სოლიდარობა მშვიდობისთვის

პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

განახლების თარიღი: 07.07.2025

2021 წელს დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის”, 2023 წლის 15 დეკემბერს პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა. პარტია დეკლარირებულად ემხრობა საქართველოსა და რუსეთს შორის დაახლოებას და მისი საგარეო პოლიტიკური კურსი სამხედრო ნეიტრალიტეტის იდეას ემყარება. პოლიტიკური გაერთიანების პირველი პირველი თავმჯდომარე იყო მერაბ ჭიქაშვილი – “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი და “ობიექტივის” ყოფილი წამყვანი. 2024 წლის 15 ივნისიდან პარტიის ახალი თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი გახდა, რომელმაც 2024 წლის 4 აგვისტოს, “გეორგიევსკის ტრაქტატის” ხელმოწერის 241-ე წლისთავზე პარტიის მიმართვა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებისადმი “ახალი გეორგიევსკის” ტრაქტატის დადებაზე გაახმოვანა.

ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს რუსეთში მოქმედ ოფიციალურ და საზოგადოებრივ სტრუქტურებთან. რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესში „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ 2022 წლის ბოლოდან ინტენსიურ დიალოგს აწარმოებდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 2024 წლის 15 ივნისს  Sputnik-საქართველომ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო მდივანის, მამუკა ფიფიას რუსულენოვანი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის პუტინს სავიზო რეჟიმის გაუქმებას თხოვს. ფიფია ხშირად მონაწილეობს რუსეთის პოლიტიკური ჯგუფების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. მათ შორის, იმყოფებოდა 2025 წლის აპრილში მოსკოვში გამართულ ,,საერთაშორისო ანტიფაშისტურ ფორუმზე”; 2025 წლის 22 მარტს ფიფიამ მოსკოვში საერთაშორისო „სახალხო ერთიანობის კლუბის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენცაში მიიღო მონაწილეობა, 2024 წლის 22 ივლისს კი  რუსეთის მმართველი პარტიის მიერ შექმნილ “რუსეთის მეგობრების კლუბის” საერთაშორისო ღონისძიებასაც დაესწრო, რომელიც სერგეი ლავროვის მიმართვით გაიხსნა. 

პარტიის გენერალური მდივანია თემურ ფიფია — საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ყოფილი თავმჯდომარე. 2023 წელს, ბელორუსის კომუნისტური პარტიის მიერ ორგანიზებულ ანტიფაშისტურ კონფერენციაზე, იგი რუსეთის დუმის დეპუტატმა გენადი ზიუგანოვმა საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. პარტია ასევე ჩართულია სამომავლო ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების იდეის განვითარებაში — ინიციატივაში, რომლის დაფინანსებაც რუსეთის ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს.

2022 წლის იანვარში „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ მონაწილეობდა მოსკოვში „კომუნისტური პარტიების კავშირის“ (КПСС–КПРФ) ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობებს შეეხებოდა. შეხვედრაში რუსეთის დუმის დეპუტატები კაზბეკ ტაისაევი და არტემ ტუროვი მონაწილეობდნენ, ხოლო საქართველოდან – რამდენიმე კრემლისტური ორგანიზაცია, მათ შორის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, „კონსერვატიული მოძრაობა“, „ევროპელი სოციალისტები“ და სხვები. ამავე წელს, 14 დეკემბერს, პარტიამ  მოსკოვში, დსთ-ს საქმეთა, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტთან ერთად მოსკოვში ჩაატარა „ქართული-რუსული ფორუმის“ პირველი შეხვედრა, რომელმაც შემდეგ რეგულარული სახე მიიღო. ფორუმს რუსეთის მხრიდან დუმის დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი და მისი პირველი მოადგილე, კაზბეკ ტაისაევი წარმოადგენენ. ორივე მათგანი სხვადასხვა ქვეყნის სანქცირებულთა სიაშია (1,2) და არაერთხელ აქვთ დარღვეული  საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ (1,2). 

პარტიის პოლიტსაბჭოს მოქმედი წევრები თამარ კიკნაძე, მამუკა კარტოზია, ნატა არღვლიანი, გიორგი ირემაძე და გიორგი ჯაბიშვილი არიან. თამარ კიკნაძე წარსულში საპარლამენტო პარტიის “ევროპელი სოციალისტები” პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო. კიკნაძე ასევე დაკავშირებულია პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან, რომელიც 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა. პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი წევრი პატრიოტი TV-ის დამფუძნებელი და  “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” პრეზიდენტი გიორგი ირემაძეა. ირემაძე აქტიურად არის ჩართული ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კამპანიაში და თანამშრომლობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ “ზვეზდასთან”.

პარტიაში პოლიტიკურ თანამდებობას იკავებს თემურ მაისურაძეც, რომელიც ჯერ პოლიტსაბჭოს წევრი იყო, ხოლო შემდგომში აღმასრულებელი მდივანი გახდა.  მაისურაძე საქართველოს მერვე მოწვევის (2012-2016) პარლამენტის წევრი იყო საარჩევნო ბლოკიდან “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”.

პარტიის ლიდერებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან, რომელიც აშშ-ის სანქცირებულთა სიაშია. მისი შვილი, ანდრია ფარცხალაძე, პარტიის რეგისტრაციამდე ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. პარტიას ასევე უკავშირდება ანდრია ფარცხალაძის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსერვატორთა კავშირი”, რომელსაც არჩილ ბუბუტეიშვილი ხელმძღვანელობს. ბუბუტეიშვილი პარტიის დიპლომატიური და საგარეო საკითხების კომიტეტის წევრი იყო და 2022 წლის დეკემბერში რუსეთის დუმის წარმომადგენლებთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაში ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობდა

 

დაკავშირებული პროფილები
მომზადებული სტატიები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist