6 აპრილს ფეისბუკ პროფილმა ქაროსა ნი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვის ფრაგმენტით პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის ავტორმა ზელენსკის სიტყვები “უკიდურესად ცინიკურად” შეაფასა, რადგან მისი მტკიცებით, ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა მარიუპოლიდან გამოქცეული მოსახლეობის მონათხრობს “დადგმა და მონტაჟი” უწოდა. პოსტის ავტორის მტკიცებით, ვიდეოში ზელენსკი ასევე ამბობს, რომ მარიუპოლში ცხოვრობენ პირველი კლასის მხატვრები, ბრწყინვალე მსახიობები და ისინი ოსტატურად ასახავენ სასოწარკვეთას, ბრაზს, საშინელებას, დაბნეულობას და ტკივილს.
ქაროსა ნის პროფილს აღნიშნულ პოსტზე ერთდროულად 5 პროფილი აქვს მონიშნული, მათგან 4 კრემლისტური “ალტ-ინფოს”, კონსერვატიული მოძრაობის და “ერი, რაობა, იმედის” მხარდამჭერები არიან (Mate Feradze, ბექა მენაბდიშვილი, თათა თათა, ზურა მჟავანაძე), 1 კი – ახლადშექმნილი პროფილია (Oto Axverdashvili).
ქაროსა ნის პოსტი მანიპულაციურია. რეალურად, თავის მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი საუბრობს რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელიც რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას და სხვების დადანაშაულებას ისახავს მიზნად. კომენტარი მარიუპოლში მცხოვრებ “პირველი კლასის მსახიობებზე და მხატვრებზე” აღნიშნულ ვიდეოში საერთოდ არ არის.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ 5 აპრილს ოფიციალურ ინსტაგრამზე 10 წუთიანი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც მან რუსეთისგან მოსალოდნელი დანაშაულის დამალვის მცდელობაზე და “ცრუ” საინფორმაციო კამპანიაზე ისაუბრა. სწორედ ამ ვიდეომიმართვის 42 წამიანი ფრაგმენტი გამოაქვეყნა ფეისბუქ პროფილმა ქაროსა ნი-მ. აღნიშნულ ფრაგმენტში ზელენსკი უკრაინულ ენაზე შემდეგ განცხადებას აკეთებს:
ვოლოდიმირ ზელენსკი: “ჩვენ გაცილებით მეტი ინსტრუმენტი გაგვაჩნია, ვიდრე მათ, ვინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტები გაასამართლეს. ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ კიევის რეგიონში გამოვლენილი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვის შემდეგ, ოკუპანტებს შესაძლოა, გაუჩნდეთ სხვაგვარი დამოკიდებულება მათ მიერვე ჩადენილი დანაშაულების მიმართ ჩვენი ქვეყნის იმ ნაწილებში, სადაც ისინი შემოსულები არიან. ისინი უკვე იწყებენ დეზინფორმაციის კამპანიას, რათა მიჩქმალონ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის მარიუპოლში ჩადენილი დანაშაული. ისინი ჩაწერენ ათობით დადგმულ ინტერვიუს, დაამონტაჟებენ ჩანაწერებს, სპეციალურად მოკლავენ ხალხს ისე, რომ გამოიყურებოდეს, თითქოს სხვამ მოკლა” (4.00 – 4.42).
ქაროსა ნი – ს მიერ მოყვანილი ტექსტი ზელენსკის მიმართვით მანიპულირებს. სინამდვილეში მიმართვაში პრეზიდენტი ზელენსკი საუბრობს იმაზე, რომ კიევის რეგიონში გამოვლენილი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვის შემდეგ, რუსები მომავალში აუცილებლად შეეცდებიან გააყალბონ ვიდეოები და დადგან ინტერვიუები, რათა მათ მიერ ჩადენილ დანაშეულს თავი აარიდონ. არც მიმართვის სრულ ვერსიაში და არც ქაროსა ნი – ს მიერ გამოქვეყნებულ 42 წამიან მონაკვეთში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლში მცხოვრებ მოსახლეობას მხატვრებს ან მსახიობებს არ უწოდებს. პოსტის ავტორი მანიპულირებს იმ პასაჟით, რომელშიც ზელენსკი რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მეთოდებზე საუბრობს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.