1 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი მუშაობს ახალი ტიპის რობოტზე, რომელიც ორსულობის პერიოდის გავლასა და ბავშვის გაჩენას შეძლებს. ავტორის ცნობით, “მათ მხოლოდ სპერმა და კვერცხუჯრედი დასჭირდებათ, რობოტი კი განაყოფიერებას შეასრულებს და თავად ატარებს ბავშვს.” პოსტს თან ახლავს ორსული რობოტის ფოტო, ასევე, ფოტო, რომელშიც რობოტებს ხელში ბავშვი უჭირავთ.
მტკიცება, თითქოს ილონ მასკი აპირებს შექმნას რობოტები, რომლებსაც ბავშვის გაჩენა შეეძლებათ, დეზინფორმაციულია. ინფორმაცია ამის შესახებ ღია წყაროებით არ იძებნება, მასკს მსგავსი რობოტების პრეზენტაცია არ გაუკეთებია და ამის შესახებ არც საკუთარ ანგარიშებზე დაუწერია. ფოტოებისა და ვიდეოების ნაწილი, რომლებსაც მტკიცებასთან ერთად ავრცელებენ, ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული.
10 ოქტომბერს, Tesla-ს ღონისძიებაზე We, Robot, ილონ მასკმა წარადგინა Robovan-ი და Cybercab-ი. ორივე მათგანით გადაადგილება მძღოლის გარეშე იქნება შესაძლებელი, შესაბამისად მათ საჭე და პედლები არ ექნება. Robovan-ით გადაადგილება 20-მდე ადამიანს შეუძლია. მასკის ცნობით, სურთ, პროდუქტი ხელმისაწვდომი 2027 წლამდე გახადონ. ამავე პრეზენტაციაზე Tesla-ს დამფუძნებელმა ისაუბრა პროგრესზე, რომელსაც ჰუმანოიდი Optimus რობოტის შექმნაში მიაღწიეს.
მასკმა Optimus რობოტებზე საუბრისას (20:00-დან) თქვა, რომ ის გააკეთებს ყველაფერს, რაც ადამიანს სურს – შეუძლია, იყოს მასწავლებელი, ძიძა, გაასეირნოს ძაღლი, გაკრიჭოს გაზონი, იყიდოს პროდუქტები, იყოს ადამიანის მეგობარი, მიუტანოს მას სასმელი. “რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ, ის გააკეთებს”. – თქვა მასკმა. მისი სიტყვებით, რობოტების საშუალებით პროდუქტებისა და სერვისის ფასი დაიკლებს და ყველას შეეძლება, ჰქონდეს ის პროდუქტი და სერვისი, რაც სურს. დასასრულს, მასკმა აუდიტორიას უთხრა, რომ Optimus რობოტები დარბაზში ივლიდნენ და ბარში მათ სასმელებს მიაწვდიდნენ. მისი გამოსვლის დასასრულს ჩანს, როგორ ცეკვავენ რობოტები. სრული გამოსვლის განმავლობაში Tesla-ს დამფუძნებელს არ უხსენებია “სუროგატი რობოტები”, რის შესახებაც სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება. მას არ უთქვამს, რომ Optimus-ი ადამიანის ნაცვლად შეასრულებს განაყოფიერებას და შემდეგ ნაყოფს 9 თვე ატარებს.
მტკიცება ასევე გაავრცელეს ინგლისურენოვანმა მომხმარებლებმა. ინფორმაცია გადაამოწმეს და ყალბად შეაფასეს ფაქტების გადამმოწმებელმა უცხოურმა ორგანიზაციებმა (1;2). ისინი მიუთითებენ, რომ ორსული რობოტის ვიდეო, რომელიც უცხოენოვანმა მომხმარებლებმა პოსტებს დაურთეს, თავდაპირველად, 2024 წლის 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა Tik-Tok ანგარიშზე vblank_digital, სათაურით “M0TH3R – სიცოცხლის მომავალი?” ანგარიში ვიქტორია ბლანკს ეკუთვნის. საკუთარ X-ზე ბლანკი მიუთითებს, რომ არის ციფრული მხატვარი, რომელიც იყენებს AI-ის ვიზუალური საოცრებების შესაქმნელად. ასევე, სპეციალიზირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ სურათებსა და ვიდეოებში. აღსანიშნავია, რომ მასკის მიერ რობოტების შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებული პოსტების ნაწილს თან დართული აქვს ფოტოები, რომლებსაც ვიქტორია ბლანკის სახელი და გვარი აწერია.
Tesla-ს დამფუძნებელი ორსული რობოტების თემასთან წარსულშიც დაუკავშირებიათ. 3 სექტემბერს სატირულმა X მომხმარებელმა Not Elon Musk გამოაქვეყნა პოსტი, რომლის აღწერაში სვამდა კითხვას, უნდა შევქმნათ თუ არა “ორსული” რობოტები. თუმცა, აღნიშნული მომხმარებლის სახელი მიგვითითებს იმაზე, რომ ის არ წარმოადგენს ილონ მასკს, ხოლო მის ბიოგრაფიაში ნათვამია, რომ ექაუნთი სატირული ხასიათის კონტენტს აზიარებს.
წყაროს შესახებ
ფეისბუქ-მომხმარებელი მაია თვალთვაძე კონსპირაციის თეორიებსა და ანტიდასავლური შინაარსის ყალბ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.