ვებ-გვერდი taonews.ge-ს რეგისტრაციის თარიღი 2021 წლის 21 თებერვალია, ხოლო მისი ფეისბუკ გვერდ Taonews-ის – 25 თებერვალი. ჩვენს შესახებ განყოფილებაში გვერდს მითითებული აქვს, რომ საინფორმაციო სააგენტო “ტაონიუსის” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მჟავანაძეა.
შპს ტაონიუსი საჯარო რეესტრში 2021 წლის 23 თებერვალს არის რეგისტრირებული. სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულია, რომ გამოცემის როგორც დირექტორი, ასევე 100%-იანი წილის მფლობელი ნიკოლოზ მჟავანაძეა. მჟავანაძის სახელზე საჯარო რეესტრში 2012 წლის 2 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებადამცველთა გაერთიანებაც” არის რეგისტრირებული.
ნიკოლოზ მჟავანაძეს ანტილიბერალური და ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკის ტვ ობიექტივში საავტორო გადაცემა “სამოქალაქო საზოგადოება” მიჰყავდა. იგი პერიოდულად ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას ავრცელებს, მჟავანაძე ასევე ხშირად აკეთებს თურქოფობიურ და ზოგადად ქსენოფობიურ განცხადებებს, ის ისტორიული ტრავმების გაღვივების პარალელურად, სხვადასხვა საფრთხეებიდან საქართველოს ხსნას რუსეთში ეძებს. ნიკოლოზ მჟავანაძე მედიის განვითარების ფონდის სიძულვილის ენის ანგარიშებში 2014 წლიდან ფიგურირებს. 2020 წელს ნიკოლოზ მჟავანაძე დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ითხოვდა და ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გარდა იმ ადამიანების დაპატიმრებას მოითხოვდა, ვინც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა. ის ასევე ჩართული იყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიაში. გარდა ამისა, მჟავანაძე დავითგარეჯის თემას მანიპულაციურად იყენებდა და აცხადებდა, თითქოს აზერბაიჯანს ქვემო ქართლის ოკუპაცია აქვს გეგმაში.