15 იანვარს პლატფორმის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” გადაცემაში “სოციალისტური პლატფორმის დრო” წამყვანმა ილია ლობჟანიძემ აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირი იყო პირველი ქვეყანა, სადაც ქალების ხმის უფლება დაკანონდა.
მტკიცება, რომ საბჭოთა კავშირი იყო პირველი ქვეყანა, სადაც ქალების ხმის უფლება დაკანონდა, სიმართლეს არ შეესაბამება. პირველი ქვეყანა, რომელმაც ქალებს ხმის უფლება მიანიჭა ახალი ზელანდიაა. ასევე, სსრკ-ს შექმნამდე, ხმის მიცემის უფლება ქალებს არაერთ ევროპულ სახელმწიფოშიც უკვე ჰქონდათ.
მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელმაც ქალებს ხმის უფლება მიანიჭა, ახალი ზელანდიაა. 1893 წლის 19 სექტემბერს გუბერნატორმა ლორდ დეივიდ ბოილ გლასოუმ ხელი მოაწერა ახალ საარჩევნო აქტს, რომელმაც ქალებს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მისცა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქეით შეპარდის ლიდერობით სუფრაჟისტული მოძრაობის რამდენიმე წლიანი მუშაობა ქალებისთვის ხმის უფლების მინიჭებისთვის.
1922 წელს საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებამდე რიგმა სახელმწიფოებმა ქალებს საყოველთაო ხმის უფლება მიანიჭეს. გარკვეულ სახელმწიფოებში ქალებმა ხმის უფლება დამატებითი დათქმებითა და შეზღუდვებით მიიღეს.
წელი: | ქვეყანა: |
1902 | ავსტრალია (მხოლოდ თეთრკანიან ქალებს) |
1906 | ფინეთი (რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ) |
1913 | ნორვეგია |
1915 | დანია, ისლანდია (40 წელს ზემოთ ქალებს) |
1917 | რუსეთის რესპუბლიკა (გასაბჭოებამდე), უკრაინა, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ბელარუსის სახალხო რესპუბლიკა, ურუგვაი |
1918 | ავსტრია, გერმანია, პოლონეთი, აზერბაიჯანი, გასაბჭოებული რუსეთ და ყირგიზეთი, კანდა (ბრიტანილი და ფრანგული წარმომავლობის ქალებს), უნგრეთი (24 წელს ზემოთ ქალებს), გაერთიანებული სამეფო (დაქორწინებული ქალები, უნივერსიტეტ დამთავრებული ქალები 30 წლიდან, უძრავი ქონების მფლობელი ქალები) |
1919 | საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, უკრაინის სსრ, სომხეთის პირველი რესპუბლიკა, ბელგია, ჩეხოსლოვაკია, ნიდერლანდი, ლუქსემბურგი, შვედეთი |
1920 | ისლანდია, აშშ (გარკვეული შეზღუდვებით აფრო-ამერიკელი, ინდიელი და აზიური წარმოშობის ქალებისთვის) |
1922 | ირლანდია |
შესაბამისად, სსრკ-ს შექმნამდეც და რუსეთის გასაბჭოებამდეც ქალებს ხმის უფლება არაერთმა სხვა სახელმწიფომ მიანიჭა. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირში არჩევნები ფასადური იყო. მოქალაქეებს ხმის მიცემა მხოლოდ ერთი კანდიდატისთვის შეეძლოთ, რომელიც წინასწარ იყო შერჩეული კომუნისტური პარტიის მიერ. ხმის მიცემის დროს ამომრჩეველი ერთ კანდიდატიან ბიულეტენს შემოხაზვის გარეშე აგდებდა საარჩევნო ყუთში და ეს ამ კანდიდატისთვის ხმის მიცემად ითვლებოდა. ამასთანავე საბჭოთა ხელისუფლება არჩევნებს დიდ ყურადღებას უთმობდა, ტარდებოდა აქტიური წინასაარჩევნო კამპანიები და არჩევნების დღეც საზეიმო განწყობით გამოირჩეოდა. საარჩევნო აქტივობა 99% ან მეტი იყო და პარტიის მიერ შერჩეული კანდიდატებიც ხმების ამ პროცენტს იღებდნენ. საბჭოთა პრესაც ხაზგასმით აშუქებდა არჩევნებში მონაწილეობის მაღალ აქტივობასაც და კანდიდატების საყოველთაო მხარდაჭერასაც.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.