Georgian Idea

ქართული იდეა

განახლების თარიღი: 18.07.2025

“ქართული იდეა” ულტრამემარჯვენე კონსერვატიული იდეოლოგიის პარტიაა, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეწინააღმდეგება და მის ალტერნატივად კონსერვატიულ, ავტორიტარულ რეჟიმებთან (რუსეთი, ბელარუსი) ურთიერთობის გაღრმავებას განიხილავს. პარტია მის იდეოლოგიურ საფუძვლად ტრადიციონალიზმის, სუვერენიტეტისა და მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ღირებულებებს ასახელებს და დასავლეთს მორალურად გახრწნილ და კულტურულად დეგრადირებულ ძალად წარმოაჩენს.

„ქართული იდეა“ აცხადებს, რომ დასავლეთი, აგრესიული ლიბერალური იდეოლოგის საშუალებით, თავს ესხმის ეროვნულ იდენტობას, მართლმადიდებლურ ღირებულებებს და ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტს. მაგალითისთვის, პარტია აბორტს მკვლელობასთან აიგივებს, რაც მათი ინტერპრეტაციით დასავლური დღის წესრიგის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ტრადიციული საზოგადოებების დასუსტებასა და ქრისტიანული ფუძემდებლობის მოშლას ისახავს. ანალოგიურად, პარტია ე.წ. “ბავშვთა უფლებების კოდექსისა” და “იუვენალური მართლმსაჯულების” დემონიზებას ახდენს, მათ ევროკავშირის მიერ თავსმოხვეულ მექანიზმებად აღიქვამს და აცხადებს, რომ კანონმდებლობა „სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ბავშვთა მოტაცების“ მცდელობას წარმოადგენს. ლგბტქ+ უფლებები და გენდერული თანასწორობა პარტიისთვის გარე იდეოლოგიურ შემოჭრად აღიქმება, შესაბამისად “ქართული იდეა”ლგბტქ+ თემის მიმართ ჰომოფობიური განცხადებებითა და სიძულვილის ენის ტირაჟირებითაც გამორჩევა

წლების განმავლობაში, პარტიის ლიდერი, ლევან ჩაჩუა აქტიურად ავრცელებდა ანტიდასავლურ დეზინფორმაციას ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ. ის, ასევე, აქტიურად ებრძოდა თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ ღირსების მარშსაც. თავად ქართული იდეის ვებ-გვერდსა (აღარ არის ხელმისაწვდომი) და ფეისბუკ გვერდზე რეგულარულად ქვეყნდებოდა დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები “ბავშვთა უფლებების კოდექსის” და ე.წ “ოვერტონის ფანჯრის შესახებ,” რომელთა მიხედვითაც საზოგადოებაზე ამორალური ღირებულებების მოხვევა ხდება.  

ქართული იდეა 2014 წლის დეკემბერში დაარსდა. ახალი პოლიტიკური პარტია ქართული იდეის დაარსების შესახებ პარტიის თავმჯდომარე ლევან ჩაჩუამ „რია–ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პარტია მონაწილეობას იღებდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ცესკოსთვის წარდგენილ პარტიულ სიაში, ქართული იდეის პირველ ნომრად ლევან ჩაჩუა, ხოლო მეორე ნომრად ალექსანდრე ბრეგაძე იყო დასახელებული.

თავად ლევან ჩაჩუა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი იყო და 2010 წელს ტელეკომპანია “კავკასიაში” ექსტრემისტული ქმედებების გამო დააკავეს, როდესაც ის და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებთან ერთად პირდაპირ ეთერში სტუდიაში შეიჭრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2012 წელს ახლადარჩეულმა პარლამენტმა ლევან ჩაჩუა პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. 

ქართულმა იდეამ მონაწილეობა მიიღო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სახელით „ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი – ქართული იდეა“ და ხმების 0.43% მიიღო. 2024 წლის აპრილში, მას შემდეგ რაც საჯარო რეესტრმა „კონსერვატიულ მოძრაობას“, იგივე „ალტ-ინფოს“ რეგისტრაცია შეუჩერა, პარტიის ლიდერმა ზურა მახარაძემ განაცხადა, რომ მათ პარტია “ქართული იდეა”, რომლის ლიდერიც ლევან ჩაჩუაა, აჩუქეს. თუმცა, საჯარო რეესტრმა პარტია “ქართული იდეის” რეგისტრაციაც შეაჩერა და გადაწყვეტილება ანტიკორუფციული ბიუროს საჩივრით ახსნა, რომელიც პარტიის რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობას ეხებოდა.

დაკავშირებული პროფილები
მომზადებული სტატიები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist