15 ივნისს ფეისბუკ მომხმარებელმა Michael Volik ჯგუფში Russian Canada-Русская Канада გაავრცელა რუკა, რომლის მიხედვითაც, უკრაინას ოდესის, ხარკოვის (უკრ: ხარკივი), ხერსონის, დონეცკის, ლუჰანსკისა, ყირიმის და ლვოვის (უკრ:ლვივი) ტერიტორიები საბჭოთა კავშირში ყოფნის პერიოდში გადაეცა და 1922 წელს, როდესაც იგი სსრკ-ის შემადგენლობაში შევიდა, ამ ტერიტორებს არ ფლობდა. იდენტური რუკა 2022 წლის მარტსა და მაისში ანგარიშებმა Leila Rasskazova, Janna Cassini, John Kopiski გაავრცელეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება ნაწილობრივ მცდარია. უკრაინამ საბჭოთა კავშირის შექმნამდე რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და უკრაინის სახალხო რესპუბლიკა ეთნიკურად უკრაინელებით დასახლებულ, მათ შორის ხარკივის, ხერსონისა და დონბასის ტერიტორიებს მოიცავდა. ბოლშევიკების მიერ უკრაინის კვლავ დაყრობის შემდეგ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა დაიშალა, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში კი, რომელიც რუსულ გავლენებს განიცდიდა, 1922 წელს კიევის, ოდესის, ხარკივის, ხერსონის, დონეცკისა და ლუჰანსკის ტერიტორიები შედიოდა. ამ პერიოდისთვის ქვეყნის შემადგენლობაში არ იყო მხოლოდ ყირიმი და ლვივი.
რუსეთის რევოლუციისა და რუსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ უკრაინაში თვითგამორკვევის პროცესი დაიწყო. დროის მოკლე პერიოდში ამ ტერიტორიაზე რამდენიმე გაერთიანება და ფორმირება ჩამოყალიბდა, რომელთაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ ისეთი გაერთიანებებიც, რომლებიც დამოუკიდებლობის იდეას ატარებდნენ. უკრაინის სახალხო რესპუბლიკა ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანება იყო, რომელიც რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე შეიქმნა.
1917 წლის ნოემბერში უკრაინის ცენტრალურმა რადამ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დაფუძნება გამოაცხადა. დოკუმენტში ასახული იყო უკრაინის სახალხო რესპუბლიკის საზღვრები, მათ შორის კიევი, პოდილსკი, ვოლინი, ჩერნიჰივი, პოლტავა, ხარკივი, ხერსონი, ტავრია (ყირიმის გამოკლებით), კატერინოსლავი (დონბასის ტერიტორია). „საზღვრების საბოლოო დემარკაცია კურსკის, ხოლმის, ვორონეჟის და მიმდებარე პროვინციებისა და ოლქების ანექსიასთან დაკავშირებით, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინელია, უნდა დადგინდეს ხალხის ორგანიზებული ნების თანხმობით”, – ნათქვამი იყო დოკუმენტში. ქვეყანაში მთელი ძალაუფლება ცენტრალურ საბჭოს და გენერალურ სამდივნოს ეკუთვნოდა. დოკუმენტში ასევე გამოცხადებული იყო, რომ რუსეთთან ფედერალური კავშირები შენარჩუნებული იქნებოდა.
1918 წლის იანვარში უკრაინაში ბოლშევიკების შესვლის შემდეგ უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. უკრაინის საზღვრებში ყოფილი რუსეთის იმპერიის ის ტერიტორიები მოექცა, სადაც უკრაინელი მოსახლეობა ცხოვრობდა (კიევი, ვოლინი, პოდოლსკი, ხერსონი, ჩერნიჰივი, პოლტავას, ხარკივის, კატერინოსლავის პროვინციები და ჩრდილოეთ ტავრიის ოლქები). რაც შეეხება ლვივს, ის 1918 წელს დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა, პოლონეთ-უკრაინის ომის შემდეგ კი პოლონეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში გადავიდა და 1939 წლამდე მის საზღვრებში იყო.
ასევე, 1919 წელს, უკრაინის დელეგაციამ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარმოადგინა რუკა, რომელზედაც ყირიმი, ყუბანი, დონის კაზაკთა რეგიონის და სლობოდას უკრაინის ზოგიერთი ტერიტორია უკრაინის სახალხო რესპუბლიკის საზღვრებში შედიოდა. თუმცა, სამოქალაქო ომში უკრაინის დამოუკიდებლობის მომხრეების დამარცხების გამო ეს გეგმები აღარ განხორციელდა.
1919 წლის დასაწყისში უკრაინის სახალხო რესპუბლიკა დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკასთან გაერთიანდა, რაც მთელი რიგი იმ ტერიტორიების მიერთებას გულისხმობდა, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში იყო. ამის შემდეგ უკრაინაში ისევ გამძაფრდა დაძაბულობა და პარალელურად დაიწყო ომი პოლონეთის რესპუბლიკასთან, თუმცა საბოლოოდ კონფლიქტი ზავით დასრულდა და 1921 წელს რიგის სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში დასავლეთ უკრაინის ნაწილი პოლონეთმა და უკრაინის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ გადაინაწილეს.
უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ არსებობა 1920 წელს წითელი არმიის იერიშის შემდეგ შეწყვიტა.
