2025 წლის აპრილში რუსი პრანკერები – ვოვანი და ლექსუსი ცნობილი რუსი მოჭადრაკისა და ოპოზიციონერის, გარი კასპაროვის სახელით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ხელმძღვანელს უჩა ნანუაშვილს ესაუბრნენ. დამონტაჟებული და რუსულ ენაზე გახმოვანებული საუბრის ვიდეოჩანაწერი 23 აპრილს რუსეთის პირველ არხზე ვოვანისა და ლექსუსის საავტორო გადაცემაში “ვოვანისა და ლექსუსის შოუ” გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ საუბარი, ძირითადად, სამოქალაქო საზოგადოებისთვის საჭირო მხარდაჭერასა და პროტესტის მშვიდობიან ხასიათს ეხებოდა, ქართულმა პროსამთავრობო მედიასაშუალებებმა, მათ შორის, ტელეკომპანია “იმედმა” (1,2) და რეზონანსმა (1,2,3), ასევე “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა, “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ და სხვა ინდივიდუალურმა ანგარიშებმა ჩანაწერზე დაყრდნობით შემდეგი ინფორმაცია გაავრცელეს:
- საქართველოს ყოფილი ომბუდსმენი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე არაოფიციალური შეიარაღებული დანაყოფები იმყოფებიან;
- ზურაბიშვილი აღიარებს, რომ უცხოური დაფინანსება ოპოზიციურ პარტიებსა და ქუჩაში მინდინარე რადიკალურ აქციებს ხმარდება.
- ნანუაშვილის ფრაზა, რომელიც ეხება ნიღბიან პირებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს, კონტექსტის გარეშე ვრცელდება და არ უკავშირდება პროტესტის მონაწილეებს. ჩანაწერის ამ ნაწილში ნანუაშვილი მმართველი პარტიის წევრებსაც ახსენებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ის არაოფიციალურ დაჯგუფებებში პროტესტის მონაწილეებს არ გულისხმობდა. მოგვიანებით, ნანუაშვილმა თავადაც განმარტა, რომ ის საუბრობდა ე.წ. „ტიტუშკებზე“ — პროტესტის მოწინააღმდეგე პირებზე, რომლებიც გასულ წელს არაერთ ძალადობრივ ინციდენტში მონაწილეობდნენ.
- ვიდეოჩანაწერში ზურაბიშვილი საუბრობს სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერის საჭიროებაზე, განსაკუთრებით რეგიონული მედიის, სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და პროფკავშირების მიმართულებით. ის არსად ამბობს, რომ უცხოური ფონდები პირდაპირ აფინანსებენ ოპოზიციურ პარტიებს ან ქუჩის რადიკალურ პროტესტს. პირიქით, ხაზს უსვამს, რომ ეს ორგანიზაციები დღეს ფინანსური კრიზისის წინაშე დგანან.
2025 წლის 23 აპრილს ვოვანისა და ლექსუსის ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ჩანაწერები, რომლებშიც პრანკერები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ხელმძღვანელს უჩა ნანუაშვილს ესაუბრნენ. ამავე დღეს, რუსეთის პირველ არხზე ვოვანისა და ლექსუსის საავტორო გადაცემაში გავიდა ფრაგმენტები ამ საუბრიდან. გადაცემაში მოწვეული სტუმრები ქართველი რესპონდენტების პასუხებს აანალიზებენ.
საუბარში რუსი პრანკერები თავს ცნობილ მოჭადრაკე და ოპოზიციონერ გარი კასპაროვად წარმოაჩენენ და როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ასევე საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველსა და „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ხელმძღვანელს, უჩა ნანუაშვილს ესაუბრებიან. გადაცემის დასაწყისში პრანკერები განმარტავენ, რომ რეკავენ “უცხოური გავლენის აგენტის, ექსტრემისტების და ტერორისტების სიაში შეყვანილი ოპოზიციონერის” გარი კასპაროვის სახელით, რომელიც, თითქოს დაინტერესებული იყო საქართველოში არსებული პროტესტის მხარდაჭერით.
წამყვანების თქმით, მათივე ლეგენდა ასე გამოიყურებოდა: გარი კასპაროვი ცხოვრობს ამერიკაში, გულით ემხრობა პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ანტირუსულ მოძრაობებს და აქვს სურვილი, ფინანსური დახმარება გაუწიოს მათ, ვინც რუსეთის გავლენის წინააღმდეგ იბრძვის. შესაბამისად, „კასპაროვს” სურდა საქართველოში მიმდინარე პროტესტის მხარდაჭერა, მათ შორის – ფინანსური რესურსების მობილიზება ამერიკის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების გზით.
აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი რუსულად ნათარგმნი და დამონტაჟებულია, შესაბამისად, ის, შესაძლოა, შეიცავდეს უზუსტობებს, თუმცა, ქვემოთ მიმოვიხილავთ თუ რა განცხადებები გაჟღერდა რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ ვერსიაში.
-
რას ამბობს უჩა ნანუაშვილი გავრცელებულ ჩანაწერში?
საუბრის დასაწყისში ნანუაშვილი ლაპარაკობს ოპტიმისტურ სცენარზე, რომლის მიხედვით, საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროსაბჭოს მიერ საქართველოს მთავრობისადმი წაყენებული მოთხოვნები – როგორიცაა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება – შესაძლოა გახდეს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზა. ის განმარტავს, რომ მიუხედავად ზამთრის პერიოდში არსებული კრიზისისა, მიმდინარეობს მზადება ახალი, ფართომასშტაბიანი გამოსვლებისა და გაფიცვებისთვის საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და დასახლებაში [35:40].
მას შემდეგ, რაც „გარი კასპაროვად“ წარდგენილი პრანკერი ეკითხება აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის მხარდაჭერაზე, ნანუაშვილი პასუხობს, რომ განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში მიიღეს როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა აშშ-ისა და ევროკავშირისგან. ნანუაშვილი ხაზს უსვამს, რომ ვითარება ქვეყანაში კვლავ არაპროგნოზირებადია და ამ მხარდაჭერის გაგრძელება მნიშვნელოვანი იქნება.
ამ კონტექსტში, როცა მოსალოდნელია, რომ საუბარი გაგრძელდება პროტესტის სამომავლო გეგმებზე ან დასავლური დახმარების მოლოდინებზე, სრულიად მოულოდნელად და თემის ბუნებრივ განვითარებასთან შეუსაბამოდ, ნანუაშვილი არაფორმალურ დაჯგუფებებზე იწყებს საუბარს [37:10]. „Я хотел бы отметить, у нас есть также неофициальные подразделения как на Майдане в Украине, есть гражданские лица в масках, есть люди из правящей Партии но также есть и люди из частных охранных компаний и они вооружены.“
რა ისმის “ვოვანის და ლექსუსის შოუში” | თარგმანი | პროსამთავრობო მედიების თარგმანი |
„Я хотел бы отметить, у нас есть также неофициальные подразделения как на Майдане в Украине, есть гражданские лица в масках, есть люди из правящей Партии но также есть и люди из частных охранных компаний и они вооружены.“ | „მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ასევე არაფორმალური დანაყოფები, როგორც მაიდანზე უკრაინაში, არიან სამოქალაქო პირები ნიღბებით, არიან მმართველი პარტიის წევრები, ასევე კერძო დაცვის კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც შეიარაღებულები არიან.” | “მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასევე გვყავს არაოფიციალური ქვედანაყოფი, როგორც მაიდანზე უკრაინაში, არსებობენ სამოქალაქო პირები ნიღბებით, მაგრამ ასევე არსებობენ ადამიანები კერძო დაცვების კომპანიებიდან და ისინი შეიაღარებულები არიან”. |
ნანუაშვილის ეს ფრაზა არ არის დაკავშირებული არც მისი საუბარის წინა საკითხთან, არც წამყვანების რაიმე კონკრეტულ კითხვასთან და თემიდან მკვეთრ გადახვევას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ USAID-ზე საუბარს, პაუზის გარეშე, პირდაპირ მოსდევს არაოფიციალურ დანაყოფებზე საუბარი, ქართულად თარგმნილ წყაროებში გამოტოვებულია წინადადება “მმართველი პარტიის წევრები”, რომელსაც ნანუაშვილი კერძო დაცვის კომპანიების წარმომადგენლებსა და ნიღბიან სამოქალაქო პირებთან ერთად ახსენებს. ბუნებრივია, რომ ნანუაშვილი პროტესტის მონაწილეების რიგებში მმართველი პარტიის წარმომადგენლებს არ ახსენებდა.
