, დოკუმენტის ავთენტურობა გადაამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ ორი ქიმიკატი, რომლებზეც ლაშა შერგელაშვილი საუბრობს, აღნიშნულ სიაშია, მათი შერევის ინსტრუქციასთან ერთად. ასევე, სიუჟეტის ავტორების სიტყვებით, ლაშა შერგელაშვილს ყოფილ კოლეგებთან კონტაქტი ჰქონდა და მათ დაუდასტურეს, რომ აღნიშნული ქიმიკატები რუსთაველზე 2024 წელს გამოიყენეს. BBC-ის ინფორმაციით, სხვა ყოფილ მაღალჩინოსან ოფიცრებსაც ესაუბრნენ და “მათ დაადასტურეს ამ ქიმიკატებისა და მათი გამოყენების პროტოკოლის არსებობა”.

ინტერვიუ კრისტოფერ ჰოლსტეგთან, სანდრა ნიქსონთან და ელის ედვარდსთან
BBC-იმ ასევე ჩაწერა ინტერვიუ ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის საკითხებში ექსპერტთან, პროფესორ კრისტოფერ ჰოლსტეგთან, რომელსაც, სიუჟეტის მიხედვით, “ქიმიკატების გამოვლენის მიზნით” მიმართეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ დასახელებული პირველი ქიმიკატის, სითხის ამოცნობა მარტივია და ის ტრიქლორეთილენია.
კრისტოფერ ჰოლსტეგი (42:20): “ეს თავსატეხია. რა შეურიეს წყალს და რა გამოიყენეს, რა სახის მტკიცებულება გვაქვს, რომელიც დაგვეხმარება ამ ქიმიკატების დადგენაში – ამ საქმით ძალიან დავინტერესდი. ტრიქლორეთილენი ადვილად აღწევს კანში, ფილტვებსა და კუჭ-ნაწლავში. ის მოქმედებს ნერვულ სისტემასა და კარდიოვასკულარულ სისტემაზე, მას ღვიძლზეც მოქმედება შეუძლია. ეს ნამდვილად არ არის ქიმიკატი, რომელიც შეგიძლია, ხალხს პროტესტის დროს შეასხა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია დოზებზე და რაც უფრო დიდია დოზა, გართულების უფრო დიდი შანსია. ქიმიკატი მაღალი წნევის დანადგარშია ჩასხმული. რაც უფრო ახლოს ვართ წყლის ჭავლის მანქანასთან, საგანგაშო არა მხოლოდ აეროზოლის შესუნთქვა ან კანზე მოხვედრაა, არამედ არსებობს იმის შანსიც, რომ ამ ნივთიერების საკმაოდ დიდი რაოდენობა პირში მოგვხვდეს და გადავყლაპოთ. როგორც ტოქსიკოლოგს, ეს ძალიან მაშფოთებს.”
სიუჟეტში ასევე განხილულია ნახსენები მეორე ნივთიერება, ფხვნილი UN3439, რომლის ამოსაცნობადაც, BBC-ის ცნობით, დოქტორმა ჰოლსტეგმა და მისმა კოლეგამ, დოქტორმა სანდრა ნიქსონმა იმსჯელეს. სიუჟეტის მიხედვით, მათ BBC-ის მიერ მოძიებულ ინფორმაციას გადახედეს: “კონსტანტინეს სამედიცინო კვლევა, მოწმეების ჩვენებები და მოხსენებები ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ. ჩვენ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მათ ჰიპოთეზა აქვთ”. BBC მაყურებელს აცნობს მათ თეორიას, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ნივთიერება არის ქიმიური ნივთიერება, სახელად “კამიტი”, ანუ CA – “პირველად ის პირველი მსოფლიო ომის დროს ფრანგულმა ჯარმა გერმანელების წინააღმდეგ გამოიყენა, შემდგომ მას ამერიკული პოლიცია არეულობის სამართავად იყენებდა, მაგრამ მალევე შეწყვიტეს და უფრო უსაფრთხო ვარიანტებზე გადავიდნენ.”
კრისტოფერ ჰოლსტეგი (44:51): “თანამედროვე საზოგადოებაში “კამიტის” გამოყენება არ მინახავს. “კამიტი” პირველი მსოფლიო ომის დროს შეიქმნა. მას ეფექტურად იყენებდნენ არეულობის დასაშლელად ან გამაღიზიანებელ ნივთიერებად. “კამიტი” ძალიან გამაღიზიანებელია, რძელვადიანი ეფექტით, პოტენციურად შეუძლია, ფილტვებზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს, მაგალითად, გამოიწვიოს ხველა, შექმნას პნევმონიების მაღალი რისკი. გაურკვეველია, კუჭ-ნაწლავის რა სიმპტომების გამოწვევა შეუძლია, ღებინების ჩათლით. ჩემი აზრით, საკითხავია, რატომ გადაწყვიტეს ამის გამოყენება? ნაწილობრივ, გრძელვადიანი ეფექტების გამო. ის ადამიანებს დიდი ხნით იცილებს. ამის განეიტრალებას ვერ შეძლებდნენ. საავადმყოფოში უნდა წასულიყვნენ, ლოკაცია უნდა დაეტოვებინათ. თუ ნამდვილად ამასთან გვაქვს საქმე და ეს ქიმიკატი დააბრუნეს, ეს უაღრესად სახიფათოა”.
სიუჟეტის მიხედვით, BBC-იმ მიგნებები ასევე გააცნო გაეროს სპეციალურ მომხსენებელს წამების საკითხებში, ელის ედვარდსს.
ელის ედვარდსი (46:10): “საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეფექტი დროებითი იყოს. გრძელვადიანი პრობლემები, მაგალითად, სასუნთქი გზების ხანგრძლივი დაზიანებები ან შესაბამისი გულის პრობლემები ვერ ჩაითვლება დროებითად და დასაშვებად. ყველა ეს შემთხვევა გამოძიებული უნდა იყოს, მათ შორის, წამების და არასათანადო მოპყრობის კუთხით. […] წყლის ჭავლში სხვადასხვა ტოქსინების შერევა, ჩემი აზრით, ყველანაირად არასაჭიროა, იმის გათვალისწინებით რომ ამას ნაკლები საერთაშორისო რეგულაცია აქვს. ჩემი შეფასებით, ეს ექსპერიმენტული იარაღის სახეს იღებს, მოსახლეობაზე ექსპერიმენტების ჩატარება კი ყველანაირად დაუშვებელია. ეს ადამიანის უფლებათა ცალსახა დარღვევაა”.
სიუჟეტში ასევე მოყვანილია “ქართული ოცნების” პასუხი, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის ბრალდება “ღრმად არასერიოზული” და “აბსურდულია” და სამართალდამცავები კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებდნენ.
გამოხმაურება და გამოძიება BBC-ის ჟურნალისტურ მასალაზე
ხელისუფლება უარყოფს “კამიტის” შეძენასა და მის საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოყენებას. ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლისას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მყოფი ვახტანგ გომალაური ამბობს, რომ შსს 2012 წლამდე ყიდულობდა და იყენებდა მსგავს ნივთიერებას, ბოლოს კი, მისი თქმით, 2009-2010 წელს შეიძინეს. გომელაურისგან განსხვავებულ განცხადებას აკეთებს მოქმედი შს მინისტრი გელა გელაძე. მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია ე.წ. კამიტი.
BBC-ის ჟურნალისტური მასალის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სუს-ის განცხადებით ცნობილი ხდება, რომ ისინი გამოძიებას ჩაატარებენ 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. “გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია,” – წერია უწყების განცხადებაში. 2 დეკემბერს კონსტანტინე ჩახუნაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
BBC-ის ჟურნალისტურ მასალას გამოეხმაურა პარტია “ქართული ოცნებაც”. მათი შეფასებით, სტატია შეიცავს აბსურდულ და ცრუ ინფორმაციას, ასევე ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თითქოს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებენ საერთაშორისო სასამართლოში. პარტიის მტკიცებით, ჟურნალისტური მასალა “კრიმინალების მონათხრობზეა აგებული” და მათ მიერ შეკითხვებზე დასაბუთებული პასუხები მასლააში არ გააშუქეს. პარტია BBC-ის ჟურნალისტურ მასალას აღიქვამს, როგორც საქართველოს მთავრობის, პოლიციისა და საქართველოს სახემწიფოებრიობისთვის ჩირქის მოსცხების მცდელობას.
ტელეკომპანია “ფორმულამ” BBC-ის საპასუხო წერილი გამოაქვეყნა. მედია იმეორებს, რომ მათი ჟურნალისტური გამოძიება არაერთი ექსპერტის მოსაზრებას, ფაქტსა და აქციებისას დაშავებული დემონსტრანტების მონაყოლს ეყრდნობა. “ეს რეპორტაჟი მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები აუდიტორიას ნათლად წარედგინა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს,” – წერია BBC-ის განცხადებაში საქართველოს შესახებ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით.



















