Pravda Network

Pravda Network

განახლების თარიღი: 15.08.2025

Pravda-ს ქსელი (ასევე ცნობილი როგორც პორტალ კომბატი) რუსული დეზინფორმაციული პორტალების ქსელია, რომელიც 200-ზე მეტ ვებ გვერდს აერთიანებს და 60-ზე მეტ სახელმწიფოს ფარავს. მისი ძირითადი მიზანი საძიებო სისტემებისა და ხელოვნური ინტელექტის მოდელების გლობალურად კრემლისტური ნარატივებით გაჯერებაა

Pravda-ს ქსელში მოქმედებს ქართულენოვანი ვებ-გვერდი ge.news-pravda.com, რომელიც 2024 წლის 30 ივლისს შეიქმნა და მსოფლიო ამბებთან ერთად საქართველოს საკითხებსაც აშუქებს, რაც სხვადასხვა გამოცემის სტატიების გადმოკოპირებით და გავრცელებით გამოიხატება. Pravda-ს ქართულენოვანი ვებ-გვერდი წყაროდ ძირითადად კრემლთან დაკავშირებულ ქართულენოვან გამოცემებს sputnik-georgia.ru-ს და ნიუს ფრონტს იყენებს. საერთაშორისო ამბების გავრცელებისას წყარო სხვადასხვა პროპაგანდისტული ტელეგრამ არხი და რუსული გამოცემებია (Russia Today, Ria Novosti, Комсомольская правда და სხვა). ვებ-გვერდზე დღეში 100-ზე მეტი სტატია ქვეყნდება, თუმცა სტატიებში ბევრი გრამატიკული ხარვეზი და ქართული ენისთვის არაბუნებრივი ფორმები გვხვდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მასალების ქართულ ენაზე განთავსებისთვის სათარგმნი პროგრამა გამოიყენება. 

ISFED-ის კვლევის თანახმად, Pravda-ს ქართულენოვანი გამოცემა აქტიურად იყო ჩართული საქართველოში პროტესტის მონაწილეების და სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის კამპანიებში. მათ მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი სტატია ავრცელებდა ნარატივს, თითქოს სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ მართული იყო. ნიუს ფრონტზე დაყრდნობით Pravda ხშირად ავრცელებს ამერიკელი პროპაგანდისტი ჯეფრი საქსის განცხადებებს, რომლებიც ძირითადად ქართული ოცნების მხარდაჭერით ან დასავლეთის კრიტიკით გამოირჩევა. 

“მითების დეტექტორის” მიერ რუსულენოვან სოციალურ ქსელებში გამოვლენილი დეზინფორმაციები, რომლებიც მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს მიემართებოდა, პრავდას ქსელით სხვადასხვა ენაზე ვრცელდებოდა.

Pravda-ს ქსელი 2014 წელს შეიქმნა. უცხო ქვეყნის ციფრული ჩარევისგან დაცვის საფრანგეთის სამთავრობო უწყების VIGINUM-ის ინფორმაციით, ქსელში ახალი ვებ-გვერდების შექმნა უკავშირდება ყირიმში 2015 წელს დაფუძნებულ კომპანია TigerWeb-ს, რომლის დამფუძნებელი, ევგენი შევჩენკო, საინფორმაციო საიტებს სულ მცირე 2013 წლიდან ქმნის და ინარჩუნებს

ქსელში სხვადასხვა დომეინზე შექმნილ ვებ-გვერდებს ვხვდებით, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოს, ოკუპირებულ ტერიტორიებს (მათ შორის, აფხაზეთი და ე. წ.  სამხრეთ ოსეთი) ან კონკრეტულ პიროვნებას (დონალდ ტრამპი) ან ორგანიზაციას (ნატო, ევროკავშირი) უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ქსელში დამატებითი დომეინების შექმნა, რომლებიც ძირითადად ევროპის სახელმწიფოებთან იყო დაკავშირებული, აქტიურად 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებისთვის დაიწყო.  

DFRLab-ის კვლევის თანახმად, Pravda-ს ქსელის სტატიები ციტირებულია ვიკიპედიის გვერდებზე, სოციალურ ქსელ X-ის “ქომუნითი ნოუთებში” და იმ საუბრებში, რომლებიც ინდივიდუალურ მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებთან აქვთ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის 10 ჩატბოტიდან მესამედი იმეორებდა კრემლის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში ბიოლოგიურ იარაღს ქმნიდა.

Pravda-ს ქსელი საძიებო სისტემებში ძირითადად ისეთ მასალებს ააქტიურებს, რომლებიც კრემლთან დაკავშირებულ მედიებიდან და ტელეგრამ არხებიდან მომდინარეობს. ყველაზე მეტად წყაროები გამოყენებულია შემდეგი მედიებიდან: TASS.RU, RIA.RU, LENTA.RU, KP.RU და RUSSIAN.RT.COM

2025 წლის 8 აგვისტოს მონაცემებით, ქსელს ჯამურად ყველა დომეინზე 5 089 708 სტატია აქვს გამოქვეყნებული. სტატიები ძირითადად ინგლისურ ენაზე ქვეყნდება, თუმცა ქსელში ასევე არსებობს ფრანგულ, გერმანულ, ქართულ, კატალონიურ და სხვა ენებზე არსებული ვებ-გვერდები. ფინურ კომპანია Check First-ს და DFRLab-ს შექმნილი აქვთ სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც Pravda-ს მიერ გავრცელებულ სტატიებს ავტომატურ რეჟიმში ითვლის.

Pravda-ს ქსელის მსგავსი დიზაინი აქვს ასევე ქსელს ZOV, რომელიც ძირითადად უკრაინაზეა ფოკუსირებული და მისი დომეინები უკრაინულ ქალაქებს უკავშირდება, როგორებიცაა: კიევი, ოდესა, დნიპრო და სხვა. აღნიშნული ვებ-გვერდები რუსულ დომეინზეა შექმნილი და ისინი Pravda-ს ქსელის მსგავსად მოქმედებენ და მათი იდენტური დიზაინი აქვთ. მითების დეტექტორს ZOV-ის მიერ გავრცელებული სხვადასხვა დეზინფორმაცია აქვს გადამოწმებული, რომლებიც ძირითადად უკრაინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საწინააღმდეგოდ იყო გავრცელებული.

დაკავშირებული პროფილები
მომზადებული სტატიები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist