2023 წლის 18 ივნისს ფეისბუქზე გავრცელდა ფოტოკოლაჟი, სადაც ნატოს ლოგო თხის მსგავს რქიან არსებასთან არის გაიგივებული.
ინტერნეტში ფოტოს საძიებო სისტემებმა აღნიშნული ფოტოკოლაჟის შემცველ პოსტს ყველაზე ადრე 2016 წელს მიაკვლია. იგი მომხმარებელმა акацуки-მ რუსულ ბლოგზე otvet.mail.ru-ზე გაავრცელა, სათაურით “რა აქვთ საერთო?”. ამასთანავე ფოტოზე გაკეთებული იყო წარწერა “ნატო და ბაფომეტი”.
ბაფომეტი ერთ-ერთი წარმართული ღვთაების სახელია, რომელიც ოკულტურ და მისტიურ მწერლობას უკავშირდება. არის ვერსია, რომ მას აღმერთებდნენ ტამპლიერები, ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. XIX საუკუნეში კი ამტკიცებდნენ, რომ ბაფომეტი თავისუფალი მასონების სიმბოლო იყო და დემონთან ასოცირდებოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მსგავსი შინაარსის პოსტი წარწერით “ნატო და ბაფომეტი” რუსულენოვანი ვებ-საიტების გარდა სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზეც გავრცელდა, სადაც პოსტების ავტორები რუსულენოვანი მომხმარებლები იყვნენ (1, 2, 3, 4). პოსტების შინაარსი უმეტესად სატანიზმსა და ანტიქრისტიანულ სიმბოლიკას შეეხებოდა.
ერთ-ერთ ვერსიაში ფოტოკოლაჟზე ნატოს ნაცვლად გაეროს წარწერა იყო დატანილი, თუმცა ამ პოსტების შინაარსი ასევე კონსპირაციულად უკავშირდებოდა ბაფომეტს (1, 2, 3).

აღნიშნული ფოტოკოლაჟი რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტშიც გამოიყენეს, მაგალითად, რუსულენოვანი ვებ-საიტების ანტიუკრაინული პოსტების ქვეშ დაწერილ კომენტარებში ფოტოკოლაჟი ნატოს და შესაბამისად მისი მოკავშირე უკრაინის დისკრედიტაციისათვის იყო გამოყენებული (1, 2).
რა ვიცით ფოტოკოლაჟში გამოყენებულ ფოტოებზე?
რეალურად, საქმე გვაქვს ფოტომანიპულაციასთან და ნატოს ოფიციალურ ლოგოს რაიმე ტიპის სატანისტურ ან წარმართულ სიმბოლოებთან კავშირი არ აქვს.
ფოტოკოლაჟში პირველ ფოტოზე ასახულია ნატოს ლოგო, რომელიც ბრიუსელში, ორგანიზაციის სათავო ოფისის შესასვლელში მდებარეობს.
თავად ნატოს ლოგო ორგანიზაციის დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში შეიქმნა, ნატოს საერთაშორისო სამსახურის მიერ. ლოგო ჩრდილო-ატლანტიკური საზოგადოების ღირებულებებისა და პრინციპების სიმბოლიზებას ახდენს. ოთხი ვარსკვლავი განასახიერებს კომპასს, რომელიც ჭეშმარიტ გზაზე, მშვიდობის მიმართულებით მოძრაობას განაპირობებს. წრე კი წევრი სახელმწიფოების ერთობასა და ერთიანობას ასახავს.
მეორე ფოტოზე ასახულია რუსული ბლექ მეტალ ჯგუფის Diabolis Interriym-ის 2008 წლის ალბომის Распятие Веры-ის გარეკანი, რომელიც შესაძლოა ფოტოკოლაჟის შემქმნელებმა ვიზუალურად ბაფომეტს მიამსგავსეს, თუმცა აღნიშნულ გამოსახულებას ნატოს სიმბოლოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

გავრცელებულ პოსტებში ნატოს ემბლემა და ალბომის გარეკანი ერთმანეთის გვერდითაა დასმული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნატოს ლოგო ბაფომეტის ან სხვა ტიპის წარმართულ სიმბოლიკას შეიცავს.
კონსპირაციული თეორიები ნატოსა და ევროკავშირის სიმბოლოებზე
დასავლური ინსტიტუტები, მათი დემონიზების მიზნით, სატანისტური ან ანტირელიგიური სიმბოლიკისთვის ადრეც დაუკავშირებიათ, ამის მტკიცებულებად კი სხვადასხვა სახის ფოტო და ვიდეომანიპულაციებს ავრცელებდნენ.
მაგალითად, გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ნატოს სამიტზე სატანისტური რიტუალი ტარდებოდა. რეალურად პოსტში გამოყენებული ვიდეო გენტის უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე შესრულებული მხატვრული პერფორმანსი იყო.
2022 წელს ასევე ზიარდებოდა ვიდეოფაბრიკაცია, სადაც ნატოს სამიტის გახსნაზე აუდიო იყო შეცვლილი და ისე წარმოჩენილი, თითქოს მსოფლიო ლიდერები ეკრანისგან ბრძანებებს იღებდნენ. შეთქმულები თეორიის თანახმად, აღნიშნული ფაქტი ხელოვნურ ინტელექტთან და ლუციფერთან იყო დაკავშირებული.
ვრცლად იხილეთ მასალები:
- სატანისტური რიტუალი ნატოს სამიტზე თუ მხატვრული პერფორმანსი გენტის უნივერსიტეტში – რას ასახავს ვიდეო?
- მართავს თუ არა ნატოს ლიდერებს ხელოვნური ინტელექტი და რა ჩანს NATO-ს მულტიმედიურ კოშკზე?
რაც შეეხება ევროკავშირს, 2017 წელს გავრცელებული ფოტომანიპულაციის თანახმად, ევროპარლამენტის შენობა ბაბილონის გოდოლით იყო ინსპირირებული. რეალურად კი აღნიშნული შენობა რომაული ამფითეატრებისა და დასავლური ხელოვნებითაა შთაგონებული.
ვრცლად იხილეთ: