“ტელეიმედი” მკვეთრად სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიაა, რომელიც სატელევიზიო ბაზრის რეიტინგებში ლიდერობს. “იმედის” სარედაქციო პოლიტიკა ბოლო წლებში ხელისუფლების პოლიტიკური გზავნილების მიხედვით იცვლებოდა. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” საგარეო ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ მკაფიოდ გაცხადდა, ტელეკომპანიის ეთერშიი როგორც ანტიდასავლურმა გზავნილებმა, ასევე დეზინფორმაციისა და მანიპულაციის შემთხვევებმა იმატა.
ტელეიმედი, ერთი მხრივ, ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელ კამპანიებშია ჩართული, ასევე მათ წინააღმდეგ დეზიფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის გავრცელებაში, რაც ხშირად კრემლისტური აქტორების რიტორიკასთანაა თანხვედრაში. პროდასავლური ელექტორატის განწყობებით მანიპულირების მიზნით, არხი ხშირად მანიპულირებს საერთაშორისო რეიტინგებით და ამკვიდრებს აზრს, რომ საქართველო რეიტინგებში ევროკავშირის და ნატოს არაერთ წევრ სახელმწიფოს უსწრებს. პარალელურად, ხელისუფლების მსგავსად, „იმედი“ დასავლური ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე გამოთქმულ კრიტიკას დაუმსახურებლად და უსამართლოდ წარმოაჩენს და ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტებს იმის გამო იყენებს, რომ ქვეყანამ უკრაინის პარალელურად მეორე ფრონტი არ გახსნა. ორმაგი სტანდარტების მაგალითად კი ევროკავშირის გადაწყვეტილება მოჰყავთ, რომლითაც თავდაპირველად საქართველოს კანიდატის სტატუსი არ მიენიჭა.
ევროსკეპტიციზმს და კონსტიტუტიციაში ევროინტეგრაციის ჩაწერის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელი, ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეც აყენებდა.
რუხაძე სააქციო საზოგადოება “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და “ჰანიველ პარტნერსის” დირექტორია. 2025 წელს ის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ გამოქვეყნებულ იმ პირთა სიაში მოხვდა, რომელთა დასანქცირებაც “MEGOBARI აქტის” დამტკიცების შემთხვევაში იგეგმება. სიაში რუხაძე “პროპაგანდისტების” კატეგორიაშია ფიგურირებს. ბრიტანელი ჟურნალისტის უილ ნილის საგამოძიებო სტატიას Byline Times-ში, სადაც ირაკლი რუხაძე რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან კავშირში ფიგურირებდა, თავად ჟურნალისტის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა, მაისში კი ჟურნალისტს, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა, ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს და საზღვრიდან ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს.
“იმედი” ბოლო წლებში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონთან, ასევე, ზოგადად, სარედაქციო პოლიტიკასთან წინააღმდეგობის მიზეზით არაერთმა ჟურნალისტმა დატოვა.
ტელეკომპანია “იმედი” 2001 წლის 24 დეკემბერს დაარსდა და მაუწყებლობა 2003 წლის 15 მარტიდან დაიწყო. არხი დააფუძნა ქართველმა მილიარდერმა ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც 90-იან წლებში რუსეთში სხვადასხვა კომპანიაში (“ლოგოვაზი”, “როსიისკიე ავტომობილნიე დილერი”), მათ შორის რუსეთის საზოგადოებრივ არხის – ОРТВ-სა და ТВ-6-ის ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა.
ტელეკომპანია “იმედის” სარედაქციო პოლიტიკა სხვადასხვა მფლობელის დროს იცვლებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანიაში სპეცრაზმი შეიჭრა და ტელევიზია ეთერიდან გათიშა. 2009 წლიდან კი ტელეკომპანიას მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები დაეუფლნენ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ, არხი პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, არხზე სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება ეტაპობრივად დაიწყო.
“ტელეიმედი” ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა, რომელიც 2016 წლიდან “მაესტროსა” და “GDS-სთან” ერთ ჰოლდინგში გაერთიანდა. ფეისბუქზე 3 გვერდს მართავს, ესენია – TV Imedi, რადიო იმედი და IMEDINEWS, ამასთან ტელეკომპანიას მთავარ ფეისბუქ გვერდზე (TV Imedi) 1.1 მილიონი გამომწერი ჰყავს. TV იმედსა და რადიოიმედს ინსტაგრამზეც ვხვდებით. გარდა ამისა, ტელევიზია ტიკტოკ პლატფორმასაც იყენებს.