1920 წლის 23 მარტიდან 1922 წლის 16 ოქტომბრამდე უკრაინის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა ჩერნიჰივის, დონეცკის, კატერინოსლავის, ხარკივის, კრემენჩუკის, კიევის, მიკოლაივის, ოდესის, პოდოლსკის, პოლტავას, ვოლინისა და ზაპორიჟიას ოლქებისგან შედგებოდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა 1919 წელს ბოლშევიკური რუსეთის შეარაღებული აგრესიის შედეგად წარმოიქმნა და რუსულ გავლენებს უკრაინის სრულად გასაბჭოებამდე განიცდიდა.
ფაქტობრივად, უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკა სსრკ-ში შესვლის დროს მოიცავდა არა მხოლოდ მთელ უკრაინულ დონბასს, არამედ რუსეთის ფედერაციის თანამედროვე როსტოვის ოლქის ნაწილსაც, მათ შორის ტაგანროგს. აღსანიშნავია, რომ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პირველი დედაქალაქი ხარკივი იყო, რომლიც 1919 წლიდან უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. შესაბამისად, მტკიცება, რომლის თანახმადაც, 1922 წელს ხარკივი უკრაინის შემადგენლობაში არ შედიოდა, საფუძველს მოკლებულია. ხარკივის გარდა 1922 წელს უკრაინის შემადგენლობაში იყო ოდესის, ხერსონის, დონეცკისა და ლუჰანსკის ტერიტორიებიც. აღსანიშნავია, რომ ქალაქ დონეცკს 1924 წლამდე იუზოვკა (Юзівка) ეწოდებოდა, ლუჰანსკი კი 1935 წელს დაარსდა და 1922 წლისთვის დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე იყო.
მითების დეტექტორი ამ თემასთან დაკავშირებით უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, უკრაინის ისტორიის ინსტიტუტის მკვლევარს – ვიტალი სკალსკის დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის საბოლოო გასაბჭოებამდე, აღნიშნული ტერიტორიები უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკას ეკუთვნოდა, თუმცა რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკას მათზე დიდი გავლენა ჰქონდა.
ვიტალი სკალსკი: უკრაინის საბოლოო გასაბჭოებამდე, 1922 წლამდე, უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკა, მოიცავდა კიევის, ოდესის, ხარკივის, ხერსონის, დონეცკისა და ლუჰანსკის ტერიტორიებს. ის ფორმალურად არსებობდა, როგორც რესპუბლიკა, თუმცა არ იყო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. დოკუმენტების ხელმოწერა რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის მიერ ან მათი კონტოლით ხდებოდა.
ის რომ უკრაინას ზღვაზე გასასვლელი ჰქონდა, ადასტურებს თავად ლენინისა და ტროცკის გამოსვლები. 1919 წლის 16 აპრილს მოსკოვის რკინიგზის მუშათა კონფერენციაზე გამოსვლისას, ვლადიმერ ლენინმა განაცხადა, რომ უკრაინის დაპყრობით რუსეთის ძალა სულ უფრო მეტად და მეტად ძლიერდებოდა, რასაც დონეცკის აუზიდან საწვავის მიმღების შესაძლებლობა და საკვების წყაროები იძლეოდა:
ვლადიმერ ლენინი: ახლა, უკრაინის დაპყრობით და დონზე საბჭოთა ხელისუფლების გაძლიერებით, ჩვენი ძალა ძლიერდება. ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ გვაქვს პურის და საკვების წყაროები, დონეცის აუზიდან საწვავის მიღების შესაძლებლობა. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მიუხედავად ურთულესი თვეების მოახლოებისა, როდესაც სასურსათო კრიზისი გაუარესდა, როდესაც ჩვენი ტრანსპორტი გაცვეთილია და განადგურებულია, ჩვენ მაინც გადავურჩებით ამ კრიზისს. უკრაინაში უზარმაზარი რეზერვებია, მარცვლეულის ჭარბი რაოდენობა,ძნელია მათი ერთბაშად აღება – იქ ჯერ კიდევ პარტიზანიზმია, იქ გლეხებს გერმანელების სასტიკი ბატონობა აშინებთ. ჩვენ უნდა გავგზავნოთ მინიმუმ 3000 რკინიგზის თანამშრომელი, გლეხების ნაწილი მშიერი ჩრდილოეთ რუსეთიდან, უკრაინაში.”
ასევე, წითელი არმიის დამაარსებელი და რუსეთის რევოლუციური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე, ლევ ტროცკი ამბობდა, რომ უკრაინული ნედლეულისა და ზღვის გარეშე რუსეთი ვერ შეძლებდა არსებობას.
ლევ ტროცკი: “უკრაინული ქვანახშირის, რკინის, მადნის, პურის, მარილის, შავი ზღვის გარეშე რუსეთი ვერ იარსებებს, ის გაიგუდება, და მასთან ერთად საბჭოთა ხელისუფლებაც, და ჩვენც თქვენთან ერთად”.
უკრაინის გასაბჭოების შემდეგ მისი საზღვრები არაერთხელ შეიცვალა. 1924 წელს რუსეთის საბჭოთა ფედერაციულმა სოციალისტურმა რესპუბლიკამ ტაგანროგის რეგიონი და დონბასის აღმოსავლეთი ნაწილი ქალაქ კამენსკთან ერთად, რომელიც 1920 წლიდან უკრაინის ნაწილი იყო, მიიერთა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.