გავრცელებულ ჩანაწერში “მაიდანს” და “ქართულ ბატალიონს” პრანკერები ახსენებენ და არა პოლ მასარო

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

პოლ მასარო
285
VIEWS

1 მაისს სახელისუფლებო ტელეკომპანია იმედმა გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი, რომელზეც დატანილია ჰელსინკის კომისიის შტაბის დირექტორის, პოლ მასაროს საუბარი რუს პრანკერებთან. იმედის ცნობით, პრანკერებმა, რომლებიც უკრაინელი დიპლომატის, კონსტანტინ ელისეევის სახელით რეკავდნენ, მას უთხრეს, რომ სურდათ “ქართული ბატალიონი” გამოეგზავნათ საქართველოში, რაზეც მასარომ უპასუხა: “ვფიქრობ, მომიტინგეები ამას აპირებენ, ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ, ვფიქრობ წარმატებას მიაღწევენ”.

გარდა ამისა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმაიმედმა”, POSTV-მ და სხვა სახელისუფლებო მედიებმა ჩანაწერის ის მონაკვეთებიც გააშუქეს, სადაც USAID-სა და NED-ზეა საუბარი.

პოლ მასარო

ტელეკომპანია იმედი რუს პრანკერებთან პოლ მასაროს საუბრის მონაკვეთს მანიპულაციურად და უკონტექსტოდ ავრცელებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მასარო ქართული ბატალიონის გაგზავნას ადასტურებს. კონკრეტულ ნაწილში პირი, რომელსაც მასაროდ წარადგენენ, საქართველოში “ქართული ბატალიონის” გამოგზავნაზე არ საუბრობს. ჩანაწერიდან ჩანს, რომ “მაიდანს” და “ქართული ბატალიონის გაგზავნას” მხოლოდ პრანკერები ახსენებენ, ხოლო მასარო ამბობს, რომ პროტესტის მონაწილეები წარმატებას მიაღწევენ, ახალი მთავრობის არჩევაზე კი პასუხობს, რომ “ეს კვლავ შეიძლება მოხდეს”.

რაც შეეხება USAID-სა და NED-ს, ჩანაწერის თანახმად, მასარო ამბობს, რომ მათ საქართველოსა და უკრაინაში პროდუქტიული პროექტები ჰქონდათ და მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოები რეფორმირებას საჭიროებდნენ, მათი დახურვა არაკონსტიტუციურად გამოიყურება.

ჩანაწერში, რომელშიც რუსი პრანკერები, მათი მტკიცებით, მასაროს უკრაინელი დიპლომატის სახელით  ესაუბრებიან, საქართველო და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები რამდენიმე მონაკვეთში არის ნახსენები. ერთ-ერთი არის მონაკვეთი, რომელშიც საუბარია ახალი მთავრობის არჩევაზე.   

აღნიშნულ მონაკვეთში მასარო ამბობს, რომ ხელისუფლებაზე  ზეწოლა, ჩამოყალიბდეს ახალი მთავრობა, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მომენტში სთავაზობენ პრანკერები მას იდეას საქართველოში დასახმარებლად “ქართული ბატალიონის” გაგზავნასთან დაკავშირებით. ამაზე ის იცინის და ამბობს: “ვიცი, ვიცი”. ამის შემდეგი წინადადება იწყება სიტყვით “თუმცა” და მონაკვეთი, რომელიც ამ სიტყვას მოყვება, ნათელს ხდის, რომ მოსაუბრის აზრით, პროტესტის მონაწილეები საქართველოში წარმატების მიღწევას თავადაც შეძლებენ.

გთავაზობთ აღნიშნული მონაკვეთის თარგმანს სრულად:  

პრანკერები: სიტუაცია, მოვლენები არ არის ძალიან სასიამოვნო. მაშინაც კი, თუ ჩვენ შევძლებდით მაიდნის მსგავსი რამის მოწყობას იქ, თუ შევძლებდით, რომ გვეიძულებინა მათი ხელისუფლება აერჩიათ ახალი მთავრობა, მე ვერ ვხედავ რაიმე… 

მასარო: ეს კვლავ შეიძლება მოხდეს, ეს შეიძლება მოხდეს, ეს შეიძლება მოხდეს… მე ვგულისხმობ… საქართველოს შესახებ არის ის, რომ… ჩვენ ძალიან “ვაწვებით” და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია… 

პრანკერები: რომ შეგვეძლოს იქ “ქართული ბატალიონის” გაგზავნა და დახმარება… 

მასარო: ვიცი, ვიცი… (იცინის) თუმცა, მე სინამდვილეში ვფიქრობ, რომ პროტესტის მონაწილეები… ვგულისხმობ, რომ ჩვენ ამაზე ძალიან გულმოდგინეთ ვმუშაობთ და მე ვფიქრობ, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ.  

  • სახელისუფლებო მედია “მაიდნის” თემით მანიპულირებს

1 მაისს თავდაპირველად ტელეკომპანია “იმედმა”, ხოლო შემდეგ სხვა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა (საზოგადოებრივი მაუწყებელი; Exclusive News; მარშალპრესი; For.ge; მედიაჰოლდინგი კვირა; SPNEWS; Infopostalioni; News.ge) პრანკერებთან საუბრის ჩანაწერის შესახებ ასევე გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც მასაროს ციტირებენ, თითქოს ის ფიქრობს, რომ საქართველოში შეიძლება “მაიდანი მოხდეს”. ინტერვიუს აღნიშნული მონაკვეთი იდენტურად თარგმნა რუსთავი 2-მა და რეზონანსმა. მტკიცებას, თითქოს მასარო იმედოვნებს, რომ საქართვველოში “მაიდანი მოხდება”, იმეორებს Sputnik საქართველო

 

მედიასაშუალებებმა ასე თარგმნეს მონაკვეთი, რომელშიც პირი, რომელსაც მასაროდ წარადგენენ, ახალი მთავრობის არჩევაზე საუბრობს. რეალურად, მაიდანი მას არ უხსენებია და, როგორც წინა შემთხვევაში მოყვანილ დიალოგში ჩანს, პრანკერებმა ახსენეს. პრანკერების სიტყვებს, რომ იქნებ ეიძულებინათ ხელისუფლება, აერჩიათ ახალი მთავრობა, მოსაუბრე პასუხობს: “ეს კვლავ შეიძლება მოხდეს”. 

პრანკერები: […] მაშინაც კი, თუ ჩვენ შევძლებდით მაიდნის მსგავსი რამის მოწყობას იქ, თუ შევძლებდით, რომ გვეიძულებინა მათი ხელისუფლება აერჩიათ ახალი მთავრობა, მე ვერ ვხედავ რაიმე… 

 მასარო: ეს კვლავ შეიძლება მოხდეს, ეს შეიძლება მოხდეს, ეს შეიძლება მოხდეს… მე ვგულისხმობ… საქართველოს შესახებ არის ის, რომ… ჩვენ ძალიან “ვაწვებით” და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია… 

აღსანიშნავია ისიც, რომ საუბრის არცერთ მონაკვეთში მასარო საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ფორმებით შეცვლაზე არ ლაპარაკობს. ის ახსენებს მთავრობის იძულებას. კიდევ ერთი მონაკვეთი, რომელშიც საქართველოს ახსენებენ, საუბრის პირველ ნაწილშია [7:25-დან]. ამ შემთხვევაში, პრანკერები მასაროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ეკითხებიან და ის ახსენებს კანონპროექტსა და ზურაბიშვილთან ელჩის შეხვედრას: 

მასარო: […] დამიჯერე, ჩვენ ძალიან ბევრ სამუშაოს ვაკეთებთ საქართველოში.

 პრანკერები: რა ხდება საქართველოში? ვიცი, რომ სიტუაცია კვლავ დაძაბულია და ოპოზიცია ითხოვს ახალ არჩევნებს, მაგრამ არაფერი იცვლება.  

მასარო: ვნახავთ. კონგრესში ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე მივიღებთ ძლიერ კანონპროექტს. იცით, რომ ელჩი, მადლობა ღმერთს, ხვდებოდა ზურაბიშვილს. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ რაღაცებში საკმაოდ ცუდი იყო… არ მინდა ვიფიქრო, რომ ამერიკაში ცუდიდან უარესისკენ მივდივართ. 

  • რა თქვა მასარომ USAID-სა და NED-ზე?

გარდა ამისა, აღნიშნული ჩანაწერიდან სახელისუფლებო მედიამ პოლ მასაროს განცხადება USAID-ისა და NED-ის საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის გამოიყენა. მედიასაშუალებების მტკიცებით, მასარომ თქვა, რომ USAID-ი და NED-ი საზღვარგარეთ, მათ შორის, საქართველოში ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ავრცელებდნენ. რეალურ ციტატაში მასარო მათ დახურვაზე საუბრობს და მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება განპირობებული იყო “იმ წარმოდგენებით, რომ ისინი იმ იდეოლოგიის პოპულარიზაციას ეწეოდნენ, რაც ამერიკის ინტერესებში არ არის, როგორიცაა მემარცხენე ვოუქ იდეოლოგიის გავრცელება. მათგან ნაწილი გადაჭარბებული იყო, ნაწილი – სიმართლე. ეს ორგანიზაციები დიდი ხანია რეფორმირებას საჭიროებდნენ. მე ვფიქრობ, თქვენს რეგიონში, განსაკუთრებით, უკრაინასა და საქართველოში, ძალიან პროდუქტიული პროექტები ჰქონდათ და სამწუხაროა, რომ ისინი წყალს გაატანეს”. 