ამასთან, იმედის სიუჟეტში ნანუაშვილის ფრაზას თან ერთვის პროტესტის მონაწილეების მიერ ფოიერვერკების სროლის ამსახველი ვიდეოკადრები, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ნანუაშვილი პროტესტის მონაწილეებზე საუბრობს.

ნანუაშვილის შემდგომი განმარტებით ეს ფრაზა ეხებოდა პროტესტის მოწინააღმდეგე, ძალადობრივად მოქმედ ჯგუფებს — ე.წ. “ტიტუშკებს”, რომლებიც გასული წლის აქციების პერიოდში, ნოემბერსა და დეკემბერში მონაწილეობდნენ მოქალაქეთა დაშინებასა და ძალადობაში.
-
რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ ჩანაწერში?
ფსევდო კასპაროვის კითხვაზე, შეუძლია თუ არა ზურაბიშვილს გაუზიაროს ინფორმაცია, თუ ვინ და რა სახის დახმარებას საჭიროებს ამერიკის მთავრობისგან, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ მას აქვს კონტაქტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც, მისი აზრით, განსაკუთრებულად საჭიროებენ მხარდაჭერას [02:06].
ზურაბიშვილის თანახმად, მხარდაჭერა საჭიროა სამი ძირითადი მიმართულებით: პირველ რიგში ამას რეგიონული მედია და ოპოზიციური არხები საჭიროებენ, რომლებიც მცირე დაფინანსებითაც კი ძლიერ გავლენას ახდენენ, თუმცა ამჟამად ასეთ რესურსსაც მოკლებულნი არიან. მეორე სეგმენტი, რომელზეც ზურაბიშვილი მიუთითებს, პროფკავშირებია. მესამე მიმართულებად კი ზურაბიშვილმა სოციალურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოები დაასახელა, ანუ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური დღის წესრიგის წინა ხაზზე, მაგრამ დაინტერესებულები იყვნენ სოციალური საკითხებით.
ზურაბიშვილი საუბრის არცერთ მომენტში არ აკეთებს მინიშნებას იმაზე, რომ უცხოური დაფინანსება უშუალოდ ქუჩის აქციების ორგანიზებას ხმარდება, მით უმეტეს — რადიკალური მიმართულებით. პირიქით, ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ან საარჩევნო მიმართულების მქონე არასამთავრობოები უკეთეს მდგომარეობაში არიან, რადგან რუსული ტიპის კანონმდებლობას შედარებით უფრო მომზადებულები შეხვდნენ და ანგარიშები უცხოეთში გადაიტანეს. ზურაბიშვილის განმარტებით, ეს ორგანიზაციები ადრე დახმარებას USAID-ისა და ევროპული ფონდებისგან იღებდნენ. თუმცა, მისი თქმით, ევროპელები ამჯერად ძალიან ნელა მოქმედებენ და ის დახმარება, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებს შეუჩერდა, სამოქალაქო საზოგადოებას ჯერ არ მიუღია, სწორედ ამიტომ დადგა კრიტიკული მომენტი.
