7 აგვისტოს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო (1;2), რომელშიც საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ქალებისათვის მანქანის მართვის აკრძალვაზე საუბრობს და ამბობს: “ქალებზე მართვის მოწმობები აღარ გაიცემა. ქალებს ავტომობილის მართვა ეკრძალებათ.” ვიდეოს თან ერთვის ტელეკომპანია “მთავარის” ძველი ლოგო და წარწერა “ქალები პრავებს ვეღარ აიღებენ?”. ვიდეოს კომენტარებიდან ჩანს, რომ ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილი ინფორმაციას რეალურად აღიქვამს.

ქალებისთვის მანქანის მართვის აკრძალვაზე ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ვრცელდება. ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არც ტელეკომპანია მთავარს გაუშუქებია.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე დატანილია “მთავარი არხის” ძველი ლოგო და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის ტელევიზიის სტუდიაშია გადაღებული. ქალებისათვის მანქანის მართვის უფლების აკრძალვის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა “მთავარის” ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.
ვიდეოს მარჯვენა ქვედა კუთხეში ბუნდოვნად ჩანს წარწერა Veo, რაც Google DeepMind-ის მიერ შექმნილი პროგრამაა. Veo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამაა, რომელიც ფოტოსა და ტექსტის მითითებით ქმნის ვიდეოებს. პროგრამა 2024 წელს გამოვიდა და ამ დრომდე მსგავსი ტექნიკით შექმნილი არაერთი ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ნაწილი მათგანის შინაარსი გასართობია და ფეისბუქ-მომხმარებლებიც ხვდებიან, რომ ის ხელოვნური ინტექლექტის მიერაა გენერირებული.

გავრცელებული ვიდეო TikTok-ზეც გვხვდება. ანგარიშმა ai_is_real1 (ხელოვნური ინტელექტი რეალურია) ვიდეო 7 აგვისტოს ატვირთა და აღწერაში მიუთითა #ai. სავარაუდოა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოს პირველწყარო სწორედ ეს ტიკ-ტოკ ანგარიშია, რადგან მას მსგავსი ტექნოლოგიით შექმნილი არაერთი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული. მათ შორის, არაერთ ვიდეოშია გამოყენებული “მთავარი არხის” ლოგო და მსგავსი სტუდია.

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ვიზუალური მასალების სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება, უმეტესად, ადამიანების ან მოვლენების დისკრედიტაციის მიზნით. “მითების დეტექტორმა” აქამდეც არაერთი პოსტი გადაამოწმა, სადაც AI ტექნოლოგიით შექმნილ ვიზუალურ მასალას რეალურად წარმოაჩენდნენ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















