განახლების თარიღი: 30. 07.2025
“კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო” კრემლისტური, ულტრამემარჯვენე პარტიაა, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსის რადიკალური ცვლილების, რუსეთთან სამხედრო მოკავშირეობისა და ლიბერალიზმის ქრისტიანულ-კონსერვატიული იდეოლოგიით ჩანაცვლების მომხრეა. პარტიას მჭიდრო კავშირები აქვს ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელ ალექსანდრ დუგინთან. პარტიის წარმომადგენლები წარსულში ეკლესიასთან ერთად ქვეყნის მართვის თეოკრატიულ მოდელზეც კი საუბრობდნენ.
“ალტ-ინფოს” ლიდერები რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით რუსეთის ფედერაციის როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორებთან თანამშრომლობენ:2022 წელს “ალტ-ინფოს” ლიდერებს რუსეთში ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში ვლადიმერ პუტინის ყოფილ მრჩეველს, სერგეი გლაზევს, შეხვედნენრა და “კომუნისტური პარტიების კავშირის” ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღეს მონაწილეობა მიიღეს მონაწილეობა, რომელიც „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების პოზიტიური განვითარების შესაძლებლობებს“ შეეხებოდა აღნიშნულ ღონისძიებაში რუსეთის მხარეს დუმის დეპუტატები კაზბეკ ტაისაევი და არტემ ტუროვი წარმოადგენდნენ.
საქართველოში რუსული რბილი ძალის გააქტიურებისკენ მიმართული მცდელობა ჩანს გიორგი ქარდავას მიერ რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილისადმი გაგზავნილ წერილშიც, რომელიც 2023 წელს საერთაშორისო საგამოძიებო საზოგადოებამ InforNapalm-მა გამოაქვეყნა. წერილში ქარდავა იმ ახალგაზრდებთან მუშაობაში დახმარებას ითხოვს, ვინც დასავლურ ყაიდაზე იზრდება. წერილის ავტორი, გიორგი ქარდავა წუხილს გამოხატავს, რომ ქართველი ახალგაზრდები ინგლისურ ენას ეუფლებიან, ხოლო რუსული არ დომინირებს.
“ალტ-ინფოს” ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ესტონეთის მიერ არიან სანქცირებული.
“ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები თავდაპირველად ამავე სახელწოდების მედიასაშუალებით გამოჩნდნენ. პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო” 2021 წლის ნოემბერში დააფუძნეს, რეესტრში კი 7 დეკემბერს დაარეგისტრირეს. 2022 წლის 28 ივნისის მონაცემებით, “კონსერვატიულ მოძრაობას” თბილისის გარდა, საქართველოს 60 დიდ და პატარა ქალაქსა და 2 სოფელში წარმომადგენლობა ჰყავდა, თუმცა მათი ოფისები მალევე დაიხურა.
“ალტ ინფოს” ლიდერებსა და მხარდამჭერებს მედიის წარმომადგენლებზე არაერთხელ უძალადიათ. 2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის ძალადობრივი დარბევის დროს 53 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექსტრემისტულ ქმედებებში და ძალადობის ორგანიზებაში კი “ალტ-ინფოს” დამფუძნებლები და წამყვანები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი, თუმცა ორგანიზატორთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დღის წესრიგში არ დამდგარა, რაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი გახდა.
“ალტ-ინფო” ღიად კრემლისტური და ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. არხის წამყვანები დეზინფორმაციულ მტკიცებებს ხშირად ავრცელებენ.
2024 წლის 8 აპრილს საჯარო რეესტრმა “კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ ინფოს” რეგისტრაცია გაუუქმა. აღნიშნულის გამო პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მეშვეობით იყარა კენჭი. “ალტ ინფო/პატრიოტთა ალიანსის” 2024 წლის წინასაარჩევნო დაპირებებს შორის გვხვდებოდა “კონსტიტუციიდან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულების ამოღება” და “რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება”.
აღსანიშნავია ისიც, რომ ე.წ. “გეი პროპაგანდის” კანონმდებლობით აკრძალვის თემა, რომელიც კონსერვატიულმა მოძრაობამ საკანონმდებლო ინიციატივად აქცია და პარლამენტში 2022 წელს დაარეგისტრირა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ პროპაგანდისტული მიზნით გამოიყენა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის სახით მიიღო.
“ალტ-ინფოს” “კონსერვატორების” ფეისბუქ გვერდს, 2025 წლის 21 ივლისის მონაცემებით, 41 000 გამომწერი ჰყავს. ოფიციალური ფეისბუქის გარდა, ალტ-ინფოსთან 20-ზე მეტი ანგარიშია დაკავშირებული. ფეისბუქთან ერთად ისინი არაერთ პლატფორმას იყენებენ, მათ შორის, ტიკ ტოკს, სადაც ოფიციალური ანგარიშის მიღმა მათთან დაკავშირებულ 10-მდე გვერდს ვხვდებით. “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები სასურველი გზავნილების გასავრცელებლად ტელეგრამ არხებსაც იყენებენ.
სურათზე: “კომუნისტური პარტიების კავშირის” მრგვალი მაგიდა „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების პოზიტიური განვითარების შესაძლებლობები“
სურათზე: ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის ვიზიტი მოსკოვში 2022 წლის ოქტომბერი















