გიორგი ირემაძე ამჟამად პარტია პარტიის, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პოლიტსაბჭოს წევრია. პარტია საქართველოს საგარეო პოლიტიკის რევიზიას და რუსეთთან დაახლოებას უჭერს მხარს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” მონაცემთა ბაზის მიხედვით, ირემაძემ პარტიას თანხა ორჯერ შესწირა, 2024 წელს 1 496 ლარი, ხოლო 2025 წელს 2 000 ლარი.
ირემაძე ორგანიზაცია “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” ხელმძღვანელი და Patrioti TV-ის დამფუძნებელიც არის. რუსეთში მოქმედი ევრაზიულ ქსელთან ქართული ანალოგის კავშირზე 2021 წელს ირემაძის ევრაზიელ ხალხთა ასამბლეის ღონისძიებაში მონაწილეობაც მიუთითებს. თუმცა ორგანიზაციის საჯარო საქმიანობა ძირითადად ერთ პირთან, თავად გიორგი ირემაძესთან არის დაკავშირებული.
ის ანტიდასავლური, კრემლისტური ნარატივების გავრცელებით გამოირჩევა და ხშირად სტუმრობს რუსულ პროპაგანდისტულ არხებს – СОЛОВЬЕВ LIVE-ისა (1,2) და ТВ Звезда-ს (1,2). წარსულში მის სტატიებს ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკის “საქართველო და მსოფლიოც” აქვეყნებდა.
გიორგი ირემაძე აქტიურად იყო ჩართული ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში და ამ მიზნით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ “ზვეზდასთან” თანამშრომლობდა. მის მიერ დაარსებული Patrioti TV ერთ-ერთი იმ დოკუმენტური ფილმის ავტორი იყო, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მომზადდა. ირემაძე ჩნდება ჰესბოლასთან დაკავშირებული არხის, Al-Mayadeen-ის ფილმშიც, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაზე კრემლთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა, დილიანა გაიტანჯიევამ ამავე კამპანიაში ჩართულ ამერიკელ ჟურნალისტ ჯეფრი სილვერმანთან ერთად მოამზადა. ორივე დოკუმენტურ ფილმში ლუგარზე იდენტურ კონსპირაციებს ერთიდაიგივე რესპონდენტები, მათ შორის გიორგი ირემაძე, ავრცელებენ.
გიორგი ირემაძე აქტიურად ესწრება რუსეთში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას. 2022 წლის 3-10 ივლისს ირემაძე გორჩაკოვის ფონდისა და პრიმაკოვის ქართულ-რუსული ცენტრის მიერ ორგანიზებულ „ქართულ-რუსული დიალოგი 2022”-ში მონაწილეობდა. მასთან ერთად ფორუმზე დიმიტრი ლორთქიფანიძე, დავით ახვლედიანი, თემურ მაისურაძე, არჩილ სიხარულიძე და ვასილ კაპანაძე იმყოფებოდნენ. იმავე, 2022 წელს, ირემაძე “სოლიდარობა მშვიდობისთვის” და სხვა პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მოსკოვში მონაწილეობდა ფორუმში სახელწოდებით „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები”. ფორუმის ორგანიზატორები რუსეთის დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წარმომადგენლები იყვნენ, ხოლო განხილვის მთავარ თემას სავიზო რეჟიმის გაუქმება, პირდაპირი ფრენების აღდგენა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა.
გიორგი ირემაძე რამდენიმე ფეისბუქ ჯგუფის ადმინია, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ადვოკატირებს. ეს ჯგუფებია საქართველო და რუსეთი/Грузия и Россия და ქართულ-რუსული დიალოგი. ამ ჯგუფებში სიტემატურად ვრცელდება ინფორმაცია პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წევრების რუსეთში განხორციელებული აქტივობების და ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასოდ განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ.
2024 წელს, გიორგი ირემაძე ოკუპირებულ ლუგანსკშიც ჩავიდა. ვიზიტი კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამაც გააშუქა.














