რა დეზინფორმაცია ვრცელდება და რეალურად რა გავიგეთ კენედის ფაილებიდან?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

კენედის ფაილები
401
VIEWS

19-22 მარტს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1;2;3;4;5), მათ შორის, დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ანგარიშებმა – Fant Ina-მ და ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის ფაილების შესახებ. ავტორები მეტწილად იდენტურ ტექსტს ავრცელებენ და კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით ამტკიცებენ, რომ: 

  1. 1994 წელს კენედის ვაჟმა ჯო ბაიდენს, რომელიც მკვლელობაში იყო ჩართული, მოღალატე და ბინძური ადამიანი უწოდა. 
  2. კენედის მკვლელობაში ასევე ჩართული იყო  ჯორჯ ბუში უფროსი, ხოლო ჰილარი კლინტონმა არჩევნებში მას შემდეგ გაიმარჯვა, რაც ჯონ კენედი უმცროსი გაურკვეველი მიზეზით დაიღუპა. 
  3. ვრცელდება ფოტო, რომელზეც ლი ჰარვი ოსვალდი (რომელიც კენედის მკვლელად ითვლება) და ჯეფრი ეპსტინი ერთად არიან ასახული. 
  4. კენედიმ იცოდა “გლობალისტების” გეგმების შესახებ და მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა: “ისინი (დიპ სტეიტის დამქაშები) მალე მოვლენ და წამიყვანენ.ომის მანქანა ძალზე ძლიერია,თუკი დავეცი, დაე ისტორიას დარჩეს, რომ მე შევეცადე მათ შეჩერებას”. 

კენედის ფაილები

კენედის ფაილების შესახებ ჩამოთვლილი მტკიცებების ნაწილი დეზინფორმაციულია, ნაწილი კი მტკიცებულების გარეშე ვრცელდება: 1) ინფორმაცია, თითქოს კენედის ვაჟმა ბაიდენს მოღალატე უწოდა, ახლადგასაჯაროვებული ფაილებით არ გამხდარა ცნობილი და არც ძველი ცნობებით დასტურდება. წერილს, რომელიც ბაიდენმა მიიღო, 1994 წელს პოლიცია იკვლევდა, თუმცა კენედი უმცროსი ეჭვმიტანილად არ დასახელებულა; 2) გავრცელებული ფოტო არ ასახავს, თუ როგორ იცინიან ჯეფრი ეპსტინი და ლი ჰარვი ოსვალდი კენედის მკვლელობამდე 1 დღით ადრე. ეპსტინი 1963 წელს 10 წლის იყო;  3) კონსპირაციის თეორიები, რომ კენედის მკვლელობაში ჯორჯ ბუში უფროსი იყო ჩართული, წლებია ვრცელდება და დადასტურებული არ არის. გავრცელებულ ფაილებში მსგავსი ინფორმაცია არ წერია; 4) კენედის ციტატა, რომელშიც ის “ომის მანქანაზე” საუბრობს, სანდო წყაროებით არ დასტურდება. 

  • უწოდა თუ არა კენედის შვილმა ბაიდენს მოღალატე?

მას შემდეგ, რაც ტრამპის ბრძანებით კენედის მკვლელობის ფაილები გასაჯაროვდა, სოციალურ ქსელში მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ დოკუმენტებს შორის არის ჯონ ფიცჯერალდ კენედი უმცროსის წერილი, რომელშიც ის ჯო ბაიდენს მოღალატეს უწოდებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მტკიცება სოციალურ ქსელებში წლებია, ვრცელდება და ინფორმაცია მის შესახებ ახლადგასაჯაროვებულ დოკუმენტებში არ აღმოუჩენიათ.  

ფეისბუქ-მომხმარებლები, მათ შორის, ქართულენოვანი ანგარიშები მტკიცებას თან ურთავენ FBI-ის დოკუმენტს, რომელიც 1994 წლის აგვისტოთია დათარიღებული. მასში ვკითხულობთ წერილის აღწერას, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: “ძვირფასო სენატორო ბაიდენ, თქვენ ხართ მოღალატე” და, FBI-ის დოკუმენტის მიხედვით, დართული ჰქოდა ჯონ ფიცჯერალდ კენედი უმცროსის ხელმოწერა.   

