არმენ გასპარიანი 2014 წლიდან რუსულ მედია საშუალება სპუტნიკში მუშაობს და ამავდროულად საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს (Russia Today) მმართველობის წევრია. პარალელურად ის რუსეთის სახელმწიფო დუმას ახალგაზრდული პარლამენტის საბჭოს წევრი და რადიომაუწყებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის რუსეთის ფედერაციის კავშირგაბმულობის სამინისტროს ჯილდოს მფლობელია. 2018 წლის დეკემბერში რუსეთის ოპოზიციამ გასპარიანი “პუტინის პროპაგანდისტების სიაში” შეიყვანა.
არმენ გასპარიანი სოციალურ ქსელებში პუბლიცისტად, პოლიტოლოგად და “რუსეთის სამხედრო ისტორიული საზოგადოების” ცენტრალური საბჭოს წევრად პოზიციონირებს.
გასპარიანის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 15 მარტს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და შვეიცარიამ გასპარიანი ინდივიდუალური სანქციების მეოთხე პაკეტში შეიყვანეს.
12 აპრილს უკრაინის უშიშროების სამსახურმა გასპარიანის წიგნზე “უკრაინის დენაციფიკაცია” საქმე აღძრა. 29 ივლისს კი უკრაინამ გასპარიანი ძებნილთა სიაში შეიყვანა.
მის ვებ-გვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ გასპარიანი 2015 წლიდან 5 წლის ვადით მოლდოვაში პერსონა ნონ გრატად იყო გამოცხადებული.