საქართველოში პროტესტის ფონზე კვლავ გააქტიურდა მითი ყარსის ხელშეკრულების შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

104
VIEWS

სირიაში მიმდინარე მოვლენების და შემდგომში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის გამო, ქართულ პროსახელისუფლებო და პრორუსული აქტორების მხრიდან ყარსის ხელშეკრულების შესახებ მანიპულაციები კვლავ დღის წესრიგში დადგა. ვინაიდან სირიელი ამბოხებულების ნაწილს თურქეთი ეხმარება, ვრცელდება მანიპულაციები, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და არეულობის ფონზე თურქეთი ტერიტორიებს საქართველოშიც მოითხოვს. 

2024 წლის 8 დეკემბერს, იმედის კვირის ეთერში, ლალი მოროშკინამ განაცხადა, რომ ყარსის ხელშეკრულების გამო ბათუმი მომენტალურად თურქეთის ხელში გადავა. მსგავსი ტიპის მტკიცება გაავრცელა 3 დეკემბერს სეზონი TV-ზე, ნიკოლოზ მჟავანაძის ეთერში სტუმარმა პაატა აბულაძემ და თქვა, რომ თურქეთს ყარსის ხელშეკრულების მიხედვით უფლება აქვს საქართველოში შემოვიდეს, ხოლო ბათუმში მიმდინარე აქციები ამის ფონზე პროვოკაციულია. კობა კუპრაშვილმა კი, რომელიც დეზინფორმაციის ხშირი გამავრცელებელი ფეისბუქ მომხმარებელია, 8 დეკემბერს საკუთარ Facebook გვერდზე ლაივში განაცხადა, რომ “მაიდანის” მოწყობის შემთხვევაში, თურქეთს საბაბი მიეცემა აჭარა და ახალციხე წაიღოს. თუმცა კუპრაშვილი ყარსის ხელშეკრულებას არ ახსენებს.

ლალი მოროშკინა: “თურქეთის მრავალსაუკონოვანი ოცნება, რომ ის ოსმალეთი აღდგეს. მოდით გავიხსენოთ, რომელ ტერიტორიაზე გადიოდა ოსმალეთი და შეკითხვები აღარ გვექნება. […] ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ყარსის ხელშეკრულება ხო. ყარსის ხელშეკრულების თანახმად, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, გურიის ნახევარი, მომენტალურად გადადის თურქულ დაქვემდებარებაში.”

პაატა აბულაძე: “რო წაეკიდნონ ერთმანეთს თურქეთი და რუსეთი და დავუშვათ, უბრალოდ გეუბნები, მაგალითად მომყავს და ყარსის ხელშეკრულებაზე ერთმა მხარემ თუ მეორე მხარემ იგნორირება გაუკეთოს, აჭარაში რომ აქციებს გვიწყობენ და სიგიჟეებს აკეთებენ, ცოტა პროვოკაციული ხო არ გგონია, ცოტა ის ხო არ არის. რავი იმ ყარსის ხელშეკრულებაში სხვა რამე წერია. თუ რამე დაემუქრა რუსულ სამყაროს, თურქეთი იტოვებს უფლებას შემოვიდეს.”

კობა ავთანდილის ძე კუპრაშვილი: “თუ მოხდა მაიდანი […] თურქეთს მიეცემა საბაბი, რომ შემოვიდეს და წაიღოს აჭარა, წაიღოს ახალციხე, როგორც ეს გაწერილი აქვთ თავიანთ პროგრამაში, დიდი თურქეთის აღდგენის და ოსმალური იმპერიის აღდგენის პროგრამაში.”

მტკიცება, თითქოს ყარსის ხელშეკრულება თურქეთს საფუძველს აძლევს, რომ საქართველოს ნაწილი ტერიტორიები დაიკავოს, რეალობას არ შეესაბამება. თურქეთი საქართველოს მის ამჟამინდელ საზღვრებში აღიარებს და თურქეთს თანამედროვე პერიოდში არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია აღნიშნულ ტერიტორიებზე. ყარსის ხელშეკრულების შესახებ ტყუილები წარსულშიც ვრცელდებოდა. 

ქართულ პრორუსულ მედიაში ყოველთვის იყო სპეკულაცია იმის შესახებ, რომ ყარსის ხელშეკრულება 100 წლიანია და ვადის გასვლის შემდეგ, თურქეთს საშუალება ექნება, ქართული ტერიტორიები მიიერთოს. აღნიშნული მითი 2021 წლის ოქტომბერში სრულიად გაქარწყლდა, რადგანაც ხელშეკრულების დადებიდან 100 წელი გავიდა, ხოლო თურქეთმა არაფერი მოიქმედა. ყარსის სამშვიდობო შეთანხმება რეალურად უვადოა და ის არანაირ საფუძველს არ უქმნის თურქეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიოს.

ყარსის სამშვიდობო ხელშეკრულება 1921 წლის 13 ოქტომბერს თურქეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის გაფორმდა, მათ შორის, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან. აღნიშნული შეთანხმება საზღვრებთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს მოიცავდა. ყარსის ხელშეკრულება მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტია, რომლის შედეგადაც თურქეთი აჭარას საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

ყარსის ხელშეკრულების მე-6 მუხლი საქართველოს ტერიტორიებს შეეხება. შეთანხმების მიხედვით:

  1. თურქეთი ცნობს საქართველოს სუზერენიტეტს ქალაქ ბათუმზე, ბათუმის პორტსა და მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე. 
  2. ბათუმის ოლქში ადგილობრივი მოსახლეობა ადგილობრივი ადმინისტრაციული ავტონომიით უნდა სარგებლობდეს, თითოეული თემის კულტურული და რელიგიური უფლებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს. მათ შესაძლებლობა აქვთ ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე ჩამოაყალიბონ ისეთი აგრარული სისტემა, რომელიც მათ სურვილს შეესაბამება. 
  3. თურქეთს ბათუმის პორტის გავლით საქონლის  საბაჟო გადასახადების გარეშე თავისუფალი ტრანზიტის უფლება უნდა შენარჩუნებოდა.

მე-4 მუხლში თურქეთი საკუთარ ჩრდილოეთის საზღვარს განსაზღვრავს. დოკუმენტის მიხედვით ჩრდილოეთ საზღვარი სოფელ სარფზე გადის, რაც სწორედ დღეს არსებული თურქეთ-საქართველოს საზღვრის იდენტურია. 

Screenshot 2024 12 11 134735 საქართველოში პროტესტის ფონზე კვლავ გააქტიურდა მითი ყარსის ხელშეკრულების შესახებ
საქართველო-თურქეთის საზღვარი ყარსის ხელშეკრულების მიხედვით. წითელ ფერად აღნიშნულია თურქეთის მიერ ხელშეკრულებით მიღებული ტერიტორიები.

მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში თურქეთს არასდროს გამოუთქვამს პრეტენზიები აჭარასა და ახალციხეზე. 1992 წლის 30 ივლისს საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც მხარეებმა კვლავ აღიარეს ყარსის ხელშეკრულებით დადგენილი საზღვარი.

ხელშეკრულების პრეამბულა: „მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით. მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის“.

“მითების დეტექტორი” ყარსის ხელშეკრულების გარშემო გავრცელებულ მანიპულაციებზე წარსულშიც წერდა. იხილეთ “მითების დეტექტორის” სხვა სტატიები ამ თემაზე:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist