2025 წლის 23 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოალბომი, სადაც, თითქოს, ქართული დელეგაცია ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ხვდებიან. ფოტოებზე პოლიტიკოსებს ხელში უჭირავთ საქართველოს რუკა წარწერით: „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.“
პოსტის აღწერაში ნათქვამია, რომ ეს შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით გაიმართა და რუსეთთან დიალოგის შედეგად საქართველო მალე „დააბრუნებს“ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს.
პოსტის გამოხმაურებიდან ჩანს, რომ ფეისბუქ მომხმარებლები ფოტოებს და ინფორმაციას რეალურ ამბად აღიქვამენ.
გავრცელებული ფოტოები, თითქოს ქართული დელეგაცია რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა, პროგრამულადაა დამუშავებული. სხვადასხვა ოფიციალური ვიზიტის დროს გადაღებულ კადრებში უცხო ქვეყნების წარმომადგენლები და სიმბოლოები რუსი პოლიტიკოსებით და რუსეთის დროშებით არის ჩანაცვლებული. ქართულ და რუსულ მხარეებს შორის ოფიციალური შეხვედრა არ გამართულა.
ფოტოალბომში წარმოდგენილი სურათები რეალობას არ ასახავს და სხვადასხვა ოფიციალური ვიზიტიდან ამოღებული კადრების მანიპულაციურ მონტაჟს წარმოადგენს, სადაც სხვა ქვეყნების წარმომადგენლები და დროშები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებით და დროშით არის ჩანაცვლებული.
მაგალითად, ალბომში წარმოდგენილ ერთ-ერთ ფოტოში აზერბაიჯანის დროშები რუსეთის დროშებით არის ჩანაცვლებული, ხოლო აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში, ფაიგ გულიევი, შეცვლილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრით, სერგეი ლავროვით. რეალურად, “ქართული ოცნების” წარმომადგნელებმა 2024 წლის 26 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში, ჩანაწერი გააკეთეს.

კიდევ ერთ ფოტოზე, რომელიც ალბომშია წარმოდგენილი, ყაზახეთის დროშა შეცვლილია რუსეთის დროშით, ხოლო ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ნაცვლად, გაყალბებულ ფოტოზე ვლადიმერ პუტინია გამოსახული. ფოტოს ორიგინალი ვერსია გამოქვეყნებულია 6 თებერვალს, როდესაც ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა.

ასევე, ფოტომანიპულაციის მაგალითია 2025 წლის 24 იანვარს მაკა ბოჭორიშვილისა და თურქმენეთის ელჩის, დოვლეტმირატ სეიტმამედოვის შეხვედრა. ფოტოზე ვხედავთ, რომ თურქმენეთის დროშა – რუსეთის დროშით, ხოლო თურქმენეთის ელჩი სერგეი ლავროვით არის ჩანაცვლებული.

-
მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის?
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. მიუხედავად ამისა, ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები შენარჩუნდა და ზოგიერთ სფეროში, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში გაიზარდა კიდეც. 2024 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სფეროებში. თუმცა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადადგმულა. 2024 წლის ივლისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველო და რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობენ. მათი განცხადებით, ეს ოპოზიციური რესურსების მიერ ტირაჟირებული ცრუ ინფორმაციაა. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას საქართველოში მხარს უჭერენ პრორუსული პოლიტიკური ძალები საქართველოში, მათ შორის პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია, “კონსერვატიული მოძრაობა”.
რუსეთის ოფიციალური პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით მკაფიოა—მოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს და ფაქტობრივად, აკონტროლებს კიდეც. რუსეთის ოფიციალური პოლიტიკა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ის არ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამის ადასტურებს პუტინის განცხადებები. მაგალითად, 2019 წელს პუტინმა საქართველო აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში დაადანაშაულა. მისი თქმით, 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, ხოლო 1919-1920 წლებში ოსეთში ოკუპანტები კიდევ უფრო სასტიკად მოიქცნენ. პუტინმა ეს მოვლენები გენოციდს შეადარა, რითაც მან კიდევ ერთხელ გაამყარა რუსეთის პოზიცია, რომელიც საქართველოს აგრესორად წარმოაჩენს და არათუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას უჭერს მხარს, არამედ ისტორიის გადაწერის მცდელობასაც არ ერიდება.
რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება. 2017 წელს, პუტინმა პირადად მოინახულა სოხუმი და სეპარატისტული აფხაზეთის მაშინდელ ლიდერს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა. შეხვედრისას მან ღიად განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოებისა და მისი „დამოუკიდებლობის“ გარანტიაა.
რამდენიმე თვის წინ ასევე ვრცელდებოდა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო, რომელშიც ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნებაზე საუბრობდა. ამის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.