შესწორება 07.07.25: მას შემდეგ, რაც ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ქართული დელეგაციის თქმით, ისინი საბოლოო კენჭისყრას არ დასწრებიან, “მითების დეტექტორმა” თავდაპირველი ტექსტი დაარედაქტირა. ასევე, მასალაში დაემატა კადრები კენჭისყრის დასრულებისას, სადაც ჩანს, რომ მაია ბითაძე დარბაზში იმყოფება.
“ქართული ოცნება”, პარტიის დეპუტატები და პროსახელისუფლებო მედია დეზინფორმაციას უწოდებენ 3 ივლისს ონლაინმედია “ნეტგაზეთის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის დეპუტატებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციას მხარი დაუჭირეს.
29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით პორტუგალიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 32-ე ყოველწლიური სესია გაიმართა. ეუთოს წევრი სახელმწიფოების დელეგაციამ “პორტოს დეკლარაცია” მიიღო. ასამბლეას ქართული დელეგაციაც ესწრებოდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და მაია ბითაძე.
“მითების დეტექტორმა” ინფორმაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან გადაამოწმა. ეუთო-ს საპარლემენტო ასამბლეის კომუნიკაციებისა და პრესის ხელმძღვანელმა, ნატ პერიმ (Nat Parry) დაგვიდასტურა, რომ პლენარულ სხდომაზე საბოლოო რეზოლუცია წინააღმდეგობის გარეშე მიიღეს, თუმცა გენერალური კომიტეტეტის სხდომაზე გარკვეული პროტესტი გამოითქვა.
მოგვიანებით “ნეტგაზეთმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას “პორტოს დეკლარაციის” საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
განახლება: ინფორმაცია კვლავ ნატ პერისთან გადავამოწმეთ. ამჯერად მან მოგვწერა, რომ რეზოლუციები თავდაპირველად საერთო კომიტეტში განიხილება, სადაც ქართული დელეგაცია მის მიღებას “კატეგორიულად დაუპირისპირდა”, თუმცა პლენარულ სხდომაზე, სადაც რეზოლუციას საბოლოოდ უყარეს კენჭი, განსხვავებული ხმები არ დაფიქსირებულა. ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის სპიკერის თქმით, ქართული დელეგაცია დაჟინებით ამტკიცებს, რომ საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
სანამ ეუთო-ს წევრი ქვეყნები კენჭს უყრიდნენ “პორტოს რეზოლუციას”, ორგანიზაციის პრეზიდენტმა, პია კაუმამ თქვა [2:23:55], რომ თუ რომელიმე დელეგაცია რეზოლუციის ან კონკრეტული პარაგრაფის წინააღმდეგი იქნება, კენჭისყრისას უნდა თქვან. დელეგაციის წევრებს შეეძლოთ კონკრეტული პარაგრაფებისთვის დაეჭირათ მხარი. საჯაროა ასამბლეის ყოველწლიური სესიის დასკვნითი დღის სრული ჩანაწერი, სადაც ქართული დელეგაციის წევრების სიტყვით გამოსვლაც მოხვდა [1:11:12 – 1:42:12]. რეზოლუციას კენჭი უყარეს სიტყვით გამოსვლების შემდგომ. იმ პარაგრაფებისა თუ რეზოლუციების კენჭისყრისას, რომელშიც საქართველოა მოხსენიებული, პია კაუმა ამბობს, რომ მათ დასამტკიცებლად წინააღმდეგობა არავის გამოუხატავს (“no objection”). ეუთო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები “პორტოს დელეგაციის” არც ერთ პარაგრაფს შეწინააღმდეგებიან.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დროს დარბაზის კადრი რამდენჯერმე ჩნდება, თუმცა არა ის ნაწილი, სადაც ქართული დელეგაციის წევრები ისხდნენ. კერძოდ, დარბაზის იმ ნაწილში, სადაც ქართულ დელეგაციას ვხედავთ, წინა რიგში ნიდერლანდებისა და პოლონეთის წარმომადგენლები სხედან [2:33:23]. კენჭისყრისას კი ჩნდება [2:26:47] დარბაზის მხოლოდ ის ნაწილი, რომელის წინა რიგებშიც ერთ მხარეს სლოვენიის, სერბეთის, სანმარინოს, მეორე მხარეს კი უზბეკეთის, ნორვეგიისა და მონტენეგროს წარმომადგენლები სხედან.
ქართული დელეგაცია OSCE PA-ს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას
“პორტოს დეკლარაციის” საბოლოოდ მიღებისთანავე, კადრში ჩნდება დარბაზის კიდევ ერთი ნაწილი, სადაც მაია ბითაძეს ვხედავთ. ბითაძე უკან ზის, ამიტომ მისი გამოსახულება ცუდი ხარისხით ჩანს. თუმცა, მას იგივე იასამნისფერი მოსაცმელი აცვია და მის წინაც იგივე ადამიანები სხედან.
მაია ბითაძე OSCE PA-ს სესიის დარბაზში რეზოლუციის კენჭისყრის დასრულებისთანავე
შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, რეზოლუციის კენჭისყრისას იმყოფებოდნენ თუ არა ქართული დელეგაციის წევრები დარბაზში. თუმცა მაია ბითაძე კენჭისყრის დასრულებისთანავე ჩნდება კადრში. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ “ქართული ოცნებისადმი” კრიტიკული რეზოლუციის კენჭისყრისას დარბაზში ბითაძე მაინც იმყოფებოდა, რომელსაც შეეძლო კრიტიკული ჩანაწერებისათვის მხარი არ დაეჭირა. თუმცა, პია კაუმა საქართველოს შესახებ პარაგრაფებისა [2:25:10] და რეზოლუციის [2:32:00] კენჭისყრას ასრულებს ფრაზით: “არანაირი წინააღმდეგობა.”
- რა წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში?
“პორტოს დეკლარაცია” საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს. “რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთო-ს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ” 12 პუნქტისაგან შედგება. საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსგან მოითხოვს: დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, შეეცადოს სიტუაციის დეესკალაციას და ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა აღადგინოს საზოგადოების ნდობა ქართული დემოკრატიის მიმართ. ასევე პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, თავი შეიკავოს მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციით ღრმა შეშფოთება გამოხატა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც. რეზოლუციის პირველივე პუნქტში ნათქვამია, რომ ეუთო/ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში არაერთი დარღვევა დაადგინა. მათ შორის გამოკვეთილია საარჩევნო პროცედურების დარღვევა და უპრეცედენტო მასშტაბის ადმინისტარციული რესურსის გამოყენება. რეზოლუციის მეოთხე პუნქტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გააკრიტიკა ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებისა და მათ წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ფაქტი. რეზოლუციაში ასევე უკმაყოფილებაა გამოთქმული ბოლო დროს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების გამო.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ “პორტოს დეკლარაციის” მესამე თავში, რომელიც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ეხება, საქართელოს შესახებაც გვხვდება ჩანაწერი. მესამე თავის 217-ე პუნქტში ვკითხულობთ: “[ეუთო] მოუწოდებს დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა უზრუნველყოს ფუნდამენტური თავისუფლებები, ძირითადად, ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომელიც ნამდვილას ასახავს ქართველი ხალხის ნებას.”