9-11 თებერვალს, პროსახელისუფლებო მედიაში POSTV News, გადაცემაში – “ახალი პარადიგმა” – მერაბ ჭიქაშვილთან ერთად (32.20 – 32.41), რუსულენოვან მედიაში – aif.ru და რუსულენოვან ფეისბუკ-ანგარიშზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის ქონება სამი წლის განმავლობაში 6 მილიონი დოლარიდან 30 მილიონამდე გაიზარდა. აღნიშნული გვერდებიდან ვიგებთ, რომ USAID – ში პაუერის შემოსავალი წელიწადში 180 000 დოლარი იყო, თუმცა მისი ქონება 30 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურად მიანიშნებს, თითქოს USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის შემოსავლის მკვეთრი ზრდა საეჭვოა და შესაძლოა ორგანიზაციის საქმიანობას უკავშირდებოდეს. პაუერის ფინანსურ დეკლარაციებში მისი არაერთი შემოსავლის წყაროა მითითებული, რომელიც USAID-თან კავშირში არ არის, შესაბამისად, არ დასტურდება, რომ მან 30 მილიონამდე თანხა USAID-ში მუშაობით დააგროვა.
სამანტა პაუერის 2020 და 2023 კალენადარული წლების ფინანსური დეკლარაციები ხელმისაწვდომია oge.gov-ზე. დოკუმენტებში მითითებულია მისი და მისი მეუღლის შემოსავლები ჰონორარების ჩათვლით; აქტივები, მათი საბაზრო ღირებულება და დარიცხული სარგებელი.
ფინანსურ დეკლარაციაში მითითებულია შემოსავლები სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით:
- დივიდენდები – კომპანიის მიერ რეგულარულად გადახდილი ფული აქციონერებისთვის.
- პროცენტი – შემოსავალი შემნახველი ანაბრებიდან ან ობლიგაციებიდან.
- ქირა ან ჰონორარები – შემოსავალი წიგნებიდან, პატენტებიდან ან ქონების გაქირავებიდან.
- შემოსავალი კაპიტალიდან – აქციების, უძრავი ქონების ან სხვა ინვესტიციების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი.
- ხელფასი – დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი
- კონსულტაციის საფასური – გადახდები საკონსულტაციო ან პროფესიული მომსახურებისთვის.
- სპიკერის შემოსავალი – გადახდები ღონისძიებებზე/უნივერსიტეტებში გამოსვლისთვის.
აღსანიშნავია, რომ ფინანსურ დეკლარაციაში ეთითება 200 დოლარზე მეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია საანგარიშო პერიოდში. სხვა შემთხვევაში, გრაფაში, ავტორი უთითებს None (არცერთი) (ან $201-ზე ნაკლები) შემოსავალს.
-
სამანტა პაუერის 2020 წლის ფინანსური დეკლარაცია
სამანტა პაუერის დეკლარაციის მიხედვით, მას შემოსავლები სხვადასხვა საქმიანობიდან და წყაროდან ერიცხება. მაგალითად, 2020 წელს, მას ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ხელფასის სახით და საზაფხულო კვლევითი პროექტისთვის მიღებული აქვს 471,167 დოლარი.
-
შემოსავალი ღონისძიებებზე/უნივერსიტეტებში გამოსვლისთვის
2020 წლის ფინანსურ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ პაუერს სხვადასხვა ღონისძიებასა და უნივერსიტეტში სპიკერობისთვის ათეულობით ათასი დოლარი აქვს მიღებული.
- 2020 წლის 28 აგვისტოს, Chautauqua -ის ინსტიტუტში სპიკერობისთვის, ჰონორარის სახით – 44 000 დოლარის მიღება უფიქსირდება.
- 2020 წლის 16 ივნისს, Salesforce Higher Ed Summit – ზე გამოსვლისთვის – 40 000 დოლარი.
- 2020 წლის 5 ოქტომბერს, UBS “State of the World 2020” სპიკერობისთვის – 56 000 დოლარი.
- 2020 წლის 13 ოქტომბერი Standard Chartered “State of the World” – სპიკერობისთვის – 36 800 დოლარი.
სამანტა პაუერი რამდენიმე წიგნის ავტორიცაა. მის დეკლარაცაიში მითითებულია ამ წიგნების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალიც. მას, ასევე, მიღებული აქვს “Aurora -ს ჰუმანიტარული ჯილდო” – 7500 დოლარი.
პაუერს შემოსავლის სახით უფიქსირდება 15,001 – დან 50,000 დოლარამდე დარიცხული სარგებელი კომპანიიდან – The Social+Capital Partership GP III, L.P.
-
ანაბარი სხვადასხვა ბანკში
2020 წელს, სამანტა პაუერს ანაბარი არაერთ ბანკში ჰქონდა გახსნილი . მაგალითად, რამდენიმე ბანკში მას მითითებული აქვს 100 001 – დან 250 000 დოლარამდე თანხა, საიდანაც ამავე წელს, თითოეულში, 201 – დან 5000 დოლარამდე სარგებელი დაერიცხა.
ფინანსურ დეკლარაციაში, ასევე, მითითებულია, რომ პაუერი ფლობს დივიდენდებს სხვადასხვა ფონდებში. თითოეულიდან ამავე წელს 201 – დან 5000 – დოლარამდე შემოსავალი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ამავე დეკლარაციაში მისი მეუღლის, სამართლის მკვლევრის, კეს სანსტეინის შემოსავლებიცაა მითითებული. მაგალითად, მას Bloomberg – ის რუბრიკის ავტორობისთვის 224 100 დოლარი აქვს მიღებული. გარდა ამისა, ათეულობით ათასი დოლარი აქვს მიღებული სხვადასხვა ღონისძიებაზე სპიკერად გამოსვლისთვის. შემოსავლები დაერიცხა მისი წიგნების გაყიდვიდან. მაგალითად, წიგნისთვის Noise, Little, Brown and Company მხოლოდ 2020 წელს მიღებული აქვს 100,001 – დან 1,000,000 დოლარამდე.
-
სამანტა პაუერის 2023 წლის ფინანსური დეკლარაცია
რაც შეეხება 2023 წლის დეკლარაციას, სამანტა პაუერს შემოსავლები ისევ სხვადასხვა წყაროდან უფიქსიდება. მას აქვს დეპოზიტი არაერთ ბანკში, საიდანაც იღებს წლიურ სარგებელს. მაგალითად, მისი ერთ-ერთი ინვესტიციის მიხედვით (US brokerage account), რომელიც 500,001 – დან 1,000,000 დოლარამდე ღირებულებისაა, პაუერს 2023 წელს, სარგებლის სახით, 15,001 – დან 50 000 დოლარამდე დაერიცხა.
2023 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, სამანტა პაუერი აქტივების თანამფლობელია სხვადასხვა ფონდსა და კომპანიაში, საიდანც ასევე ერიცხება შემოსავალი.
პაუერი ისევ იღებს შემოსავლებს მისი საავტორო წიგნების გაყიდვებიდან. მაგალითად, 2023 წელს წიგნიდან “A Problem From Hell” მას 2500 – დან 5 000 დოლარამდე დაერიცხა.
2023 წლის დეკლარაციაში, ასევე მითითებულია მისი მეუღლს, კეს სანსტეინის შემოსავლები. მან, 2023 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ერთი წლის ანაზღაურება 839,904 დოლარი უფიქსირდება. მიღებული აქვს ათობით ათასი დოლარის შემოსავალი მისი წიგნების გაყიდვებიდან სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად, წიგნის “Noise” გაყიდვებიდან, მხოლოდ ერთი წყაროდან, მას 100,001 – დან 1,000,000 დოლარამდე შემოსავალი დაერიცხა.
შემოსავალი უფიქსირდება მისი სხვა წიგნების გაყიდვებიდან.
დეკლარაციაში მითითებულია, რომ სანსტეინი ფლობს აქტივებს არაერთ ფონდსა და კომპანიაში.
სანსტეინი, ასევე, გაწეული კონსულტაციებიდანაც იღებს შემსოავალს. მაგალითად, 2023 წელს მან Boston Consulting Group – დან 80 000 დოლარის შემოსავალი მიიღო.
მიღებული აქვს შემოსავალი სპიკერობიდან სხვადასხვა უნივერსიტეტსა და ღონისძიებაზე.
ფინანსური დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ სამანტა პაუერს და მის მეუღლეს შემოსავალი სხვადასხვა წყაროებიდან უფიქსირდებათ. შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ პაუერმა 30 მილიონ დოლარამდე თანხა USAID-ის მეშვეობით გამოიმუშავა. გამომდინარე იქიდან, რომ დეკლარაციაში მისი ქონების ღირებულების (აქტივები, ანაბრები) დიაპაზონია მოცემული, რთულია მისი შემოსავლის ზუსტი ოდენობის გამოთვლა. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციებში ასევე არ არის მითითებული ის ანაზღაურება, რაც მას USAID-დან ჰქონდა.
თუმცა, 2020 წლის დეკლარაცია ცხადყოფს, რომ პაუერი USAID-ში მუშაობის დაწყებამდე უკვე სოლიდურ ქონებას ფლობდა. 2023 წლის ფინანსურ დეკლარაციაში კი მას ბევრად მეტ კომპანიაში აქვს წილი და აქტივები.
პაუერი USAID – ის ხელმძღვანელის პოზიციას 2021 წლის მაისიდან 2025 წლის იანვრამდე იკავებდა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.