საუბრის მეორე ნაწილში პრანკერი ცდილობს, რომ ზურაბიშვილი პროტესტის რადიკალიზებასა და ძალადობრივი სცენარის განვითარებაზე ასაუბროს, სწორედ ამიტომ კასპაროვის სახელით, ამბობს, რომ მისთვის მისაღები და საუკეთესო სცენარი უკრაინის მაგალითია — მაიდანი. ამაზე ზურაბიშვილი მოკლედ პასუხობს, რომ საქართველოში პროტესტი არ წყდება. ამის შემდეგ პრანკერი ზურაბიშვილს ეკითხება, იმყოფება თუ არა თბილისში. ზურაბიშვილი ამაზე პასუხობს, რომ ძირითადად თბილისში იმყოფება და სწორედ ეს ქალაქია პროტესტის კონსოლიდაციის ადგილი. ზურაბიშვილი ამატებს: „აქ სიტუაცია ძალიან დაძაბულია. პროტესტი ქუჩაში არის ერთადერთი გზა. არაფერი არ რჩება გარდა იმისა, რომ ქუჩაში გავიდეს ხალხი, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს.“ შემდეგ კი ამბობს, რომ კრიზისი იმდენად ღრმაა, რომ სტაბილური გამოსავალი მშვიდობიანი გზით ძნელად წარმოსადგენია.
მიუხედავად იმისა, რომ საუბარში ნახსენებია ქუჩის პროტესტის აუცილებლობა და სამოქალაქო წინააღმდეგობის ფორმები, სალომე ზურაბიშვილი არსად საუბრობს იმაზე, რომ საჭიროა ან იგეგმება ამ პროტესტის დაფინანსება უცხოეთიდან. მეტიც, მისი საუბრის ძირითადი ხაზი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არასამთავრობო სექტორი, პროფკავშირები და მედიები კრიზისში არიან და საჭიროებენ იმ მხარდაჭერის აღდგენას, რაც ადრე არსებობდა.
-
რა ვიცით რუსი პრანკერების ვიდეოებზე?
უკვე წლებია, რუსი პრანკერები ვოვანის სახელით ცნობილი – ვლადიმირ კუზნეცოვი (კრასნოვი), და ალექსეი სტოლიაროვი, ცნობილი, როგორც ლექსუსი, მოტყუებით ცდილობენ დასავლელი პოლიტიკოსებისა და კრემლის ოპონენტების ჩანაწერების მოპოვებას, რათა მათი სიტყვები კრემლის ნარატივის გასამყარებლად გამოიყენონ. თავიანთ მსხვერპლებს ისინი თავს აცნობენ სრულიად სხვა ადამიანებად – ხან უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლებად, ხან დასავლელ კოლეგებად, ზოგჯერ კი – აფრიკელ ლიდერებადაც კი. ბოლო დროს მათი ტაქტიკა კიდევ უფრო დაიხვეწა: Deepfake ტექნოლოგიის მეშვეობით ისინი თანამოსაუბრეს არა მხოლოდ ხმას, არამედ სახესაც ანახებენ, რაც მათ სიცრუეს გაცილებით დამაჯერებელს ხდის. აღსანიშნავია ისიც, რომ პრანკერები სამიზნეს ინგლისურ ენაზე ესაუბრებიან, თუმცა უკვე დამონტაჟებულ და რუსულ ენაზე გახმოვანებულ ჩანაწერს ავრცელებენ, რაც შესაძლოა დამატებით კითხვებს ბადებდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ითქვა რეალურად.
რუსი პრანკერების მსხვერპლთა სია ფართოა: მწერალი ლიუდმილა ულიცკაია, ბორის აკუნინი, პოლიტიკოსები ბორის ჯონსონი, ჯორჯა მელონი, ანჯეი დუდა და სხვები – ყველა მათგანი სხვადასხვა ფორმით მოტყუვდა და შემდეგ მათი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლეჯილად რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის „დასაბუთებად“ იქცა.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.