“საქართველო და მსოფლიო” წლებია ანტიდასავლური გზავნილების გავრცელების მხრივ ონლაინ გამოცემებს შორის ლიდერობს. მის დამფუძნებელ ორგანიზაციას „ისტორიულ მემკვიდრეობას“ პირდაპირი კავშირები აქვს კრემლთან.
„ისტორიული მემკვიდრეობის“ საზოგადოებრივი საბჭოს წევრი ალექსანდრე ჭაჭია 2014 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობის განმტკიცებისა და თანამშრომლობის, სამეცნიერო და კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის საპატიო ორდენით დააჯილდოვა. დაჯიდლოვების ბრძანებაში ჭაჭია „საქართველო და მსოფლიოს“ გამომცემლად არის მოხსენიებული.


ჭაჭია კრემლისტური ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია, რომელიც დასავლური ღირებულებების მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან შეუთავსებლობის ნარატივს ავითარებს.
“საქართველო და მსოფლიო” წყაროდ ყველაზე ხშირად რუსულენოვან პროპაგანდისტულ პლატფორმებს ეყრდნობა. ყველაზე მეტად კი გამოცემის გვერდებზე სტრატეგიული კულტურის ფონდის (Fondsk.ru) მასალებს ვხვდებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, სტრატეგიული კულტურის ფონდი საგარეო დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობს და მჭიდრო კავშირშია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. 2021 წლის აპრილში აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა “სტრატეგიული კულტურის ფონდს” სანქციები დააკისრა. “საქართველო და მსოფლიო” ასევე ხშირად ეყრდნობა რუსეთის ხელისუფლების დაფუძნებულ РИА Новости-ს, პროპაგანდისტულ პლატფორმებს Взгляд-ი (vz.ru), Newsfront-ი, EADaily-ი, Russia Today, topwar.ru, Topcor.ru, tsargrad.tv, regnum.ru და სხვები. აღსანიშნავია, რომ Царьград ТВ-ი, რომელსაც იუვენალურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით “საქართველო და მსოფლიო” ადრეც ხშირად ეყრდნობოდა, რუსი ოლიგარქის კონსტანტინე მალოფეევის დაფუძნებულია. მალოფეევი რუსეთის იმპერიის აღდგენის იდეას უჭერს მხარს და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პროცესს აფინანსებდა, რის გამოც აშშ-მა და ევროკავშირმა იგი სანქცირებული პირების სიაში შეიყვანეს. 2015-2016 წლებში, ტელეარხის მთავარი რედაქტორის პოსტს “ევრაზიონისტული მოძრაობის” ლიდერი და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი იკავებდა.
გამოცემას ბიოლაბორატორიების, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციისა და იდენტობის თემებზე არაერთი დეზინფორმაცია გაუვრცელებია.
გამოცემა რუსული სააგენტოს Newsfront-ის ქსელთან არის დაკავშირებული. “ისტორიული მემკვიდრეობის” დამფუძნებელი ტარიელ გაგნიძე კი საქართველოში “რუსული სამყაროს” პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. ეს უკანასკნელი კრემლის პროპაგანდისტული გამოცემის “სპუტნიკის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებშიც მონაწილეობს.














