საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში აქტიურად მუშაობს კრემლის მედიასაშუალება Sputnik-ossetia და Sputnik-abkhazia. ეს ვებგვერდები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი წყაროა. კრემლის პროპაგანდისტული მანქანა Sputnik-ების საშუალებით თავისი მიზნის მიღწევას ცდილობს. მიზანი კი შემდეგია – საქართველო წარმოჩენილი იყოს, როგორც აგრესორი მეზობელი ქვეყანა, რომელსაც დასავლეთი, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატები შესაძლო „სამხედრო აგრესიის“ განხორციელებაში ხელს უწყობს. საუბარია როგორც ფინანსურ, ასევე სამხედრო დახმარებაზე, ქართველი ჯარისკაცების გადამზადებაზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კი, წარმოჩენილია როგორც ბლოკი, რომელიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. სახელმწიფოებრიობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის.
ამ ფონზე რუსეთის შესახებ სტატიებში იწერება როგორც ერთადერთ მოკავშირესა და “მფარველზე” ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. თითქოსდა რუსეთია ერთადერთი გარანტი ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებისთვის, რომელიც მათ საქართველოს ღია აგრესიისგან იცავს.
ასევე შეინიშნება ტენდენცია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს მუდმივად უქმნიან შიშის განცდას, რომ ომის საშიშროების წინაშე დგანან, რომ საქართველო აპირებს მათზე თავდასხმა განახორციელოს, მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით მშვიდობის პოლიტიკას ემხრობა და დიალოგისთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმას იყენებს.
კრემლის მედიასაშუალება Sputnik-ossetia-სა და Sputnik-abkhazia-ს სტატიებში პრორუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის სერიოზული ტენდენცია შეინიშნება, ამიტომ ეს საკითხი კიდევ უფრო დეტალურ შესწავლას საჭიროებს და ვფიქრობ აქტუალურია. ტენდენცია მასალების სათაურებშიც შეინიშნება. მაგალითად:
რუსეთი დადებით კონტექსტშია:
„პუტინი მზადაა სამხრეთ ოსეთის დახმარება განაგრძოს,“
„სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა და პეტერბურგის გუბერნატორმა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს,“
„რუსეთმა სამხრეთ ოსეთის საზღვარზე დაძაბულობის შემცირების გეგმა წარადგინა,“
“ბატალიონები ცეცხლს ითხოვენ: რუსმა და აფხაზმა სამხედროებმა ინტერაქციული სწავლება ჩაატარეს,“
„დაინახეს და გაანადგურეს: რუსული რაკეტების სწავლება აფხაზეთში,“
„რუსი სამხედროები აფხაზეთში ყოველწლიურ სწავლებას გადიან.“
ანტიდასავლური მესიჯები:
„ნატო, როგორც საფრთხე: რაზე მიუთითა სამხრეთ ოსეთმა ჟენევაში შეხვედრის მონაწილეებს,“
„ევროკავშირის დამკვირვებლებმა სამხრეთ ოსეთის საზღვარი დაარღვიეს,“
„სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს საქართველოსთან საზღვრის კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს.“
საქართველო როგორც აგრესორი:
„ბიბილოვი: საქართველო რუსეთისთვის ოკუპანტის წოდებით ევროპას ფულს სძალავს,“
„საქართველომ სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე დაარღვია,“
„სამხრეთ ოსეთის KGB საქართველოს მიერ საზღვარზე დიდი პროვოკაციის მოწყობაზე იტყობინება“,
„ტრისტანი და ლუდმილა: როგორ ცხოვრობს ოჯახი, რომელიც იძულებით მოწყვიტეს ოსეთს“,
„ბიბილოვი: ჟენევის დისკუსიებიდან ახალს არაფერს ველით“,
„საქართველო განაგრძობს სიტუაციის გამწვავებას სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ახლოს,“
„ომზე უკეთესია: ჟენევის მოლაპარაკებები 11 წლისაა.“
ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროპაგანდისტული ტენდენციის მქონე სათაურებისა, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება რუსეთთან აფილირებული Sputnik-ossetia-სა და Sputnik-abkhazia-ს გვერდებზე.
“რბილი ძალის პარალელურად და მისი ზემოქმედების გასაძლიერებლად, ხისტი ძალის პოლიტიკა მიმართულია საქართველოს მოსახლეობაში შიშისა და დაძაბულობის განცდის შესანარჩუნებლად. ე.წ. „საზღვრის“ უკანონო გავლება, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივი სამხედრო წვრთნები მკვეთრი გზავნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ რუსეთი მზადაა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ხისტი ძალა. ასევე, სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობის ხელშეკრულებები სეპარატისტულ მთავრობებთან ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფას და ამ მიდგომით ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი ძლევამოსილება . შესაბამისად, რუსეთის მონაწილეობა სამხედრო მოქმედებებში (სირია, უკრაინა) პროპაგანდის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია,“- წერდა ჯერ კიდევ 2017 წელს გიორგი ლომთაძე სტატიაში“ რუსეთის რბილი და ხისტი ძალა საქართველოს წინააღმდეგ.“
საკითხი აქტუალობას დღესაც არ კარგავს. მედიამკვლევარი მანონი ბოკუჩავა ამბობს, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს თავის სამიზნე ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოახდინოს და ამისთვის ხშირად ცრუ ინფორმაციის ე.წ. ფეიკნიუსების გავრცელებასაც კი არ ერიდება, იყენებს მანიპულაციის მეთოდს და უფრო მეტიც, ამუშავებს „ტროლების ქარხანას“. ბოკუჩავა განმარტავს, რომ კრემლი საკითხს კომპლექსურად უდგება.
“რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია მიხვდა, თუ რამხელა ძალა აქვს საზოგადოებრივ აზრს. შესაბამისად ქვეყნები, სადაც სურს გავლენა ჰქონდეს მნიშვნელოვან პროცესებზე, შესწავლილი ჰყავს. იცის რა თემების მიმართ არის ჩვენი საზოგადოება მგრძნობიარე და შესაბამისად თავის მედიებს, ასევე სოციალური ქსელების “ტროლებს” ამ სენტიმენტებზე ამუშავებს. აყალბებს ფაქტებს, დამახინჯებული კონტექსტით ავრცელებს ინფორმაციებს ან საერთოდ იგონებს – ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებს, ანტიდასავლური პროპაგანდისთვის. უშუალოდ ჩემი კვლევის მიზანი იყო ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლოკალური რუსულენოვანი მედიის შესწავლა. ვაკვირდებოდი როგორ აშუქებდნენ საქართველოსთან, რუსეთთან, ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებით არსებულ თემებს. შემიძლია ვთქვა, რომ იქ მომუშავე მედიების დიდ ნაწილს აქვს ერთი გენერალური ხაზი, რომელსაც ცალსახად მიუყვებიან და ეს შორსაა ჟურნალისტიკისგან. ანტიდასავლური პროპაგანდის კუთხით, ჩვენმა ქვეყანამ არა ერთი რეკომენდაცია მიიღო, როგორც ადგილობრივი ორგანიზაციების ასევე საერთაშორისო საზოგადობისგან. ეს “ომია” და პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე აუცილებელია ხელისუფლებამ იმუშაოს ამ საკითხზე. არ არის საკმარისი სტრატეგიის შემუშავება და შემდეგ რეალობაში საკითხისადმი მეათეხარისხოვანი მიდგომის გამოვლენა,”- ამბობს თსუ-ს მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების დოქტორანტი მანონ ბოკუჩავა.
პროფესორი და კონფლიქტოლოგი ზაზა ცოტნიაშვილი ამბობს, რომ Sputnik-ი კრემლის პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი მძლავრი იარაღია და სერიოზული ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„რუსეთი ცდილობს თავისი გავლენები გაზარდოს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მთელ მსოფლიოში. სწორედ ამის გამო რამდენიმე ქვეყანაში კრემლთან დაკავშირებული მედიასაშუალება საერთოდ აიკრძალა. ვფიქრობ, ეს დასაფიქრებელი და საკმაოდ საშიში საკითხია იმ თვალსაზრისით, რომ რუსული ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების პოლარიზების საშიშროებაა. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს Sputnik-ი იქ საკმაოდ აქტიურია. აშუქებენ როგორც ადგილზე მიმდინარე პროცესებს, ისე მსოფლიოში არსებულ ვითარებას, იდება ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ცხადია ეს გაშუქება ობიექტურობასაა მოკლებული და ერთადერთი მიზანი აქვს – შენარჩუნდეს რუსული გავლენა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები ფაქტობრივად საინფორმაციო ვაკუუმში არიან,“- ამბობს ცოტნიაშვილი.
EUvsDisinfo-ს ინფორმაციით, Sputnik-ი რუსული პროექტია, რომლის მიზანი საერთაშორისო საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენაა. ამავე ცნობით, ეს მედიასაშუალება თავს წარმოაჩენს როგორც პლატფორმას, რომელიც მეინსტრიმულ მედიას უპირისპირდება და ახალი ამბების გაშუქებისას საზოგადოებას ალტერნატიულ შეხედულებებს სთავაზობს. “მთელ მსოფლიოში უამრავი ამბავია, მაგრამ მედიასაშუალებები ერთსა და იმავე ხუთ ამბავს აშუქებენ. მათ შექმნეს ვაკუუმი, რომელიც ჩვენ შევავსეთ. RT-მ და Sputnik-მა თავიანთი ნიშა მონახეს, მუშაობენ იმ ისტორიებზე, რომლებსაც დანარჩენი მედიასაშუალებები გვერდს უვლიან,“ – აღნიშნა Russia Today-ს მთავარი რედაქტორის მოადგილემ, არხის მარკეტინგისა და სტრატეგიული განვითარების დირექტორმა ანა ბელკინამ, რომელმაც მიმდინარე წელს თბილისში ფეიკ-ნიუსების თემაზე სემინარი ჩაატარა.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს სამი მნიშვნელოვანი ფაქტი:
თუმცა, უნდა გვახსოვდეს სამი მნიშვნელოვანი ფაქტი:
- Sputnik-ი არ არის დამოუკიდებელი მედიასაშუალება.
- Sputnik-ი არ არის მიუკერძოებელი მედიასაშუალება
- პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყალბ ინფორმაციას ავრცელებს
ვიდეო:
EUvsDisinfo-ს ინფორმაციით, Sputnik-ი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით შეიქმნა. ოფიციალური ვერსიით, პლატფორმის შექმნის მიზანი საზღვარგარეთ რამდენიმე ენაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმოჩენაა. თუმცა, ფაქტია, რომ ეს მედიასაშუალება კრემლისგან ფინანსდება. „მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის ეპოქა დასრულდა. ობიექტურობა არის მითი ”, – ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედიასააგენტო Россия Сегодня- ს გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კისილიოვმა განაცხადა.
2017 წელს ამერიკულ მედიაში Sputnik-ის ვაშინგტონის ბიუროს ყოფილი ჟურნალისტის აღიარება გავრცელდა. ენდრიუ ფეინბერგმა, რომელიც Sputnik-ში რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, დეტალურად აღწერა, თუ როგორ ყალბდება ახალი ამბები. „მაშინ ვიფიქრე არ იქნებოდა პრობლემა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიაში მემუშავა. ხომ არსებობს მაგალითად BBC, ამერიკის ხმა, სააგენტო France-Presse-ი, ალ ჯაზირა, რომელთაც სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა ისინი შესანიშნავად მუშაობენ,”, – წერდა ენდრიუ ფეინბერგი Politico-ში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში „My Life at a Russian Propaganda Network“. თუმცა, მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ის პროპაგანდისტული მედიისთვის მუშაობდა, რომლის მიზანი არა უბრალოდ რუსული ნარატივის გავრცელება, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების დისკრედიტაცია იყო.
EUvsDisinfo-ს ინფორმაციით, Sputnik-ის მენეჯმენტი კრემლისგან ყოველკვირეულ მითითებებს იღებს. ეს ინსტრუქციები მოიცავს სახელმძღვანელო პოლიტიკურ ნარატივებს, რა უნდა გაშუქდეს და როგორ. ევროკავშირის ინფორმაციით კი, კრემლი თავისი მედიასაშუალებებისთვის ყოვეწლიურად მილიარდ ევროზე მეტს ხარჯავს. აქედან მულტიმედია პლატფორმისთვის Sputnik, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და Россия Сегодня- ს შემადგენლობაშია, 106 მილიონი ევროა გამოყოფილი.
წყარო: Stop Fake
“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი სპეციალურად „მითების დეტექტორისთვის“
სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს