2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “მითების დეტექტორი” 1 რეგიონულ მედიას (STV.GE) და 3 ფეისბუქ გვერდს დააკვირდა, რომლებიც რეგიონულ მედიად პოზიციონირებენ (Guria Times • გურია თაიმსი, ჭიათურის საათი, სამეგრელოს ქრონიკა). ოთხივე ფეისბუქ გვერდი მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” აქტიურ მხარდაჭერას ავლენს. Guria Times • გურია თაიმსი და ჭიათურის საათი 2021 წელის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში იყო გამოვლენილი, ხოლო სამეგრელოს ქრონიკა მიმდინარე წელს.
გამოიკვეთა Guria Times • გურია თაიმსისა და სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიების კოორდინირებული აქტივობა, როდესაც მათ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის მიხეილ როთის განცხადებები არჩევნებში ჩარევად შეაფასეს და მასალები იდენტური ტექსტით გაავრცელეს.
ფეისბუქ-გვერდებს, რომლებიც მედიებად პოზიციონირებენ, ჩვენს შესახებ განყოფილებაში შეზღუდული ინფორმაცია აქვთ მითითებული, არ აქვთ ახალი ამბების ვებ-საიტები და მათი აქტივობა ფეისბუქ პოსტების გამოქვეყნებით შემოიფარგლება. რაც შეეხება STV.GE-ს, ის საინფორმაციო-სააგენტოა, რომელსაც ფეისბუქზე ვებ-საიტიც აქვს მითითებული, თუმცა ზემოთ დასახელებული 3 რეგიონული ფეისბუქ გვერდის მსგავსად, მისი სარედაქციო პოლიტიკა მმართველი პარტიის მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელია. ამასთანავე, როგორც მედიის განვითარების ფონდის კვლევები ცხადყოფს, STV.GE იმ მედიათა შორისაა, ვინც ყოველწლიურად იღებს სამთავრობო კონტრაქტებს საბიუჯეტო რეკლამების და ინფორმაციის გავრცელების მიზნით.
-
Guria Times • გურია თაიმსი
ფეისბუქ გვერდის Guria Times • გურია თაიმსის აღწერის მიხედვით, საინფორმაციო რესურსი და ახალი ამბების ვებ-საიტია. ჩვენს შესახებ განყოფილებაში ასევე მითითებულია ვებ-გვერდის მისამართი guriatimes.ge, თუმცა ის ხელმისაწვდომი არ არის, ხოლო registrator.ge-ის მონაცემების მიხედვით, დომენი guriatimes.ge თავისუფალია, რაც ნიშნავს, რომ ამაჟამად ამ მისამართით საიტი არ ფუნქციონირებს.
ფეისბუქ გვერდი 2015 წელს • Georgian Wall Street •-ის სახელით შეიქმნა, 2019-ში სახელი შეიცვალა და ShareBook • შეარბუქი გახდა. Guria Times • გურია თაიმსი გვერდმა 2021 წლის 30 ივლისს დაირქვა.
გვერდი აქტიურად აქვეყნებს პოსტებს “ქართული ოცნების” საქმიანობის (1,2,3,4) და მთავრობის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ (1,2), ასევე პროსახელისუფლებო ექსპერტების კომენტარებს (1,2,3).
გვერდის მიერ გამოქვეყნებული პოსტები, რომლებიც ოპოზიციასთან არის დაკავშირებული, დიდწილად კრიტიკული და ნეგატიური შინაარსისაა (1,2,3) და მისი სამიზნეები პარტია ახალი და გახარია საქართველოსთვის არიან.
აღსანიშნავია, რომ 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში Guria Times • გურია თაიმსმა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საარჩევნო პროცესში ჩარევაში დაადანაშაულა. საუბარი ეხებოდა როთის პოსტს X-ზე, რომელშიც ის ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
აღსანიშნავია, რომ იდენტური ტექსტით და სათაურით მიხეილ როთის წინააღმდეგ ინფორმაცია სხვა სახელისუფლებო მედიებმა გამოაქვეყნეს (იმედი, რუსთავი 2, კვირა, For.ge, reportiori.ge, Xnews.ge), რაც სახელისუფლებო პროპაგანდისტული გზავნილების კოორდინირებულ გავრცელებაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ დასავლელი პოლიტიკოსები წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” სხვადასხვა წარმომადგენელმა დაადანაშაულა. 7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰარჩინსკი საარჩევნო პროცესში ერევა. პაპუაშვილის განცხადება მოჰყვა ჰერჩინსკის შეფასებას “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, რასაც ჰერჩინსკიმ “აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი” უწოდა. 10 ოქტომბერს მამუკა მდინარაძემ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ევროპარლამენტი დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც ევროპარალამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკომისიას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმებისკენ, წევრ სახელმწიფოებს კი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს.
Guria Times • გურია თაიმსს ამჟამად პოსტები დასპონსორებული არ აქვს, თუმცა 2021 წელს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე პერიოდში გვერდის მიერ დასპონსორებული ყველა პოსტი მეტას პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე რეკლამის სტანდარტების დარღვევის გამო წაშლილია.
-
ჭიათურის საათი
გვერდი ჭიათურის საათი 2015 წელს შეიქმნა და მისი ფეისბუქ აქტივობა გიორგი კასრაძის პოსტების გადაზიარებით შემოიფარგლება.
გიორგი კასრაძე წარსულში პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი და 2020 წელს ჭიათურაში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, თუმცა ამჟამად მისი ფეისბუქ აქტივობიდან ჩანს, რომ ის “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული. ჭიათურის საათს აღწერაში ვებსაიტად მითითებული აქვს wordpress-ის პლატფორმაზე შექმნილი ბლოგი chiaturatv.wordpress.com, რომელზეც ბოლო პოსტი 2019 წლით თარიღდება. ბლოგზე გამოქვეყნებული მასალებიც ძირითადად გიორგი კასრაძეს უკავშირდება და მის სოციალურ ქსელში დაწერილი განცხადებებს ეყრდნობა(1,2). ამჟამად გვერდს დასპონსორებული პოსტები არ აქვს. გიორგი კასრაძის პირად ანგარიშზე ორი დაფინანსებული რეკლამა გვხვდება, თუმცა არ აქვს მითითებული, რომ რეკლამა პოლიტიკური შინაარსისაა, რაც მეტას სტანდარტებს არღვევს.
-
სამეგრელოს ქრონიკა
გვერდი სამეგრელოს ქრონიკა, რომელიც აღწერის მიხედვით ახალი ამბების სააგენტოა, მაისის შემდეგ პოსტებს აქტიურად აღარ აქვეყნებს, თუმცა ამ პერიოდამდე გამოქვეყნებული პოსტები წალენჯიხის ოპოზიციური მერიის წინააღმდეგ იყო მიმართული (1,2,3,4,5,6).
გვერდი 2019 წელს შეიქმნა და მას შემდეგ სახელი 6-ჯერ შეიცვალა. სამეგრელოს ქრონიკა გვერდმა 2022 წლის 14 ივლისს დაირქვა. ამავე დროით თარიღდება გვერდის ყველაზე ადრეული პოსტები (1,2).
-
STV.GE
ფეისბუქ გვერდი STV.Ge 2016 წელს სახელწოდებით • ზუგდიდი / Zugdidi • შეიქმნა, რის შემდეგც გვერდმა სახელი 8-ჯერ შეიცვალა და ბოლოს, 2020 წლის 17 ივლისს STV.GE დაირქვა.
STV.GE “ქართული ოცნების” მხარდამჭერ პოსტებს აქტიურად აქვეყნებს და დიდ ყურადღებას უთმობს მმართველი პარტიის და მთავრობის საქმიანობის გაშუქებას. მათ შორის აქტიურად აშუქებს რეგიონში ჩატარებულ “ქართული ოცნების” მხარდამჭერ კონცერტებს (1,2,3,4,5,6), “ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატის, დავით კოდუას აქტივობას (1,2,3,4,5,6,7), პრემიერ-მინისტ ირაკლი კობახიძის განცხადებებს (1,2,3,4). ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული პოსტები კი უფრო იშვიათია და კრიტიკული (1,2,3,4,5,6).
Stv.ge საჯარო რეესტრში 2012 წლის 20 სექტემბერს “სამეგრელოს მედია ორგანიზაციის” სახელით დარეგისტრირდა. 2019 წლის თებერვლიდან რეორგანიზაციის შედეგად მედია ორგანიზაციამ ვებ- გვერდის სახელწოდება შეიცვალა და ამჟამად Stv.ge-ის სახელით ფუნქციონირებს, მანამდე მედია ორგანიზაცია www.smo.ge-ის სახელწოდებით ოპერირებდა. კომპანიის დამფუძნებელი მალხაზ ბასიალაია, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე 2023 წელს ვერიკო კიკალეიშვილმა ჩაანაცვლა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზაში არსებული ინფორმაციით, 2023 წელს, stv.ge-ის და კიდევ ორ მედიას www.zugdidelebi.ge და www.accentnews.ge ჯამში 11 989 ლარის კონტრაქტი აქვს გაფორმებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების გაშუქებისთვის. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზიდან ამოღებული მონაცემებით, უშუალოდ სამეგრელოს მედია ორგანიზაციას (STV.GE) საინფორმაციო მომსახურებისთვის, რაშიც გაშუქება, ფოტო-ვიდეო მომსახურება, ინფორმაციის ვებ-გვერდზე, ფეისბუქ-გვერდზე და ფეისბუქ ჯგუფებში გაზიარება შედის, 18 750 ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს გაფორმებული საბიუჯეტო ორგანიზაციებთან.
მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მედიის განვითარების ფონდის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს STV.GE-ს – 14 400 ლარის ოდენობის კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული საბიუჯეტო რეკლამების განთავსებისა და ინფორმაციის გავრცელებისთვის. აღსანიშნავია, რომ 3000 ლარიანი კონტრაქტი გამოცემას ხობის მუნიციპალიტეტთან სხვადასხვა ჯგუფებში ინფორმაციის გავრცელებისთვის ჰქონდა გაფორმებული. გამოცემებთან მსგავს მომსახურებაზე კონტრაქტების გაფორმების ტენდენცია მედიის განვითარების ფონდმა 2019 წლიდან გამოავლინა. ფეისბუქ-ჯგუფებში და გვერდებზე ინფორმაციის გასავრცელებლად STV.GE-ს 3000 ლარის ღირებულების კონტრაქტი ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულსაგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრთან 2020 წელსაც ჰქონდა გაფორმებული. კონტრაქტის მიხედვით, STV.GE-ს მასალები თავის გვერდსა და 4 ფეისბუქ-ჯგუფში უნდა გაევრცელებინა: კახა კალაძე თბილისის მერი (ჯგუფს ამჟამად კახი კალაძის მხარდამჭერები ჰქვია), დახურული ჯგუფი СУХУМИ, და ორი ამჟამად გაუქმებული ჯგუფი ეს საქართველოა და https://www.facebook.com/zugdidit/.