კენედის ფაილები

რეალურად, გავრცელებულ დოკუმენტს 18 მარტს ტრამპის ბრძანებით გასაჯაროვებულ ფაილებთან კავშირი არ აქვს და მას 1994 წელს მოკვლის მუქარის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკვლევდნენ. წერილი ბაიდენს, რომელიც იმჟამად სენატორი იყო, ფოსტით გაუგზავნეს. წერილს დართული ჰქონდა ჯონ ფიცჯერალდ კენედი უმცროსის სახელი, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს, რომ ის ავთენტიკური იყო. ამ მტკიცებით გავრცელებული პოსტები ორგანიზაცია Politifact-მაც გადაამოწმა

რეალურად, დოკუმენტი წლებია, ხალმისაწვდმია (გვ. 154-155). მასზე Associated Press-მა 2 000 წელს მოიპოვა წვდომა, მას შემდეგ, რაც კენედი უმცროსი დაიღუპა.  

 FBI-ის დოკუმენტში განხილულია წერილიდან აღებული თითის ანაბეჭდები. გამოძიება განიხილავდა უცნობ ავტორს, რომელმაც წერილი კენედის სახელით გაგზავნა. საქმე 1994 წლის ბოლოს დაიხურა, პოლიციას ეჭვმიტანილი არ ჰყოლია. როგორც Politifact-ს კენედის ბიოგრაფიის ავტორი, ოკლაჰომას უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი, სტივენ გილონი ეუბნება, პოლიციამ წერილზე არ განაგრძო გამოძიება, რადგან მათ არ სჯეროდათ, რომ ავტორი კენედი უმცროსი იყო.  

  • ეპსტინისა და ოსვალდის ფოტო 

 ფეისბუქ-მომხმარებლები პოსტებს ურთავენ ფოტოს, რომელიც, მასზე დატანილი წარწერის მიხედვით, ასახავს ბავშვთა ტრეიფიკინგში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინსა და კენედის მკვლელს, ლი ჰარვი ოსვალდს, კენედის მკვლელობამდე 1 დღით ადრე. ფოტოზე დატანილია თარიღი – 1963 წლის 21 ნოემბერი. სქრინშოტის მიხედვით, სტატია Brand Trust Media-ს ეკუთვნის და ავტორი ქეითი ფარკლია. 

კენედის ფაილები

შეუძლებელია, რომ ფოტოზე ოსვალდი და ეპსტინი იყვნენ ასახული. ეპსტინი 1953 წლის 20 იანვარს დაიბადა, ხოლო ლი ჰარვი ოსვალდი 1939 წელს. შესაბამისად, 1963 წელს, კენედის მკვლელობის დროს, ჯეფრი ეპსტინი 10 წლის იქნებოდა, რაც გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ის ფოტოზე ოსვალდთან ერთად, მკვლელობის წინა დღეს არის ასახული. კაცს, რომელსაც ფოტოზე ვხედავთ, ჭაღარა თმა აქვს.  

ფოტო ყველაზე ადრე X-ზე იძებნება და ანგარიშ American Rabbit-ს აქვს გამოქვეყნებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მედია Brand Trust Media, რომლის სახელსაც სქრინშოტზე ვხედავთ, ღია წყაროებით არ იძებნება და, სავარაუდოა, რომ არ არსებობს. ინფორმაცია ასევე არ იძებნება ჟურნალისტ ქეითი ფარკლზე.   

  •  მტკიცებები მკვლელობაში ჯორჯ ბუში უფროსის ჩართულობაზე

კონსპირაციის თეორიები, თითქოს ჯორჯ ბუშ უფროსი კენედის მკვლელობაში იყო ჩართული, წლების განმავლობაში გავრცელებული კონსპირაციის თეორიაა. ერთ-ერთი მაგალითი 2008 წელს რას ბეიკერის მიერ დაწერილი წიგნია, სახელწოდებით “Family of Secrets”, რომელშიც ის ბუშების ოჯახის CIA-სთან კავშირის შესახებ წერს. ავტორი ერთმანეთთან აკავშირებს ჯორჯ ბუშ უფროსსა და უოტერგეიტის სკანდალს, ასევე, ბუშსა და კენედის მკვლელობას. ავტორი ავითარებს თეორიას, რომ ბუში 1963 წელს CIA-ის აგენტი იყო, რომელიც ჩართული იყო კენედის მკვლელობაში. კონსპირაციის თეორიებს ხელი შეუწყო 1963 წლის 29 ნოემბრით დათარიღებულმა FBI-ის თანამშრომლის წერილმა, რომელშიც ის წერდა ჯორჯ ბუშის შესახებ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან. ამ წერილზე დაყრდნობით 1988 წელს ჟურნალისტი ჯოზეფ მაკბრაიდი ვარაუდობდა, რომ ნახსენები ბუში აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი იყო და იკვლევდა, თუ სად იმყოფებოდა ის მკვლელობის დღეს. დოკუმენტის გავრცელების შემდეგ ბუშმა უარყო, რომ 1963 წელს CIA-სთვის მუშაობდა, ხოლო როგორც შემდეგში გაირკვა, ნახსენები პირი იყო ჯორჯ უილიამ ბუში და არა ჯორჯ ბუშ უფროსი.  

მიუხედავად წლების განმავლობაში გავრცელებული კონსპირაციის თეორიებისა, რაიმე მტკიცებულება, რომ ჯორჯ ბუშ უფროსი კენედის მკვლელობაში იყო ჩართული, ღია წყაროებით ხელმისაწვდომი არ არის. ასევე, სანდო წყაროებით არ დასტურდება, რომ ახლადგავრცელებული ფაილები აღნიშნულს ადასტურებს. მედია და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დოკუმენტებით არსებულ კითხვებს სრულად არ ეცემა პასუხი და კვლავ ტოვებს სივრცეს კონსპირაციის თეორიებისთვის.  

ფეისბუქ-პოსტების ავტორები ერთმანეთს ასევე უკავშირებენ კენედი უმცროსის სიკვდილსა და ჰილარი კლინტონის არჩევნებში მონაწილეობას, ხაზს უსვამენ, რომ კლინტონმა პირველი არჩევნები საჯარო პოსტზე მხოლოდ მას შემდეგ მოიგო, რაც კენედი უმცროსი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. თუმცა, მტკიცება იმის შესახებ, რომ ბუშები და კლინტონები კენედი უმცროსის სიკვდილში იყვნენ ჩართული, არახალია. ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს არაერთხელ აქვთ გადამოწმებული მტკიცებები კენედი უმცროსის სიკვდილის შესახებ. რეალურად, 1999 წლის 16 ივლისს ის Piper Saratoga-თი მიფრინავდა, როდესაც ატლანტის ოკეანეში ჩავარდა. მისი მეუღლე და მეუღლის და მასთან ერთად დაიღუპნენ. სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს დასკვნით, ავიაკატასტროფა გამოიწვია ნისლმა და კენედის გამოუცდელობამ თვითმფრინავით ღამით მარტო ფრენაში. დაღუპვის დროს კენედი უმცროსი რაიმე საჯარო თანამდებობის კანდიდატი არ იყო.  

  • კენედის ციტატა “გლობალისტების გეგმებზე” 

ფეისბუქ-მომხმარებლები პოსტებს ურთავენ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთებულ კენედის განცხადებას, რომელშიც ის “ომის მანქანაზე” საუბრობს და ამბობს, რომ “ისინი” მალე მის წაყვანას აპირებენ.  

აღნიშნული ციტატა, რომელსაც ქართულენოვანი მომხმარებლები უმატებენ ფრაზას “დიფ სტეიდის დამქაშები”, ღია წყაროებით მხოლოდ სოციალური ქსელების მომხმარებლებს აქვთ გავრცელებული – Facebook-ზე, X-სა და Instagram-ზე. ნაწილი ამტკიცებს, რომ ციტატა ფაილების გასაჯაროვების შემდეგ გახდა ცნობილი, თუმცა, სოციალურ ქსელებში ის 20 თებერვალსაც ვრცელდებოდა, მანამ, სანამ დოკუმენტები გასაჯაროვდებოდა.  

გარდა სოც.ქსელების მომხმარებლების პოსტებისა, ღია წყაროებით არ იძებნება მტიცებულება, რომ კენედიმ მკვლელობამდე მსგავსი განცხადება გააკეთა. 

არქივი (1;2;3)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist