19 ივნისს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, ავტორის მტკიცებით, ირანში გამართული ისრაელის მხარდამჭერი აქციაა ასახული. ვიდეოში ვხედავთ მოქალაქეებს, რომლებსაც ხელში ისრაელისა და ირანის დროშები უჭირავთ და სკანდირებენ: “ჩვენ გვიყვარს ისრაელი, თავისუფლება ირანს”.
ირანში ისრაელის მხარდამჭერი აქციის ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული, მსგავსი შინაარსის პროტესტი ირანის ქუჩებში არ გამართულა. ვიდეოში შესამჩნევია AI გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ხარვეზები და შესაბამისი ვიზუალი.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გადავწყვიტეთ, მოგვეძიებინა პირველწყარო, თუმცა საერთაშორისო მედიაში ან სხვა წყაროებში ინფორმაცია, რომ ირანში მსგავსი შინაარსის პროტესტი გაიმართა, არ იძებნება. ვიდეოს კადრების გადამოწმება უკუძიების მეთოდითაც ვცადეთ, თუმცა ის მხოლოდ X-ისა და Tik-Tok-ის ანგარიშებს (1;2;3) აქვთ გამოქვეყნებული და არა რომელიმე საერთაშორისო რეპუტაციულ მედიას, რომელიც ისრაელ-ირანის კონფლიქტს აშუქებს. X-ის ერთ-ერთ პოსტს დართული აქვს Community Note-ც, რომლის მიხედვითაც ვიდეო AI გენერირებულია.
კადრების სავარაუდო პირველწყარო Tik-Tok მომხმარებელია, სახელით “aimusic88”. ანგარიშზე 18 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეოს ავტორის მითითება აქვს დართული, რომ კონტენტი AI გენერირებულია, გარდა ამისა, ამის შესახებ ის აღწერაშიც მიანიშნებს. ანგარიში სისტემატურად აქვეყნებს AI გენერირებულ სხვადასხვა შინაარსის ვიდეოს.
AI გენერირებულ ვიდეოს მარჯვენა ქვედა კუთხეში დატანილი აქვს ებრაული წარწერა: “ომი ირანთან”. Google Lens-ის დახმარებით უკუძიებით დადგინდა, რომ მსგავს წარწერასა და ვიზუალს ისრაელის N12 ტელევიზია იყენებს (1;2;3).

თუმცა, N12 ტელევიზიის ვებ-საიტზე ვიდეო გამოქვეყნებული არ არის, გარდა ამისა, არ არის გაშუქებული ინფორმაცია, რომ ირანში მსგავსი შინაარსის დემონსტრაცია გაიმართა.
ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ვიდეოებს გარკვეული სახის ხარვეზები სჩვევია. ერთ-ერთი ასეთი ხარვეზი არის დროშა, რომელიც, კადრში ნაჩვენები სხვა დროშების მსგავსად, ირანის უნდა იყოს, შესაბამისად, უნდა ჰქონდეს მწვანე, თეთრი და წითელი ზოლები. თუმცა, კონკრეტულ დროშას ნახევარი მწვანე და ნახევარი ლურჯი ზოლი აქვს.
ასევე, ვიდეოში ვხედავთ ბანერებს, რომლებზე დატანილი წარწერების ნაწილის ამოკითხვა შეუძლებელია, ნაწილში კი სიტყვებია გამოტოვებული. მაგალითად, ერთ-ერთ ბანერზე წერია: “We Israel”. ეს დეტალი დამატებითი არგუმენტია იმისა, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

ასევე, ვიდეოში ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც მოძრაობისას არაბუნებრივი ფორმა აქვთ. კადრების ნაწილში მათი კიდურები დეფორმირებული და ასიმეტრიულია. ასევე, შეუძლებელია სახეების გარჩევა, რაც ასევე AI-ს მიერ გენერირებული ვიდეოსთვის არის დამახასიათებელი.
ხარვეზები AI ვიდეოდან
დამატებით გადამოწმებისთვის, ვიდეო გავაანალიზეთ ხელსაწყოებით, რომლებიც ადგენენ, არის თუ არა კადრები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული. მაგალითად, ერთ–ერთმა ხელსაწყომ (Hive Moderation) 84%-იანი სიზუსტით აჩვენა, რომ ვიდეო AI გენერირებულია. კიდევ ერთმა ხელსაწყობ ვიდეოს კადრის გაანალიზებისას “სავარაუდოდ Deepfake-ი” შედეგი აჩვენა.

მოამზადეს ბაჩანა ზაქარაძემ და ცისია კირვალიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.