სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ, 25 დეკემბერს რუსულენოვან გვერდზე Хвиля გავრცელდა პუტინისა და ფიცოს ფოტო, რომელშიც ისინი ერთმანეთს კოცნიან. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: “პუტინი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს დაემშვიდობა“.
სოციალურ ქსელში გავრცელებული პუტინისა და ფიცოს ფოტო ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. ფიცო მართლაც იმყოფებოდა მოსკოვში პუტინთან შესახვედრად, თუმცა გავრცელებული კადრი ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი და მისი გენერირებისთვის გამოყენებულია წინა შეხვედრის – 2016 წლის ფოტო, სადაც ისინი ერთმანეთს ხელს ართმევენ.
რუსულენოვან გვერდზე პუტინისა და ფიცოს ფოტო გავრცელდა, თუმცა, სლოვაკურ გვერდზე ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ფიცო და პუტინი ერთმანეთს ხელს ართმევენ, შემდეგ კი ტუჩებში კოცნიან. რუსულ გვერდზე გავრცელებული კადრი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ვიდეოდან არის ამოჭრილი.
ფოტო, რომლის ბაზაზეც ხელოვნური ინტელექტით პუტინისა და რობერტ ფიცოს კოცნის კადრი შეიქმნა, სინამდვილეში 2016 წელსაა გადაღებული და კავშირი არ აქვს 1 კვირის წინ გამართულ შეხვედრასთან. რუსეთის და სლოვაკეთის ლიდერები ერთმანეთს 22 დეკემბერს შეხვდნენ და აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შეხვედრაზე მათ ფოტოზე მოცემულისგან განსხვავებული ტანისამოსი ეცვათ. ასევე, კარგად ჩანს ვლადიმირ პუტინის ჰალსტუხი, რომელიც შინდისფერია, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე კი მას მუქი ლურჯი ჰალსტუხი უკეთია.

2016 წელი
ფოტოზე შეიმჩნევა ხარვეზები, რომლებიც ადასტურებს, რომ ის ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. მაგალითად, ვლადიმირ პუტინის თითები ასიმეტრიულია – ეს ხარვეზი ხშირად გვხვდება ხოლმე AI გენერირებულ ფოტოებში.
“მითების დეტექტორმა” ფოტო Truemedia-ზეც გადაამოწმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და Deep Fake ტექნოლოგიის გამოყენებით გენერირებული ვიზუალის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. აღნიშნული ხელსაწყოც ადასტურებს, რომ პუტინის და ფიცოს კოცნის კადრი ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული.
ინტერნეტში ასევე გვხვდება ფიცოსა და პუტინის შეხვედრის ვიდეო მასალაც. ოფიციალურ წყაროებში კოცნის კადრი არსად ჩანს. შეხვედრის კადრები კრემლის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზეც გამოქვეყნდა.

გოგა გოგაშვილი
მითების დეტექტორი ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.