განახლების თარიღი: 28.07.2025
მედია-კავშირი “ობიექტივი” კრემლისტურ პარტია პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ტელევიზიაა. თავდაპირველად დამფუძნებლებს შორის პარტიის ამჟამინდელი გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი იყო, რომელიც ტელეკომპანიის მმართველობაში 2014 წლიდან აღარ ფიგურირებს.
პატრიოტთა ალიანსის მსგავსად, არხი თურქოფობიის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ქსენოფობიური და ჰომოფობიური სარედაქციო პოლიტიკის გამო, “ობიექტივი” 2016 წელს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში მოხვდა, როცა კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, გადაეხედა იმ მედია საშუალებებთან (მათ შორის, ობიექტივთან) არსებული კონტრაქტებისთვის, ვინც რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენაში იყო შემჩნეული.
მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამფლობელი და სიძულვილის ენით გამორჩეული გადაცემის წამყვანი, ბონდო მძინარიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს, 2020 წელს თავისი 14,25%-იანი წილი ერთ-ერთ თანამფლობელს, ირაკლი ცილიკიშვილს გადაუფორმა.
არხი ანტიდასავლურ სარედაქციო პოლიტიკასაც ატარებს და პატრიოტთა ალიანსის მსგავსად საქართველოს ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს. ტელეკომპანიის ეთერში რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელებულა.“ობიექტივს” ფეისბუქ გვერდზე 2025 წლის 21 ივლისის მონაცემებით 101 000 გამომწერი ჰყავს. მედია ინსტაგრამ პლატფორმასაც იყენებს.














