22 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდმა “მოძრაობა საქართველოს მომავლისთვის movement for the future Georgia” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” პარტიული სიის მეშვიდე ნომერმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ ბიძინა ივანიშვილს მესია უწოდა. საინფორმაციო ბარათზე, რომელიც ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამახასიათებელი ვიზუალი აქვს, შემდეგი ციტატა იკითხება: “ხანდახან მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ღვთის მიერ ვლადიმერ პუტინსა და ჩვენს შორის შერიგებისთვის გამოგზავნილი მესიაა”.
გავრცელებული ციტატა ყალბია და ლაშა ტალახაძეს არ ეკუთვნის. მსგავსი პოსტი არც “მთავარ არხს” გამოუქვეყნებია და “მითების დეტექტორთან” კომენტარში თავად ტალახაძემაც დაადასტურა, რომ მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
სოციალური ქსელში “მთავარი არხის” ვიზუალით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. ციტატა არც სხვა წყაროებში იძებნება და არც “მთავარი არხის” ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულა. “მითების დეტექტორს” “მთავარმა არხმაც” დაუდასტურა, რომ მსგავსი პოსტი არ გამოუქვეყნებიათ. გარდა ამისა “მითების დეტექტორი” თავად ლაშა ტალახაძესაც დაუკავშირდა და სპორტსმენმა დაადასტურა, რომ მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ფიგურების და საჯარო პირების გაყალბებული ციტატები ხშირად ვრცელდება. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- მეუფე ნიკოლოზისა და მიტროპოლიტი იობის სახელით ყალბი ციტატები ვრცელდება
- საქართველო-ჩეხეთის მატჩის ანგარიშზე ნიკა გვარამიას ყალბი ციტატა ვრცელდება
- ფეისბუქზე ირმა ინაშვილის და კოკა მორგოშიას სახელით გაყალბებული ციტატები ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.