განახლების თარიღი: 19.09.2025
იგორ გიორგაძე 1973-1995წწ. საბჭოთა უშიშროების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა და 1980-1981წწ. სსრკ სუკ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმ “კასკადის” საბრძოლო ოპერაციებში ავღანეთში მონაწილეობდა; 1993-1995წწ. იყო საქართველოს უშიშროების მინისტრი; 1995 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა; პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერაქტს მოწყობის ბრალდებით1995 წელს ინტერპოლის წითელი ცირკულარით იგორ გიორგაძეზე ძებნა გამოცხადდა. ინტერპოლმა გიორგაძის ძებნა 2016 წელს შეწყვიტა, რადგან მას რუსეთის მიერ ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.
გიორგაძემ ემიგრაციაში ყოფნისას პოლიტიკური პარტია “სამართლიანობა” და ანტიდასავლური მოძრაობა “ანტი-სოროსი” დაარსა. იგი 2000 და 2004 წლებში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ცდილობდა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა, რადგან ის ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობდა. 2006 წელს, მისი პარტიის 30-მდე წევრი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს.
იგორ გიორგაძე კრემლის პროპაგანდისტულ ანტიდასავლურ კამპანიებში აქტიურად არის ჩართული. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ინფორმაციული ოპერაცია, რომელშიც ის იყო ჩართული, ლუგარის ლაბორატორიას და საქართველოში ამერიკის დახმარებით განხორციელებულ ც ჰეპატიტის პროგრამას უკავშირდება. მის ბრალდებებს კი, თითქოს საქართველოში ამერიკელები ბიოლოგიურ იარაღს ცდიან, როგორც საგანგაშოს რუსეთის პრეზიდენტის პუტინი და რუსეთის ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირები გამოეხმაურნენ. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში BBC-სთან ინტერვიუში იგორ გიორგაძემ აღიარა, რომ მას ბრალდებების დამამტკიცებელი საბუთი არ ჰქონდა, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული შიშები წლებია საქართველოში საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მიზნით გამოიყენება. იგორ გიორგაძის განცხადებებს რუსეთის პროპაგანდისტული მედიები, ხშირად აშუქებენ (1, 2, 3) .














