პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

სოლიდარობა მშვიდობისთვის

“სოლიდარობა მშვიდობისთვის” 2021 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა (415030558), რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან. თავდაპირველად, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” საზოგადოებრივ ორგანიზაციას წარმოადგენდა, თუმცა, 2023 წლის 15 დეკემბერს პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა. პოლიტიკური გაერთიანების პირველი თავჯდომარე მერაბ ჭიქაშვილი გახდა, რომელიც “სოლიდარობა მშვიდობისთვის” შექმნამდე, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი იყო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის სახელით კენჭს თბილისში, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატურაზე იყრიდა. ჭიქაშვილი, ასევე, “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული ტვ ობიექტივის წამყვანიც იყო.

“სოლიდარობა მშვიდობისთვის” აცხადებს, რომ პარტია რუსეთსა და საქართველოს შორის დაახლოების ხაზს ატარებს და მათი საგარეო პოლიტიკური ხედვის სტრატეგია სამხედრო ნეიტრალიტეტის იდეას ემყარება

2024 წლის 15 ივნისს გამართულ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ მიხეილ ჟღენტი აირჩიეს. 2024 წლის 4 აგვისტოს, “გეორგიევსკის ტრაქტატის” ხელმოწერის 241-ე წლისთავზე პარტიის მიმართვა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებისადმი “ახალი გეორგიევსკის” ტრაქტატის დადებაზე სწორედ მიხეილ ჟღენტმა გაახმოვანა.

პარტიის გენერალური მდივანი თემურ ფიფიაა, რომელიც მანამდე “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის” თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა და 2023 წლის 21-22 აპრილს ბელორუსის კომუნისტური პარტიის XIV კონგრესის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ანტიფაშისტურ კონფერენციაზე რუსეთის დუმის დეპუტატმა და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი ზიუგანოვმა სხვა კომუნისტური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, საიუბილეო მედლით დააჯილდოვა

პარტიაში პოლიტიკურ თანამდებობას იკავებს თემურ მაისურაძეც, რომელიც ჯერ პოლიტსაბჭოს წევრი იყო, ხოლო შემდგომში აღმასრულებელი მდივანი გახდა.  მაისურაძე საქართველოს მერვე მოწვევის (2012-2016) პარლამენტის წევრია საარჩევნო ბლოკიდან “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”.

პოლიტსაბჭოს მოქმედი წევრები თამარ კიკნაძე, მამუკა კარტოზია, ნატა არღვლიანი, გიორგი ირემაძე და გიორგი ჯაბიშვილი არიან. სანამ გაერთიანება “სოლიდარობა მშვიდობისთვის” შეუერთდებოდა, თამარ კიკნაძე საპარლამენტო პარტია “ევროპელი სოციალისტების” პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო. თამარ კიკნაძე ასევე დაკავშირებულია პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან, რომელიც 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა. 

პარტიის პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი წევრი პატრიოტი TV-ის დამფუძნებელი გიორგი ირემაძეა, რომელიც ფეისბუკ ჯგუფს საქართველო და რუსეთი/Грузия и Россия ფლობს, სადაც ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასოდ განათლების მიღების შესაძლებლობებს აცნობს. ამავე ჯგუფში ირემაძემ ჯგუფის წევრებს რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის აღდგენა მიულოცა.

პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი და საერთაშორისო მდივანი რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი მამუკა ფიფიაა. ის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” სხვა წევრებთან ერთად რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ მოსკოვიდან მომავალ პირველ რეისს ჩამოჰყვა.  2024 წლის 15 ივნისს კი Sputnik-საქართველომ მამუკა ფიფიას რუსულენოვანი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ფიფია პუტინს სავიზო რეჟიმის გაუქმებას თხოვს. ფიფია ხშირად მონაწილეობს რუსეთის პოლიტიკური ელიტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, სადაც პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წარმოადგენს. 2024 წლის 22 ივლისს ის რუსეთის მმართველი პარტიის მიერ შექმნილ “რუსეთის მეგობრების კლუბის” საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც სერგეი ლავროვის მიმართვით გაიხსნა.

“სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერებს ახლო ურთიერთობა აქვთ აშშ-ის მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან. ოთარ ფარცხალაძის შვილი, ანდრია ფარცხალაძე, პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებამდე, ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მერაბ ჭიქაშვილმა „თავისუფლების მონიტორს“ 2022 წლის 26 მარტს გამოქვეყნებულ ფილმში დაუდასტურა, რომ ანდრია ფარცხალაძე მათთან ჭიქაშვილის პირადი თხოვნით თანამშრომლობდა. 2022 წლის 27 მაისს ანდრია ფარცხალაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსერვატორთა კავშირი” დააფუძნა. ორგანიზაციის თავმჯდომარე არჩილ ბუბუტეიშვილია, რომელიც “სოლიდარობა მშვიდობისთვის” დაარსებისთანავე შეუერთდა და დიპლომატიური საკითხების და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო. ბუბუტეიშვილი 2022 წლის დეკემბერში რუსეთის დუმის წარმომადგენლებთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაში ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობდა

გაერთიანება “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ერთ-ერთ მთავარ აქტივობად რუსეთში სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გამართვა იქცა. ამაზე მეტყველებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდგომ “რია ნოვოსტის” სიუჟეტიც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართული დელეგაცია საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარეობით 2022 წლის ბოლოდან ინტენსიურ დიალოგს აწარმოებდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ. ევგენი პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის თანახმად, კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც პლატფორმას ეკუთვნის, ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნის იდეაა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დააფინანსებს

2022 წლის იანვარში ორგანიზაციამ „კომუნისტური პარტიების კავშირის“ (Союз коммунистических партий – КПСС – КПРФ)  ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდაში, თემაზე „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების პოზიტიური განვითარების შესაძლებლობები” მიიღო მონაწილოება. ღონისძიებაში რუსეთის მხრიდან დუმის დეპუტატები კაზბეკ ტაისაევი და არტემ ტუროვი მონაწილეობდნენ; საქართველოდან კი – “სოლიდარობა მშვიდობისთვის” გარდა, “კონსერვატიული მოძრაობის”, პარტია „ევროპელი სოციალისტების,” „ერი მედიას“ და „უფლებადამცველთა გაერთიანების“ წარმომადგენლები.

“სოლიდარობა მშვიდობისთვის” აქტიურადაა ჩართული რუსეთის დუმის დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაშიც.  2022 წლის 14 დეკემბერს, მოსკოვში, დსთ-ს საქმეთა, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტისა და საზოგადოებრივი მოძრაობა “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ორგანიზებით “ქართულ-რუსული ფორუმის” პირველი შეხვედრა გაიმართა, რამაც შემდგომში პერიოდული სახე მიიღო. “ქართული-რუსული ფორუმის” ფორმატში რუსულ მხარეს რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი და მისი პირველი მოადგილე, კაზბეკ ტაისაევი წარმოადგენენ. ორივე მათგანი სხვადასხვა ქვეყნის სანქცირებულთა სიაშია (1,2) და არაერთხელ აქვთ დარღვეული  საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ (1,2).

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist