განახლების თარიღი: 19.09.2025
კონსტანტინე მორგოშია ქართველი ულტრამემარჯვენე აქტივისტი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული კრემლისტურ და ანტიდასავლურ მოძრაობებთან საქართველოში. იგი არის მედია პლატფორმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, რომელიც ცნობილია სიძულვილის ენის, დეზინფორმაციის და ძალადობრივი მოწოდებების გავრცელებით.
მორგოშიას პოლიტიკური აქტივობა ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან თანამშრომლობით დაიწყო. იგი წარსულში კრემლისტური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. 2018 წელს, მორგოშია „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც ქსენოფობიური და ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა.
2019 წელს ორგანიზაცია “ალტერნატივა საქართველოსთვის” დაარეგისტრირა. “ალტერნატივა საქართველოსთვის” დამფუძნებელთა შორის მასთან ერთად “ალტ-ინფოს” წამყვანები შოთა მარტინენკო და რუსეთის მოქალაქე გიორგი ქარდავაა, ასევე მარტინენკოს საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრირებული ირაკლი ყიზილაშვილი. 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს, როდესაც თბილისი პრაიდის კონტრაქციის მონაწილეებმა 53 ჟურნალისტზე იძალადეს და პრაიდის ორგანიზატორებს ოფისებში უვარდებოდნენ, სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრას, პირადად მორგოშია ხელმძღვანელობდა.
2024 წლის სექტემბერში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მორგოშია და „ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე, სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა. სანქციები დაწესდა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზებისთვის 2021 და 2023 წლებში.
Ifact-ის თანახმად, კონსტანტინე მორგოშია რამდენიმე კომპანიის მეწილე, მენეჯერი და დამფუძნებელია (შპს “გრანდე გრუპ ჯორჯია,” ააიპ კავკასიონი, ა(ა)იპ “ალტერნატივა საქართველოსთვის,” შპს “კემ კონსტრაქშენი” და შპს “მაგნუს დიზაინი.” Ifact-თან თავად მორგოშია აღნიშნავს, რომ ის “ქეის მენეჯერია” და 5-6 კომპანიასთან თანამშრომლობს, სადაც მისი პარტნიორები დსთ-ს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები და მათთან დაკავშირებული უცხოელი პარტნიორები არიან. Ifact-ის გამოძიების მიხედვით, მორგოშიამ და მასთან დაკავშირებულმა პირმა მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად – 1 ლარად მიიღეს.














