3 ივლისს პროსახელისუფლებო მედიებმა “ხალხის ძალის” წარმომადგენლის, გურამ მაჭარაშვილის განცხადება გაავრცელეს (1,2,3,4). მაჭარაშვილის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რეზოლუციაში ამერიკის მხარემ ისეთი ცვლილებები შეიტანა, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, კერძოდ კი, აფხაზეთი და სამაჩაბლო რეზოლუციაში ცალკე არის მოხსენიებული. იდენტური მტკიცება გაჟღერდა სოსო მანჯავიძის გადაცემაში. წამყვანის თქმით, რეზოლუციაში მოხსენიებულია სამი მხარე: საქართველო, აფხაზეთი და ცხინვალი. გადაცემაში მიწვეული სტუმარი, პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი იმეორებს იმავე მტკიცებას და აცხადებს, რომ რუსული ოკუპაციის საკითხი დოკუმენტში შეტანილი არ ყოფილა.
გავრცელებული ინფორმაცია ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მმართველი პარტიის მიერ რეზოლუციაზე ხელის არმოწერის მიზეზი სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გარკვეული ფორმულირება გახდა.
ერი მედია, სოსო მანჯავიძე: „ეუთოს რეზოლუციაში მოხსენიებულია 3 მხარე, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია აფხაზეთი და ცხინვალი და მოწოდება არის, რომ აი ამ სამ ხარეს შორის მოხდეს მოლაპარაკება. ქართული დელეგაციის მოთხოვნას, რომ რუსეთი ყოფილიყო მხარე და ასე იყო სხვათაშორის წინა რეზოლუციებში, ყურადღება არ მიექცა და მივიღეთ ეს რეზოლუცია, რაც გააპროტესტა ქართულმა დელეგაციამ…”
ინფორმაცია, თითქოს რეზოლუციაში აფხაზეთი და სამაჩაბლო ცალკე არის მოხსენიებული, მანიპულაციურად ვრცელდება. მართალია, რომ რეზოლუციაში თავდაპირველად შედიოდა ფორმულირება, რომელშიც მოხსენიებული იყო „თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი“, თუმცა, ეს კონკრეტული ფორმულირება არ შევიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოოდ მიღებულ დეკლარაციაში. ამ ცვლილების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ დეკლარაციას მხარი მაინც არ დაუჭირა. დეკლარაცია მკაფიოდ მოუწოდებს რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიური სესია თემაზე “ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა” 2024 წლის 29 ივნისიდან 3 ივლისამდე ბუქარესტში გაიმართა. ასამბლეაზე მიღებული დეკლარაცია მოიცავს რეკომენდაციებს უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების, ეკონომიკისა და ეკოლოგიის სფეროებში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაციის საბოლოო ვერსიას მმართველმა პარტიამ ხელი არ მოაწერა, რამდენადაც მათთვის რეზოლუციის რამდენიმე პუნქტი მიუღებელი აღმოჩნდა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შესახებ რეზოლუციაში დამატებული პარაგრაფი კონფლიქტს არასწორი ფორმულირებით წარმოაჩენდა.
ნიკოლოზ სამხარაძე: გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ფორმულირება, რომელიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს, ჟენევის მოლაპარაკებებში ბოლო 16 წლის განმავლობაში, მიაღწიოს – წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე. ტექსტი შესწორებიდან – „თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის შერიგება საჭიროა“.
“ქართული ოცნების“ დელეგაციისთვის მიუღებელი კიდევ ორი ჩანაწერი იყო. მათგან ერთი ეხებოდა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისიის შექმნის საკითხს. დეკლარაციაში ხაზგასმული იყო ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის თანახმად, ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, რვაში ჯერ კიდევ ჩასატარებელია, თუმცა საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნების არჩევნები ნახსენები არ იყო, რაც დაუბალანსებელი მიდგომაა. “ქართული ოცნებისთვის” ასევე პრობლემური იყო პოლარიზაციასთან დაკავშირებული საკითხი. სამხარაძის თანახმად, პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს გარდა ასევე არის სხვა ქვეყნებშიც და მიუღებელია, როდესაც მხოლოდ საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზე საუბრობენ და არ საუბრობენ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე აშშ-ში, გერმანიაში, ჰოლანდიაში თუ ეუთოს წევრ სხვა ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ 3 ივლისს, კენჭისყრისას, დოკუმენტიდან ამოიღეს ის პარაგრაფი, რომელშიც, სამხარაძის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული წინადადება შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: „თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის შერიგება საჭიროა“ (Tbilisi-controlled Georgia, Abkhazia, and South Ossetia need to reconcile) ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტს აღარ დაემატა შესწორება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, რეზოლუციის ტექსტი არჩევნებისა და პოლარიზაციის საკითხებზე შეიცავდა ისეთი სახის ჩანაწერებს, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელი იყო. რეზოლუციის საბოლოო ვერსია მკაფიოდ მოუწოდებს რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ. დეკლარაციაში ასევე ნათლად არის აღნიშნული რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით აქტიური ჩართულობის გაგრძელების როლი. დეკლარაციაში ასევე დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება, იქ მცხოვრებ ადამიანთა ძირითადი თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევა, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგად, ასევე ორივე რეგიონის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების შეცვლა და წაშლა.
ეუთოს მიერ მიღებულ დეკლარაციაში ასევე გაკრიტიკებულია საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი პოლიტიკა. კერძოდ კი, გამოხატულია შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო. ასამბლეა დეკლარაციის 25-ე პუნქტში გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას კრემლის მიერ მხარდაჭერილ და კოორდინირებულ ძალისხმევასთან დაკავშირებით, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მყიფე დემოკრატიას და საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ არჩევანს საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედებით, მათ შორის, გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონის მიღებით. დოკუმენტის თანახმად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოში ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად შეზღუდავს ძირითად თავისუფლებებს, როგორებიცაა შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებსა და მომიტინგეებზე.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.