19 მაისს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV-მ და იმედმა გამოაქვეყნეს საინფორმაციო ბარათები ეკონომიკურ ზრდაზე ევროკომისიის ანგარიშის შესახებ. ფეისბუქ პოსტში ერთმანეთს არის შედარებული ანგარიშში ასახული, ერთი მხრივ, 2024 წლის საქართველოს ეკონომიკის ზრდა და 2025-2026 წლების ზრდის პროგნოზი, ხოლო მეორე მხრივ ევროპული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის, ასევე, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი.
თუმცა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის ევროპული ქვეყნების მაჩვენებელთან ამგვარი შედარება ქვეყნებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ რეალურ სურათს არ გვაჩვენებს და მკითხველს არასწორ შთაბეჭდილებასაც უქმნის. განვითარებადი ეკონომიკები ერთ სულ მოსახლეზე მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკებთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდებიან (დაწევის ეფექტი/კონვერგენციის თეორია), რადგან მათ ზრდის უფრო დიდი სივრცე აქვთ და კაპიტალის თითოეული დამატებითი ერთეული შემოსავალს მეტად ზრდის, ვიდრე მდიდარ, ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის სტაბილური მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის მდგომარეობაზე მხოლოდ დადებითად აისახება, მისი სხვა ქვეყნებთან შედარება, დამატებითი ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, არაფრისმომცემია.
-
საქართველოს ეკონომიკური ზრის შედარება ევროპულ ქვეყნებთან
მიზეზს, რის გამოც საქართველოს ზრდის პროცენტული მაჩვენებელი ევროპული ქვეყნებისას აღემატება, შემდეგი ეკონომიკური ფაქტორი ხსნის – მსხვილი ეკონომიკები განვითარების ისეთ ეტაპზე, როგორზეც საინფორმაციო ბარათზე ნაჩვენები ქვეყნები არიან, სწრაფად არ იზრდებიან. ამ საკითხზე ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანს ვესაუბრეთ.
“პირველი, რაც უნდა აღვნიშნოთ – როდესაც ვადარებთ, პირობითად, მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის მხრივ N1, N5 ან N10 ქვეყანას საქართველოს, ეს, რაღაც დონეზე, მანიპულირების მცდელობად შეიძლება შეფასდეს. სინამდვილეში, კონკრეტულად დასავლური თუ ევროპის ეკონომიკები მინიმუმ ათჯერ არის უფრო დიდი, უფრო მდიდარი და უფრო მასშტაბური, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა. რა თქმა უნდა, როდესაც ზრდაზე ვსაუბრობთ, ეკონომიკის კანონი გვეუბნება, რომ ასეთი მსხვილი ეკონომიკების ზრდის ტემპი ხშირად არ აღემატება 2, 3 ან 4%-ს. ასეთი ეკონომიკები განვითარების იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც არიან, უფრო სწრაფად არ იზრდებიან.
