განახლების თარიღი: 14.07.2025
შოთა აფხაიძე ქართველი პრორუსი აქტივისტია, რომელიც ცნობილია ანტი-დასავლური და კრემლისტური განცხადებებით. წლების განმავლობაში იგი არაერთ კრემლისტურ ორგანიზაციასა თუ მედიასთან იყო აფილირებული.
შოთა აფხაიძე კრემლთან დაკავშირებულ არაერთ პროპაგანდისტურ გამოცემაში ფიგურირებს. იგი სხვადასხვა დროს ჩნდებოდა ისეთ გამოცემებში, როგორცებიცაა სპუტნიკი, საქართველო და მსოფლიო, EurasiaDaily, RiaNovosti და ნიუს ფრონტი. ამ უკანასკნელის ქართულენოვან ვერიას, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს, სავარაუდოდ, შოთა აფხაიძე რედაქტორობდა. ამის შესახებ News Front საქართველოს 2020 წლის 10 თებერვლის მასალიდან გახდა ცნობილი. აფხაიძე რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში 2017 წლის ივლისში ე.წ. “ქართული მარშის” ორგანიზებით გამართული ქსენოფობიური და ანტი-მიგრაციული მსვლელობის ორგანიზატორადაც პოზიციონირებდა.
2010 წლამდე აფხაიძე მალხაზ გულაშვილის მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსში” პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა. ამავდროულად, იგი 2010 წელს დაარსებული “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრი იყო და მასში შემავალ ახალგაზრდულ მოძრაობას “წინ” ხელმძღვანელობდა. 2010 წლის 7 მაისს აფხაიძე ტელეკომპანია “კავკასიაში” “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრისა და სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ქმედების გამო დააპატიმრეს. მას 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიენიჭა და სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
2013 წელს აფხაიძე მონაწილეობდა “კავკასიური თანამშრომლობის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც განაცხადა, რომ “სააკაშვილმა 2008 წელს ოსი ხალხის გენოციდი მოახდინა.” ხოლო 2015 წელს “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი” დააფუძნა.
2019 წელს შოთა აფხაიძე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში მყოფი ტელეკომპანია Zvezda-ს ეთერში ჟურნალისტის სტატუსითაც გამოჩნდა. გადაცემა “ღია ეთერი” (“Открытый эфир’”) აფხაიძის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეყრდნობაოდა, რომელშიც ის აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დროს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის თემის ირგვლივ კრემლის პროპაგანდის კონსპირაციებს იმეორებდა.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აფხაიძემ არაერთი ანტიუკრაინული განცხადება გააკეთა. კერძოდ, სხვადასხვა რუსულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუებში იგი უკრაინის მთავრობასა და პრეზიდენტს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და არსებული ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებდა.
2023 წლის 15 იანვარს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ შემოთავაზებული სანქციების სია დაამტკიცა, რომელშიც აფხაიძეც მოხვდა. სანქციები უკრაინაში შესვლის აკრძალვას, აქტივების გაყინვას და ფინანსურ ოპერაციებზე შეზღუდვებს ითვალისწინებს.