აღსანიშნავია, რომ მინიმუმ 10-მა მედიასაშუალებამ (1;2;3;4;5;6;7;8;9;10) პოლ მასაროს განცხადება  USAID-ისა და NED-ის შესახებ იდენტური მანიპულაციური სათაურით გააშუქა, თუმცა მათ სტატიებში (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა) ჰელსინკის კომისიის შტაბის უფროსის ციტატა სწორად იყო წარმოდგენილი.

 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ის ნაწილი, რომელშიც მასარო NED-ისა და USAID-ის საქმიანობს შესახებ საუბრობს, შემდეგნაირად თარგმნა: “ეს არის მემარცხენე ვოუქიზმის იდეოლოგია. ზოგი რამ გადაჭარბებულია, ზოგი კი მართალია. ამ სააგენტოებს, დიდი ხანია, რეფორმა სჭირდებოდათ. მსოფლიოს თქვენ მხარეში, განსაკუთრებით უკრაინასა და საქართველოში, მათ ჰქონდათ ძალიან პროდუქტიული პროექტები. მათ მიერ შესრულებული ბევრი სამუშაო, სავარაუდოდ, და ჩანს ძალიან აშკარად, არალეგალური და არაკონსტიტუციური იყო”.  

gavrtselebul chanatsershi maidans da qarthul batalions prankerebi akhseneben da ara pol masaro1 გავრცელებულ ჩანაწერში “მაიდანს” და “ქართულ ბატალიონს” პრანკერები ახსენებენ და არა პოლ მასარო
სქრინშოტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-საიტიდან

ბოლო წინადადებაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მტკიცებით, მასარო ამბობს, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ შესრულებული სამუშაო არალეგალური და არაკონსტიტუციური იყო. თუმცა, რეალურად, ჩანაწერის მიხედვით, სიტყვები “არალეგალური” და “არაკონსტიტუციული” მიემართება არა სააგენტოების მუშაობას, არამედ მათი დახურვის შესახებ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას:  

“ვფიქრობ, რომ თქვენს რეგიონში, განსაკუთრებით, უკრაინასა და საქართველოში, ძალიან პროდუქტიული პროექტები ჰქონდათ და სამწუხაროა, რომ ისინი წყალს გაატანეს. მე ვგულისხმობ, რომ ამის დიდი ნაწილი კეთდება ისე, რომ, აშკარად არალეგალურად და არაკონსტიტუციურად ჩანს. თუ ეს ასეა, მაშინ საბოლოოდ ეს ყველაფერი გაუქმდება და შემდეგ პრეზიდენტს მოუწევს დანიშნოს 20 ათასი, 30 ათასი ახალი ადამიანი ამ სააგენტოებში. იმას ვგულისხმობ, რომ ისინი ვერ წავლენ, რადგან კონგრესის მიერ უნდა გაუქმდნენ. აქ კონგრესი საკმაოდ ძლიერია, კონგრესი წყვეტს ბიუროკრატიის არქიტექტურას”.

 ამრიგად, იმედის საინფორმაციო ბარათი, რომელშიც “ქართულ ბატალიონზეა” საუბარი, მანიპულაციურია, რადგან მოსაუბრეს პრანკერებთან ზარში მსგავს გეგმებზე ინფორმაცია არ დაუდასტურებია. პროსახელისუფლებო მედიის სტატიებში ჰელსინკის კომისიის შტაბის დირექტორს მიაწერენ, თითქოს მან “მაიდნის მოხდენის” შესაძლებლობაზე ისაუბრა, თუმცა ტერმინი “მაიდანი” მხოლოდ პრანკერებმა ახსენეს. მასაროს ციტატა ასევე მანიპულაციურად ვრცელდება USAID-ისა და NED-ის შესახებ, მაშინ, როდესაც ის რეალურად ამბობს, რომ საქართველოში ამ ორგანიზაციებს პროდუქტიული პროექტები ჰქონდათ. გარდა ამისა, “საზოგადოებრივმა მაუწყებლის” მტკიცების საპირისპიროდ, მასაროს სიტყვები “არალეგალური” და “არაკონსტიტუციური” მიემართება არა NED-ისა და USAID-ის საქმიანობას, არამედ მათი გაუქმების გადაწყვეტილებას. 

არქივი (1;2;3;4;5;6;7;8;9


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist