ვალერი კვარაცხელია

ვალერი კვარაცხელია

განახლების თარიღი: 02.09.2025

ვალერი კვარაცხალია პოლიტიკოსი და ჟურნალისტია, რომელიც ანტიდასავლური და კრემლისტური განცხადებებით გამოირჩევა. ის რუსეთთან ახალი ტრაქტატის გაფორმებას ემხრობა და რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას საქართველოს შეცდომებს აბრალებს

კვარაცხელია ამჟამად კრემლისტურ პარტიასთან “სოლიდარობა მშვიდობისთვის” დაკავშირებული “სოლიდარობის სტუდიის” გადაცემის წამყვანია, თუმცა წარსულში მას ტვ “ობიექტივის” გადაცემაც მიჰყავდა. ამავდროულად მისი სტატიები და გადაცემების ბეჭდური ვერსიები კრემლთან დაკავშირებული ონლაინ და ბეჭდურ გამოცემაში „საქართველო და მსოფლიო“ ქვეყნდებოდა.  “მითების დეტექტორს” ვალერი კვარაცხელიას მიერ გავრცელებული მანიპულაციური, დეზინფორმაციული მტკიცებები და კონსპირაციის თეორია არაერთხელ გამოუვლენია. 

ვალერი კვარაცხელია რუსეთის ფედერაციაში არაერთხელ ჩასულა. 2022 წელს მან მოსკოვში გამართულ ფორუმში „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა, რომლის ორგანიზატორებიც რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტი და ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ იყვნენ. 

ფორუმში ვალერი კვარაცხელიასთან ერთად მონაწილეობდნენ „სოლიდარობა მშვიდობისთვის”, „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრისა” და „რუსულ-ქართული ბიზნესასოციაციის” წევრები, მათ შორის, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მერაბ ჭიქაშვილი, თემურ ფიფია, გიორგი ირემაძე, არჩილ სიხარულიძე და სხვები. აღნიშნულ ფორუმზე, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხი განიხილებოდა.

ვალერი კვარაცხელიას შვილმა, დავით კვარაცხელიამ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე 19 დღით ადრე კომპანია „Aero Handling Georgia-ს“ დაარეგისტრირა, რომელიც ავიაკომპანია „აზიმუტს“ მიწისზედა მომსახურებას უწევს. 

ვალერი კვარაცხელია სხვადასხვა დროს რამდენიმე ორგანიზაციისა თუ პარტიის დამფუძნებლებშიც ფიგურირებს. 2008 წლის 29 თებერვალს მან პარტია “ნეიტრალური საქართველო” დააფუძნა, რომელიც საქართველოს ალიანსებში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების განხილვაზე თანახმა იყო. 

2016 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე თემურ ფიფიასთან და ორგანიზაცია “სტალინელის” ხელმძღვანელ გრიგოლ (გრიშა) ონიანთან ერთად ვალერი კვარაცხელიამ “სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო” დააფუძნა. დამფუძნებელ ყრილობაზე განთავსებული იყო რუსულენოვანი ბანერი, რომელიც ევროკავშირის საპირწონედ ევრაზიული კავშირის მხარდაჭერას აფიქსირებდა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვალერი კვარაცხელიამ მონაწილეობა “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის” სახელით მიიღო, რადგან მის პარტიას (ნეიტრალური საქართველო) რეგისტრაცია დოკუმენტაციის არასრულყოფილების გამო გაუუქმდა. აღნიშნულის შესახებ კვარაცხელია აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო, რადგან მისი პარტია პრორუსული ორიენტაციის იყო.

2018 წელს, გრიგოლ ონიანთან ერთად, კვარაცხელიამ კიდევ ერთი ორგანიზაცია “საქართველო-დაღესტანის მეგობრობის ცენტრი” დააფუძნა, რომლის წესდების მიხედვითაც, ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია “მთლიანად რუსეთთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად რეალური საზოგადოებრივი საფუძვლების შექმნა”. 

დაკავშირებული პროფილები
მომზადებული სტატიები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist