განახლების თარიღი: 02.09.2025
გულბაათ რცხილაძე საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” დირექტორია, რომელიც მან 2009 წელს გიორგი ვეკუასთან ერთად დააარსა. რცხილაძე ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა, ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას და ამის საპირისპიროდ, ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას და “ევრაზიულ კავშირში” გაწევრიანებას ემხრობა. გულბაათ რცხილაძის კრემლისტურ კავშირებზე მის მიერ 2022 წლის ივლისში რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკსა და ზაპორიეს ოლქებში ვიზიტიც მეტყველებს. რცხილაძის განმარტებით, ის საერთაშორისო ჟურნალისტების ჯგუფის წევრი იყო, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო “ენდო” და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების “მონახულების” საშუალება მისცა.
(ფოტოები გულბაათ რცხილაძის ფეისბუქ გვერდიდან)
ამასთანავე, რცხილაძე რამდენიმე კრემლისტურ ორგანიზაციასთან და მედიასაშუალებასთანაა დაკავშირებული. „ევრაზიის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი პარტნიორი რუსული ორგანიზაცია „ლევ გუმილევის ცენტრია“, რომელიც „ევრაზიული ცენტრის“ მიერ მოსკოვში 2011 წელს დაფუძნდა. ევრაზიულ ინსტიტუტთან, ასევე, “ევრაზიული არჩევანია” დაკავშირებული, რომლის დამფუძნებლები და გამგეობის წევრები არჩილ ჭყოიძე, მაია ხინჩაგაშვილი და ბორის მანჟუკოვი არიან. ევრაზიის ინსტიტუტის საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი “პოლიტფორუმი” საქართველოს წინა ხელისუფლებას რუსეთის წინააღდეგ ომის დაწყებაში პირდაპირ ადანაშაულებდა.
რცხილაძე საქართველოში 9 მაისს “უკვდავი პოლკის” მსვლელობების ორგანიზებაში იყო ჩართული. ნაციზმზე გამარჯვების თარიღს კრემლი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი პროპაგანდისტული დღის წესრიგისთვის იყენებს და “უკვდავი პოლკის” მსვლელობებს აორგანიზებს, რისი შემადგენელიც გიორგიევსკის ლენტების დარიგებაა.
რცხილაძე რუსეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს, მაგალითად 2024 წლის აპრილში ის თბილისში გამართულ “ტრადიციული ღირებულებების” კონფერენციას დაესწრო, რომელიც რუსეთის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (NIIRK) მიერ იყო ორგანიზებული.
2024 წლის მაისში, ევრაზიის ინსტიტუტმა თბილისში კონფერენცია “საქართველოს დაბრუნება რუსეთის იმპერიაში – ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული სიცრუის წინააღმდეგ” გამართა, სადაც მიღებულ რეზოლუციაში დასავლური გავლენის წინააღმდეგ გამოვიდნენ და საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ღია ურთიერთობების აღდგენა მოუწოდეს.
რცხილაძემ 2013 წელს “სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის” დააფუძნა გვანცა კოპლატაძესთან, გრიგორ რუხაძესთან და მერაბ ყიფიანთან ერთად.
რცხილაძე დასავლეთის შესახებ დეზინფორმაციულ მტკიცებებსაც ხშირად ავრცელებს.