ამავდროულად, ძალიან საინტერესოა შემდეგი, რომ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, რომ საქართველოს ეკონომიკა, პირობითად, იზრდება 9%-ით და გერმანიის ეკონომიკა 2%-ით, 2%-იანი ზრდა, იქიდან გამომდინარე, რომ გერმანიის მაჩვენებელი საქართველოზე მრავალჯერ უფრო მაღალია, აბსოლუტურ მონაცემებში აღემატება საქართველოს მაჩვენებელს. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ, რამდენს უდრის 2%-იანი რეალური ზრდა ევროში ან დოლარში, მაღალი ალბათობით, ეს მაჩვენებელი იქნება უფრო მაღალი, აბსოლუტური მონაცემის, ვიდრე ის ზრდა, რაც განიცადა საქართველოს ეკონომიკამ თუნდაც 9%-იანი ზრდის პირობებში. სხვანაირად რომ ვთქვათ, დაშორება საქართველოსა და გერმანიას შორის არ მცირდება ასეთ დროს. რა თქმა უნდა, მაღალი ზრდის ტემპი უკეთესია, ვიდრე დაბალი, რა თქმა უნდა, თუ აღვემატებით დასავლეთ ევროპის მაჩვენებელს, ეს არის კარგი, მაგრამ თუ გვინდა, რომ დავეწიოთ, საქართველოს სჭირდება ათწლეულები მდგრადი ეკონომიკური ზრდა და ესეც არ არის იმის გარანტია, რომ ჩვენ მოვახერხებთ და დავეწევით თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ბევრად უფრო დიდია, ბევრად უფრო მდიდარია, მოცულობით ბევრად უფრო მასშტაბურია. შესაბამისად, მათი 2%-იანი ზრდა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი 9%”. – ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი 9.57 ათასია. აღნიშნული მიმართულებით ევროპის საშუალო მაჩვენებელი 37.56-ია. (გერმანია – 55.91; საფრანგეთი – 46.79; იტალია – 41.09; ესპანეთი – 36.19 და ა.შ). იმედის საინფორმაციო ბარათზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროცენტულ მაჩვენებელთან ათობით ევროპული ქვეყნის მაჩვენებელია შედარებული. მაგალითისთვის განვიხილოთ ერთ-ერთი ქვეყანა – გერმანია. 2024 წლის მონაცემებით, გერმანიის მშპ მუდმივ, 2010 წლის ფასებში 765.317 მილიარდი ევროა. 2024 წელს საქართველოს მუდმივ ფასებში (2019 წლის) მშპ-ის მაჩვენებელი კი 67.5 მილიარდი ლარია (2024 წელს სებ-ის ევრო/ლარის საშუალო გაცვლითი კურსით, 22.92 მილიარდი ევრო).
NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა მთავარ პრობლემებად ფასების ზრდას, სამსახურებსა და სიღარიბეს ასახელებს. მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში ფასების ზრდა/ინფლაცია 37%-ს აწუხებდა, სამუშაო ადგილები – 35%-ს, ხოლო სიღარიბე – 28%-ს. ამავე კვლევის მიხედვით, სიღარიბე და ეკონომიკური პრობლემები დაუცველობის მთავარ მიზეზებად სახელდება – მოსახლების 40% საქართველოში ცხოვრებისას თავს დაუცველად სიღარიბის გამო გრძნობს. 2024 წლის ივლისში CRRC-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოში, 26% უმუშევრობას ასახელებდა, 13% – სიღარიბეს.
საქსტატის ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ფარდობითი სიღარიბე 19.8%-ია. ფარდობითი სიღარიბე სოციალურ მოწყვლადობასა და შემოსავლების უთანასწორობას ასახავს და წარმოადგენს მოსახლეობის იმ წილს, რომელიც მედიანური სამომხმარებლო ხარჯის 60 %-ზე ნაკლებს მოიხმარს. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს სოფელში ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 0.2%-ით იყო გაზრდილი და 26.8%-ს უთანაბრდებოდა.
გარდა ამისა, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, სოციალურ შემწეობას საქართველოში მოქალაქეთა რეკორდული რაოდენობა – 696 359 ადამიანი იღებს. ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, ამის მიზეზი ის ადამიანები არიან, რომლებიც შემწეობას რეალურად არ იმსახურებენ და “შემორჩენილი სიებით” იღებენ დახმარებას.
გიორგი ხიშტოვანის თქმით, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვი იმატებს და ფარდობითი სიღარიბე ერთ მაჩვენებელზეა – ეს მიანიშნებს, რომ ქვეყნის ყველაზე მოწყვლად მეხუთედზე ზრდა არ აისახება:
“[იმისთვის, რომ ეკონომიკური განვითარება ადამიანემა საკუთარ თავზე იგრძნონ], საჭირო არის, რომ მინიმუმ იმ დონეზე იყოს რეალური შემოსავლების ზრდა, რა დონეზეც არის რეალური ეკონომიკური ზრდა – შინა მეურნეობების რეალური შემოსავლის ზრდა, დაქირავებული დასაქმებულების ხელფასების ზრდა… მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ზრდა არის ინკლუზიური და ეხება ყველას. პირობითად, თუ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აღემატება რეალურ შემოსავლებს და რეალურ ხელფასებს, მაშინ შეიძლება ვთქვთ, რომ ეს არ არის საკმარისი და ეს არ არის თანაბრად განაწილებული მოსახლეობაზე.
უნდა დავაკვირდეთ მნიშვნელოვან ინდიკატორებს, როგორიც არის, მაგალითად, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი – ეს არის მაჩვენებელი, რომლითაც ევროკავშირი და ევროპა ითვლის რეალურად სიღარიბის დონეს. ვხედავთ, რომ ბოლო 5 წელია, მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა, მაჩვენებელი თითქმის ერთ დონეზეა, 20%-თან ახლოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა, ვერ ვახერხებთ სიღარიბის დამარცხებას. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა არის მკვეთრად მზარდი. პარალელურად იმისა, რომ ეკონომიკა იზრდება, ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება და ერთ დონეზეა ფართობითი სიღარიბე. თუ კეთილდღეობა იზრდება, იზრდება მხოლოდ მოსახლეობის ერთი ან რამდენიმე სეგმენტისთვის, მაგრამ მოსახლეობის ყველაზე დაუცველი და ყველაზე ღარიბი მეხუთედი მოწყვლადია, ეკონომიკური ზრდა მათ კეთილდღეობაზე ასახული არ არის”.
-
რა წერია ევროკომისიის ანგარიშში საქართველოზე?
ევროკომისიამ 2025 წლის გაზაფხულის ევროპის ეკონომიკური პროგნოზის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს შესახებ თავში მიმოხილულია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და პროგნოზები. სწორედ ამ თავში ვკითხულობთ 2025-2026 წლებში მოსალოდნელ 5-6%-იან ნიშნულზე:
“ეკონომიკური ზრდა 2024 წელს ძალიან ძლიერი იყო – 9.4%. ზრდის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენდა კერძო და სამთავრობო მოხმარება, სტიმულირებული ხელფასების ზრდით, დასაქმების ზრდითა და სწრაფად მზარდი სამომხმარებლო სესხებით. ამავე პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ინვესტიციები, რასაც ხელი შეუწყო ბიზნეს სესხების ზრდამ, საწარმოების კარგმა ფინანსურმა შედეგემა და სახელმწიფო ინვესტიციების რაოდენობამ. […] პროგნოზის მიხედვით, ზრდა 2025-2026 წლებში შენელდება, თუმცა სტაბილური 5-6%-ის ფარგლებში დარჩება”.
ანგარიშში ასევე საუბარია გავლენაზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეკონომიკაზე აქვს:
“პროგნოზირებულია ინვესტიციების ზრდა, რასაც განაპირობებს დინამიური ბიზნეს სესხები და ძლიერი სახელმწიფო ინვესტიციები, თუმცა ბიზნესის ნდობა მნიშვნელოვნად გაუარესდა 2025 წლის პირველ კვარტალში, რაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არეულობის ამსახველია.
ზრდაში წმინდა ექსპორტის წვლილი უარყოფითი დარჩება, მაგრამ 2024 წელზე დაბალი, რადგან მოსალოდნელია, რომ საქონლის იმპორტზე მაღალი მოხმარებისა და ინვესტიციების გამო გამოწვეული მოთხოვნა უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მზარდი ტურიზმისა და სხვა მომსახურების ექსპორტის დადებითი წვლილი. პროგნოზი დამოკიდებულია უჩვეულოდ მაღალი დონის გაურკვევლობაზე შიდა პოლიტიკურ მოცლენებთან და რეგიონში გეოპოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებით, რამაც, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ბიზნესისა და მომხმარებლის განწყობებზე”.