30 მარტს ფეისქბუქ მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მოყვანილია Pfizer-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ციტატა: “შესაძლებელია ეს გამოყენებული იქნას მოსახლეობის მასიურად შემცირებისთვის.” ციტატის ბოლოს ბექა ვარდოსანიძე ხაზს უსვამს, რომ ტექსტის სრულ ვერსიას სოციალურ ქსელ Telegram-ში გამოაქყვენებს, რადგან სხვა შემთხვევაში “Facebook ალგორითმი გაგიჟდება.”
ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული ინტერვიუს რესპონდენტი, Pfizer-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ იედონი კორონავირუსთან დაკავშირებულ ყალბ მტკიცებებს ხშირად აქვეყნებს, ხოლო ორგანიზაცია, რომელსაც მან ინტერვიუ მისცა, კონსპიროლოგი მედიკოსებისგან შედგება და კორონავირუსის ცრუმკურნალობის შესახებ რეკომენდაციებს გასცემს.
Pfizer-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ იედონმა ორგანიზაცია America’s Frontline Doctors-თან ინტერვიუსას კორონავიურისის გავრცელებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე მართლაც ისაუბრა. იგი შეეხო კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხს და აღნიშნა, რომ ვაქცინების საჭიროება არ არსებობს, შესაბამისად, მისი თქმით, მათი მასშტაბური გამოყენება, სავარაუდოდ, “ბოროტ მიზნებს” ემსახურება. მისი აზრით, სწორედ ასეთი ბოროტი მიზანი მომავალში ადამიანთა დიდი რაოდენობისთვის ზიანის მიყენება და ამისთვის სისტემის წინასწარ მომზადება შეიძლება იყოს, ინტერვიუს სწორედ ამ ნაწილში იედონმა აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, ვაქცინაცია, შესაძლოა, მასშტაბური დეპოპულაციისთვის გამოიყენონ.
ინტერვიუში იედონმა ახსენა ისიც, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, მათ შორის მალარიის საწინააღმდეგო ჰიდროქსიქლოროქინი და ივერმექტინი. რეალურად არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჰიდროქსიქლოროქინი ან ივერმიქტინი კოვიდ-19-ის სამკურნალოდ ეფექტიანი საშუალება არ არის და ამ ვირუსს ვერ კურნავს.
- ვინ არის Pfizer-ის ყოფილი დირექტორი მაიკლ იედონი?
მაიკლ იედონი ბრიტანელი ბიოქიმიკოსი და ფარმაკოლოგია. მან ფარმაკოლოგიურ კომპანია Pfizer-ში მუშაობა 1996 წელს დაიწყო და 2005 წლიდან 2011 წლამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას მართლაც იკავებდა. Pfizer-დან წამოსვლის შემდეგ კი 2011 წლიდან 2017 წლამდე თავისივე დაფუძნებულ ბიოტექნელოგიურ კომპანია Ziarco-ს ხელმძღვანელობდა.
სოციალურ ქსელებში იედონზე დაყრდნობით გავრცელებული ანტივაქსარული მტკიცებები ხშირად ხვდება. მაგალითად, ოქტომბერში იედონი ამტკიცებდა, რომ პანდემია დასრულდა და ვაქცინების საჭიროება აღარ არსებობდა, დეკემბერში კი მისი თანაავტორობით გავრცელდა განცხადება ყოველგვარი სამეცნიერო მტკიცებულების გარეშე, რომლის მიხედვითაც, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები ქალთა უნაყოფობას იწვევდა.
Reuters-ი დაინტერესდა, როგორ იქცა Pfizer-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ანტი ვაქსარების საყვარელ გმირად. Reuters-მა წლების გამანავლობაში სოციალურ ქსელ Twitter-ზე იედონის აქტივობა დეტალურად შეისწავლა. Reuters-ის მიხედვით მაშინ, როცა 2020 წლის მარტში პანდემიის პირველმა ტალღამ დიდი ბრიტანეთიც მოიცვა, იედონმა თავის ტვიტერის ანგარიშზე შემდეგი კომენტარი გამოაქვეყნა: “Covid-19 ვაქცინის გამოგონებამდე ან ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებამდე არსად არ წავა, მხოლოდ მისი გავრცელების შენელება შეგვიძლია.” ერთი კვირის შემდეგ იედონმა დაწერა: “თუ მართლაც იღბლიანები ვიქნებით, ვაქცინა შეილება 2021 წლის ბოლოს იყოს.” იედონი შეეწინააღმდეგა მისი ერთ-ერთი გამომწერის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვაქცინამ “ბევრ ადამიანს ავნო”.
იედონის პათოსი 2020 წლის აპრილიდან შეიცვალა. სწორედ ამ დროს იმ ვირუსზე, რომლისგან თავის დაღწევის გზად ვაქცინას ან ჯოგურ იმუნიტეტს ხედავდა, იედონმა დაწერა, რომ სამყარო ზედმეტად ღელავდა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა და კორონავირუსიც სხვა ჩვეულებრივი ვირუსებივით გაქრებოდა.
Reuters-მა კვლევის პროცესში ინტერვიუსთვის მაიკლ იედონს უშედეგოდ მიმართა, თუმცა გაესაუბრა მის რამდენიმე ყოფილ კოლეგას. Pfizer-ის ყოფილმა თანამშრომელმა და ამჟამად კვლევითი კომპანია Talisman Therapeutics-ის თავჯდომარე მარკ ტრიჰენმა “როიტერსს” უთხრა, რომ იედონის ბოლოდროინდელ განცხადებებს აბსოლუტურად არ ეთანხმებოდა და ის აღარ ჰგავდა იმ მცოდნე და ჭკვიან მეცნიერს, რომელსაც 20 წლის წინათ იცნობდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 3 თებერვალს იედონმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ მისი სახელით ბოლოს გამოქვეყნებული პოსტი უკიდურესად შეურაცხმყოფელი იყო, თავად არ დაუწერია და უკვე წაშალა. ბუნდოვანია, რომელ პოსტს გულისხმობდა იედონი, 4 თებერვალს მან ერთი წინადადება გამოაქვეყნა: “მალე წავალ,” 2 დღეში კი ტვიტერის ანგარიში მთლიანად გააუქმა. რაც შეეხება პროფესიულ საიტ Linkedin-ს, იედონის სტატუსი აქაც განახლდა და ამჟამად ასე გამოიყურება: “პენსიაზე სრულად გასული.”
- რას წარმოადგენს ორგანიზაცია America’s Frontline Doctors?
ორგანიზაცია America’s Frontline Doctors (AFLDS), რომელსაც მაიკლ იედონმა ინტერვიუ მისცა, 2019 წელს ექიმმა სიმონე გოლდმა დაარსა. ორგანიზაციის პოპულარობა განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის დროს გაიზარდა. ორგანიზაციის დამაარსებელმა ექიმმა საჯაროდ არაერთხელ აღნიშნა, რომ კორონავირუსისგან განკურნების მარტივი გზა არსებობს და ეს მალარიის საწინააღმდეგო ჰიდროქსიქლოროქინია. ვირუსის საწინააღმდეგოდ ამ ნივთიერების მიღების რჩევა ორგანიზაციის საიტზეც განთავსებულია. სიმონე გოლდი დიდი ფარმაკოლოგიური კომპანიების (Big Pharma) შესახებ არსებულ კონსპირაციის თეორიას იზიარებს. შეთქმულების ამ თეორიის მიხედვით, დიდი სამედიცინო, განსაკუთრებით ფარმაკოლოგიური, კომპანიები სპეციალურად მალავენ მკურნალობის გზებს, დაავადებათა გავრცელებას ხელს უწყობენ ან მათ ხელოვნურად იწვევენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ექიმი სიმონე გოლდი 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს დედაქალაქში, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისა და არეულობაში მონაწილეობის გამოა დაკავებული.
ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრია ექიმი სტელა იმანუელი, რომელიც ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობის მეთოდს იზიარებს და კორონავირუსისგან თავის დასაცავად ნიღბების ტარებას არაეფექტიანად მიიჩნევს, მისი ავტორობით ამის შესახებ ჩაწერილი ვიდეო 2020 წლის ივლისში აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ტრამპმა თავის ანგარიშზეც განათავსა, თუმცა ყალბი მტკიცების გამო ტვიტერმა ვიდეო დაბლოკა. 2015 წელს სტელა იმანუელამ განაცხადა ისიც, რომ ექიმები პაციენტების მკურნალობის პროცესში უცხოპლანეტელების დნმ-ს იყენებენ, ხოლო ვაქცინები იმისთვის იქმნება, რომ ხალხი რელიგიური არ გახდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ AFLDS-ს რადიკალურად კონსერვატიული ორგანიზაცია Tea Party Patriots-ს უჭერს მხარს, AFLDS-ის ღონისძიებებს სწორედ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია მასპინძლობდა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.