31 მარტს პროსახელისუფლებო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ და სხვა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2) გამოაქვეყნეს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან სანიკიძის ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც ის ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესახებ საუბრობს და ამბობს რომ პარტია მათ ასრულებს. “ქართული ოცნება”, სხვათა შორის, ერთ რამეშია კეთილსინდისიერი. ამ არჩევნების წინ რა დაპირებაც გასცა, ყველაფერს ასრულებს,” – ისმის ვიდეოში. ფეისბუქ მომხმარებლები აღიქვამენ, თითქოს სანიკიძე “ქართულ ოცნებას” დადებითად წარმოაჩენს.
ლევან სანიკიძის ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც ის “ქართული ოცნების” დაპირებების შესახებ საუბრობს, კონტექსტის გარეშე ვრცელდება. სრული გადაცემის ყურებით აშკარა ხდება, რომ სანიკიძე “ქართულ ოცნებასა” და მათ მიერ დაპირებების შესრულებაზე პოზიტიურად არ საუბრობს. გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებ მონაკვეთში პოლიტიკოსი ნათქვამს აზუსტებს და განმარტავს, რომ დაპირებები, რომელსაც პარტია ასრულებს, როგორც საქართველოსთვის, ისე მოსახლეობისთვის საზიანოა.
31 მარტს ლევან სანიკიძე სტუმრად იმყოფებოდა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “ანა ახალაიას დღის ამები”. მან ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა ამავე დღის საპროტესტო აქციის შესახებ, ასევე “ქათული ოცნების” მიერ მიღებული ახალი კანონებისა და პოლიტიკური პარტიების კოორდინაციის შესახებ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოზე ნაჩვენებ ეპიზოდში ჟურნალისტმა სანიკიძეს 31 მარტის აქციის შესახებ მოლოდინებზე ჰკითხა. პოლიტიკოსმა დღის მნიშვნელობა გამოკვეთა და ამასთანავე, “ქართული ოცნების” პოლიტიკაზეც ისაუბრა. ლევან სანიკიძემ საუბარი დაასრულა ფრაზით, რომ “ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ასრულებს, თუმცა მას საკითხზე პოზიტიური კონტექსტით არ უსაუბრია. პოლიტიკოსმა წინადადების დასრულებისთანავე დააზუსტა, რომ აღნიშნული დაპირებები საზიანობა ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. სანიკიძემ გადაცემაში თქვა:
“ქართული ოცნება”, სხვათა შორის, ერთ რამეშია კეთილსინდისიერი. ამ არჩევნების წინ რა დაპირებაც გასცა, ყველაფერს ასრულებს, ოღონდ ეს დაპირებები ემსახურება ამ ქვეყნის, ამ სახელწიფოს და ჩვენი მოქალაქეების განადგურებას.”
რამდენიმე დღის წინ ლევან სანიკიძემ დაწერა, რომ, მისი ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს გამარჯვების აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში აპირებდა წასვლას. ინფორმაცია ყაველაშვილის ადმინისტრაციამ უარყო. სანიკიძემ აღნიშნულ საკითხზე საუბრისას გაიხსენა “ქართული ოცნების” ის დაპირებები, რომლებიც, მისი თქმით, პარტიამ წარსულში არ შეასრულა (24:25):
“პასუხი რაც არის [9 მაისს მოსკოვში ჩასვლის უარყოფა] დამაკმაყოფილებელია ვინმესთვის? თუ “ქართულ ოცნებას” არ გადაუთქვია არაფერი? რუსულ კანონზე არ გადავუგდივართ, პროპორციულ სისტემაზე არ გადავუგდივართ? აგერ, ბოლოს ხომ თქვეს, სამხედროებს არც დაიბარებდნენ კომისიაზე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დადგებოდა, და რას ვუყურებთ? სამხედროების დაკითხვა მიდის, ხო, პირდაპირ ეთერში.”
ამდენად, ინტერვიუს სრულად ნახვით ცხადი ხდება, რომ სანიკიძე “ქართული ოცნების” მიერ დაპირებების შესრულებაზე დადებითად არ საუბრობს და პირიქით, მათ ქმედებებს უარყოფითად აფასებს და “გამანადგურებელს” უწოდებს.
წინასაარჩევნოდ “ქართულმა ოცნებამ” არაერთი დაპირება გასცა, რომელიც საარჩევნო პროგრამით გაწერილი არ იყო. პარტიის ლიდერები საჯაროდ ამბობდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აკრძალავდნენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და ლგბტ პროპაგანდას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ვიდეოები კონტექსტის გარეშე ხშირად ვრცელდება. ეს მათი დისკრედიტაციის ერთ-ერთი მეთოდია. “მითების დეტექტორმა” წარსულში ამგვარი არაერთი ვიდეო გადაამოწმა.
წყაროების შესახებ:
ამირან სალუქვაძე პროსახელისუფლებო ექსპერტია, რომელსაც სოციალურ ქსელში არაერთხელ გაუვრცელებია ყალბი ინფორმაცია. ის, ძირითადად, ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწევა და ანტიდასავლური პოსტებითაც გამოირჩევა.
დავით ჯებაშვილი და Giorgi Amirejibi ხშირად ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. მისი სამიზნე ხდებიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე აქტივისტები.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.