განახლების თარიღი: 01.08.2025
მედიაჰოლდინგი „სივრცეები“ პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის საინფორმაციო სააგენტოს (spnews.io), რადიო მაუწყებლობას, და სხვადასხვა თემატურ გადაცემებს აერთიანებს. ჰოლდინგის მედია პლატფორმები მთავარ გადაცემებსა და სტატიებში მმართველ პარტიის პოზიციების სისტემატური მხარდაჭერით გამოირჩევიან.
სხვადასხვა დროს spnews.io-ის პუბლიკაციების და გადაცემების ავტორები სახელისუფლებო ექსპერტები (ზაზა შათირიშვილი, ოთარ ჭულუხაძე), ასევე სახელისუფლებო ტელეარხ Postv-ისა (ნუკრი შოშიაშვილი) და იმედის წამყვანები (ვალერიან (ვაკა) გორგილაძე) იყვნენ.
სახელისუფლებო ექსპერტებთან ერთად წარსულში ვებ-გვერდზე ევგენი პრიმაკოვის რუსულ-ქართულ ცენტრთან დაკავშირებული მედია პროექტის “პოლიტიკანოს” ავტორის ანტიდასავლური შინაარსის გადაცემებიც გადიოდა. ISFED-ის კვლევის თანახმად კი, კრემლისტურ “ნიუს-ფრონტსა” და სივრცეებს შორის კოორდინაცია იკვეთებოდა. შინაარსობრივი თანხვედრის მაგალითები სფეისნიუსის, ნიუსფრანტისა და კიდევ ერთ კრემლისტურ გამოცემას – საქართველო და მსოფლიოს მასალებებს შორის, “მითების დეტექტორმაც” გამოავლინა.
გამოცემას სხვადასხვა დროს სახელმწიფო უწყებებიდან, საინფორმაციო მომსახურების მიზნით, საბიუჯეტო კონტრაქტები ჰქონდა გაფორმებული.
“შპს სივრცეების” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი 2021 წლიდან ხელისუფლებასთან დაკავშირებული ვალერიან გორგილაძეა. გორგილაძე 2012 წლის დეკემბრიდან იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ვალერიან (ვიკა) გორგილაძე წარსულში სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის” გადაცემის, „იმედის ფაქტორის”, წამყვანი იყო, ამ ეტაპზე კი მას „სივრცეების” რადიოს ეთერში გადაცემა “დიდი სივრცე” მიჰყავს. გორგილაძე „შპს მედია ჰოლდინგი სივრცეების“ 20%-საც ფლობს, რომლის 70%-ს – „შპს შერი”, ხოლო 10%-ს – ჟურნალისტი ეკა ვეფხვაძე ფლობენ.
სფეისნიუსის ვებგვერდი spnews.io 2019 წლის 9 ივლისს არის რეგისტრირებული. ვებსაიტს „ჩვენ შესახებ“ განყოფილება და გამოცემის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. სააგენტოს პირველ ფეისბუკგვერდს, რომელიც 2019 წლის ივლისში შეიქმნა, Spacesnews • სივრცეები ერქვა, მისი გაუქმების შემდეგ კი, 2021 წლის 16 დეკემბერს ახალი გვერდი – “Spnews • სააგენტო სივრცეები” შეიქმნა, რომელსაც 2025 წლის 29 ივლისის მონაცემებით 71000 მიმდევარი ჰყავს. რადიოს ფეისბუქ გვერდი კი 2023 წლის 2 ივნისიდან ფუნქციონირებს და მას 27000 მიმდევარი ჰყავს.














