10 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” (TI) კვლევის შედეგები, სადაც იგი კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელს სხვა ქვეყნის შედეგებს ადარებს. როგორც პაპუაშვილი წერს, საქართველო რეგიონში კვლავ უპირობო ლიდერია და უსწრებს ევროკავშირის 7 და NATO-ს 10 წევრ ქვეყანას, “რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, აქ საქართველო, რა თქმა უნდა, ყველა მათგანზე წინ დგას”. მისივე სიტყვებით, ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ამხელს რეალობას და “ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ ანგარიშსწორების პოლიტიკა დეზინფორმაციული კამპანიების გზით”.
პაპუაშვილის კომენტართან ერთად აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელეს როგორც პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა (იმედი; რადიო იმედი; POSTV), ასევე საინფორმაციო სააგენტოებმა (GHN; რეპორტიორი; რეზონანსდეილი; ambebi.ge; Spnews; Mega TV; მედიაჰოლდინგი “კვირა”).
კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) მსოფლიოს 182 ქვეყანას საჯარო სექტორში კორუფციის აღქმული დონის მიხედვით აფასებს. ქვეყნები 0-დან 100-მდე ფასდება, სადაც 0 უარყოფითი შედეგია, 100 კი დადებითი. მიუხედავად იმისა, რომ შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია რეგიონში ლიდერობისა და ევროკავშირის კანდიდატ/NATO-ს წევრ ქვეყნებზე მაღალი ქულის შესახებ სიმართლეს შეესაბამება, პარლამენტის თავმჯდომარე და პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები მკითხველს არ აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს შეფასება (50) გულისხმობს, რომ მისი მაჩვენებელი 3 ქულით გაუარესდა და ეს 2013 წლის შემდეგ ქვეყნისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნული დეტალები სრულ წარმოდგენას გვიქმნის ამ მიმართულებით ქვეყნის შეფასებაზე, თუმცა მათ შესახებ გავრცელებულ პოსტებსა თუ სტატიებში არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, ინფორმაცია ინდექსზე მანიპულაციურად ვრცელდება.
რა შედეგი ჰქონდა საქართველოს კორუფციის აღქმის კუთხით წლების განმავლობაში?
2025 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ეყრდნობა: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, “გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, “ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი “დემოკრატიის ვარიაციები“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, “საშუალო ქულა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის. თუმცა, ინდექსი არ ზომავს კორუფციის ისეთ კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია”.
10 თებერვალს Transparency International-ის გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს 2025 წლის კორუფციის აღქმა შეფასებულია 100-დან 50 ქულით, რამაც ქვეყანას 56-ე ადგილი მოაპოვებინა. პარლამენტის თავმჯდომარე და სამთავრობო მედიები ხაზს უსვამენ ქვეყნის მოწინავე პოზიციას რეგიონში, თუმცა ის ფაქტი, რომ საქართველომ ამ კუთხით 3 ქულა დაკარგა 2024 წელთან შედარებით და 2013 წლის შემდეგ კორუფციის აღქმის ინდექსით ყველაზე დაბალი ქულით შეფასდა, უგულებელყოფილია.

2013 წელს საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსით 49 ქულით შეფასდა, თუმცა მომდევნო პერიოდში შეფასება გაუმჯობესდა და მაქსიმალურ 58 ქულას 2018 წელს მიაღწია. 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ქვეყანას 8 ქულიანი უკუსვლა აქვს.

რას წერს Transparency International-ი საქართველოს შესახებ?
Transparency International-ი საქართველოს მაგალითს (ტუნისთან და პერუსთან ერთად) განიხილავს იმის საჩვენებლად, რომ ქვეყანაში იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მთავრობას ამოწმებენ და აკრიტიკებენ, ახალი კანონები მიიღეს.
“[…] მთავრობებმა მიიღეს ისეთი ზომები, როგორიცაა ახალი კანონების მიღება დაფინანსებაზე წვდომის შესაზღუდად ან თუნდაც იმ ორგანიზაციების დახურვა, რომლებიც მათ ამოწმებენ და აკრიტიკებენ. ასეთი კანონები ხშირად თან ახლავს ცილისწამების კამპანიებს და დაშინებას. ასეთ კონტექსტში, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და ინფორმატორებისთვის უფრო რთულია კორუფციის წინააღმდეგ თავისუფლად საუბარი. ასევე, მეტად სავარაუდოა, რომ კორუმპირებული თანამდებობის პირები განაგრძობენ თავიანთი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას”.
ორგანიზაცია თითოეული რეგიონის ცალკეულ ანგარიშში გამოყოფს ქვეყნებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადეს. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ანგარიშში, რომელშიც არ შედის აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აღნიშნულია საქართველოს რეგრესი. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში კორუფციის რისკების ზრდას “დემოკრატიული ეროზია” აჩქარებს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მმართველმა პარტიამ მიიღო კანონები, რომელთა მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმური საქმიანობა კრიმინალიზებულია და დამოუკიდებელი ხმები “უცხოეთის აგენტად” არის მოხსენიებული, რასაც თან სდევს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, მედიის შეზღუდვა, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევა. რეგიონის შესახებ მთავარ მიგნებებში ასევე ვკითხულობთ:
“საქართველოს (50) მაგალითი ასახავს, თუ როგორ უწყობს ხელს დემოკრატიული უკუსვლა კორუფციას. პოლიტიკურად მოტივირებულმა დევნამ, მედიის შეზღუდვებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულმა კანონებმა და ელიტის მიტაცებამ შეასუსტა დამოუკიდებელი ზედამხედველობა, რამაც შექმნა გარემო, სადაც კორუფცია შეიძლება გაიზარდოს”
საერთაშორისო კვლევები ხშირად ხდება მანიპულაციის საგანი. სხვადასხვა ინდექსთან დაკავშირებით “მითების დეტექტორს” მიმოხილვები წარსულშიც აქვს მომზადებული:
- უსწრებს თუ არა საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს მედიის თავისუფლებით და დემოკრატიის ინდექსით?
- რა შედეგი აქვს საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში და როგორ აშუქებს მას სახელისუფლებო მედია?
- სამოქალაქო საზოგადოების ინდექსზე V-Dem-ის მონაცემები უკონტექსტოდ ვრცელდება
- რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების განხილვისას?
- როგორ მანიპულირებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მსოფლიო ბანკის მონაცემებით?
- უსწრებს თუ არა საქართველო კანონის უზენაესობით ევროკავშირის 7 და NATO-ს 11 წევრს?
- მზადდება თუ არა “კარგი მთავრობის ინდექსი” ევროკომისიის დაკვეთით და რას აჩვენებს ის საქართველოს შესახებ?
- “თავისუფლება მსოფლიოში” – რა წერია Freedom House-ის ანგარიშში და როგორ აშუქებს მას სახელისუფლებო მედია?



















